Maestro - ბრედლი კუპერის წარმოუდგენელი გარდასახვა ლეონარდ ბერნშტეინად

არაფერია სამარცხვინო იმაში, თუკი ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს ჭაღარა თმით, სათვალეებითა და ხელში სიგარეტით შეხედვისთანავე ვერ ამოიცნობთ,  რადგან ეს ერთ-ერთი იმ წარმატებული გარდასახვის ნაწილია, რომელსაც კინოინდუსტრიაში წავაწყდებით ხოლმე. თქვენ წინაშეა მსახიობი ბრედლი კუპერი, რომელმაც საოცარი წარმატებით მოირგო კომპოზიტორ ლეონარდ ბერნშტეინის როლი.

ბიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით Maestro, Netflix-ის ახალი პროექტია, სტრიმინგ სერვისმა ფილმის კადრები რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და მან უკვე დამსახურებულად გამოიწვია მნახველთა აღფრთოვანება.

ბრედლი კუპერი ბროდვეის ლეგენდარული კომპოზიტორის როლის მორგების გარდა, Maestro-ს რეჟისორადაც მოგვევლინება. ბრედლისთან ერთად ბიოგრაფიულ ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ: მაია ჰოუკი, კერი მულიგანი და მეთ ბუმერი.

The Hollywood Reporter-ის ცნობით, ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს ლეონარდ ბერნშტეინის და ფელიცია კონ მონტეალეგრეს (კერი მულიგანი) რთულ სასიყვარულო ისტორიას, რომელიც 30 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ლეონარდმა და ფელიციამ ერთმანეთი 1946 წელს წვეულებაზე გაიცნეს, მათი ცხოვრება ორი ნიშნობით, 25-წლიანი ქორწინებით, სამი საერთო შვილითა და ლეონარდის სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაუთავებელი ჩხუბით დაკავშირდა.

Maestro-ს ფოტოებში ახალგაზრდა ლეონარდ ბერშტეინსაც ვხედავთ, რომელშიც ბრენდლი კუპერის ამოცნობა ბევრად მარტივია.

ნამდვილ ლეგენდას მუსიკალური თეატრის სამყაროში - ლეონარდ ბერნშტეინს ყველაზე დიდი აღიარება West Side Story-მ მოუტანა, რომელიც 1957 წლის ბროდვეის შოუსთვის დაიდგა, მიუზიკლის მიხედვით პირველი ეკრანიზაცია 1961 წელს გადაიღეს, მისი უკანასკნელი რიმეიქი კი სტივენ სპილბერგს ეკუთვნის. სპილბერგი Maestro-ს ერთ-ერთი პროდიუსერია, ისევე როგორც კინორეჟისორი მარტინ სკორსეზე. Variety-ის ცნობით, ფილმის წარმოება ამ თვეში დაიწყო.

ლეონარდ ბერნშტეინი 1990 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზევით