#სპორტი

გიორგი გაგუას დებიუტი ნაკრებში, ისტორიული გოლი და გზა ოქროს ბურთისკენ

გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი პერიოდი დგება – სექტემბერში ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული დებიუტის შემდეგ, გულშემატკივარი ამ შეხვედრებს განსაკუთრებული მოლოდინით ელოდება. სწორედ ამ ისტორიულ ფონზე ემზადება პირადი დებიუტისთვის 23 წლის თავდამსხმელი, რომელიც ვილი სანიოლმა ახლახან გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში. ეს ფეხბურთელი გიორგი გაგუა გახლავთ.

გიორგის საფეხბურთო გზა ოთხი წლის ასაკში დაიწყო. ნიჭმა და მიზანდასახულობამ მალევე მიიპყრო საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება, რის შემდეგაც თავადაც დარწმუნდა, რომ სწორედ ამ გზას უნდა გაჰყოლოდა. 2019 წელს მან კარიერა ესპანურ კლუბში „დეპორტივო ალავესი“ დაიწყო. ამჟამად კი ხორვატიულ გუნდში „NK Istra 1961“ ასპარეზობს.

დღეს გიორგი გაგუასთან ინტერვიუს გთავაზობთ – საუბარი შეეხება ეროვნულ ნაკრებში გამოძახების ემოციებს, მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოლოდინებსა და ხორვატიაში ცხოვრებას.

Giorgi Gagua, გიორგი გაგუა, ფეხბურთელი

რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახეს?

გიორგი: ძალიან ბანალურად გამომდის, მაგრამ ენით აღუწერელი იყო მართლაც, რადგან მთელი ბავშვობა, მას შემდეგ რაც ფეხბურთზე დავიწყე სიარული, ჩემი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო.

რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი თქვენს კარიერაში?

გიორგი: ორი წლის წინ, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე პორტუგალიას გავუტანე პირველი, ისტორიული გოლი საქართველოს სახელით. 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პერიოდში ამდენი ხალხის წინაშე პირველად მომიწია თამაში, თანაც ასეთი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ. ფეხბურთის კარიერაში ეს მოგონება არასდროს დამავიწყდება. მაშინ დაიწყო ჩემი გარდატეხა მაღალი დონის ფეხბურთელად.

Giorgi Gagua, გიორგი გაგუა, ფეხბურთელი

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ვინც პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერაზე ოცნებობს?

გიორგი: რა თქმა უნდა ძალიან ბევრი უნდა იშრომონ, შრომის გარეშე არ გამოვა!

როდესაც ევროპაში გინდა თამაში, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წახვიდე, უნდა იცოდე, რომ იქაურ ფეხბურთელებს ყოველთვის შენზე წინ დააყენებენ. ამიტომ ათი თავით უნდა აჯობო მათ.

პროფესიონალი ფეხბურთელისთვის რეჟიმსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როგორც უვლი შენს თავს, ზუსტად ისე გიბრუნდება უკან ყველაფერი, ფიზიკურად ძალიან მომზადებული უნდა შეხვდე ყველა მომენტს.

Giorgi Gagua, გიორგი გაგუა, ფეხბურთელი

საკუთარი თამაშის სტილს როგორ დაახასიათებდით?

გიორგი: რადგან ფორვარდის პოზიციაზე ვთამაშობ და ხშირად შავი სამუშაოს შესრულება მიწევს – პრესინგი, ბურთის შენარჩუნება, ზოგჯერ ფიზიკური ორთაბრძოლაც – ჩემს თამაშის სტილს მებრძოლის სტილად დავახასიათებდი.

როგორ ფიქრობთ, რა ძირითადი სირთულეები ხვდება ქართველ ფეხბურთელებს პროფესიონალური ფეხბურთის სამყაროში?

როგორც ვახსენე, ნებისმიერ ქვეყანაში ადგილობრივ მოთამაშეს ქართველზე წინ აყენებენ. ამას ისიც ემატება, რომ ბოლომდე მზად ვერ მიდიხარ ევროპაში – იქ სხვა სტანდარტებია. ძალიან რთულია, ქართულ საფეხბურთო გარემოში გაზრდილმა ევროპულ კლუბში ადაპტაცია მარტივად გაიარო. თუმცა დღეს საქართველოში აკადემიურ დონეზე ბევრი რამ იცვლება – ვხედავთ, რომ მრავალი ახალგაზრდა უკვე ტოპ გუნდებში თამაშობს. თანდათან იზრდება ინტერესიც ქართული ფეხბურთის მიმართ და დროთა განმავლობაში აკადემიებიც უფრო მეტად გაძლიერდება.

Giorgi Gagua, გიორგი გაგუა, ფეხბურთელი

არის რაიმე კონკრეტული ადგილი ხორვატიაში, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა და სადაც დასვენებას სხვებსაც ურჩევდით?

გიორგი: ძალიან ბევრი ადგილია ასეთი. ხორვატია ულამაზესი ქვეყანაა და მე სადაც ვცხოვრობ, ისტრიას რეგიონიც ძალიან ლამაზია. მანდ ერთი პატარა სოფელია ბალე, სადაც ბევრი სანაპიროა, ასევე არის როვინის სოფელი, რომელსაც პატარა იტალიას ეძახიან. ასე რომ, ბევრი ადგილია, სადაც ყველას შეუძლია საუკეთესოდ დაისვენოს.

რა არის თქვენი მთავარი მიზანი ახლა და რას გეგმავთ გრძელვადიან პერსპექტივაში?

ჩემი პირადი, გრძელვადიანი მიზანი ოქროს ბურთის მოგებაა. ახლო პერსპექტივაში კი სექტემბრის შეხვედრებია მნიშვნელოვანი – ეროვნულ ნაკრებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გვექნება და მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ.

ზევით