#მუსიკა

LOUDspeakers-ის კომენტარი The Killers-ზე : „უნდა იცოდე სად ჩადიხარ!“

გაზიარება:

გასულ ღამეს, Black Sea Arena-ზე, The Killers-ის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა ქართულმა ჯგუფმა LOUDspeakers-მა, რომელმაც ცნობილი ამერიკული როკ ბენდის სცენაზე გამოსვლამდე დაუკრა მსმენელისთვის.

„ქილერსის warm up-ზე დაკვრა საამაყო გვეგონა, მაგრამ რუსის დრამზე აყვანით და მცდელობით, რომ რუსები და ქართველები ჩაეხუტებინათ, ძალიან იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ. უნდა იცოდე სად ჩადიხარ! რუსეთი მტერი და ოკუპანტია!!!“ - ნათქვამია LOUDspeakers-ის განცხადებაში.

უშუალოდ LOUDspeakers-მა, ეგრეთ წოდებულ Warm Up-ზე, სცენიდან უკრაინას გამარჯვება და მშვიდობა უსურვა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპული მომავლის მნიშვნელობას.

15 აგვისტოს, ინციდენტს ადგილი ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე ჰქონდა, როდესაც The Killers-ის სოლისტმა ბრენდან ფლაუერსმა სცენაზე დარბაზიდან მსმენელი აიყვანა, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ბრენდან ფლაუერსმა დარბაზს ჰკითხა მისაღები იყო თუ არა, რომ სწორედ ამ ადამიანს დაეკრა ბენდთან ერთად შემდეგი ტრეკი, მსმენელის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, დრამერს უფლება მისცეს სიმღერა შეესრულებინა, რასაც მსმენელის შეძახილები მოჰყვა, მალევე კი აუდიტორიის ნაწილმა საკონცერტო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

The Killers-ის კონცერტი 70 მილიონიანი Starring Georgia-ს ორწლიანი კამპანიის ნაწილი გახლავთ, რომლის ფარგლებშიც საქართველოში კონცერტს ცნობილი შემსრულებლები გამართავენ. შეგახსენებთ, რომ კამპანიის ფარგლებში 31 აგვისტოს Imagine Dragons-ის, 1-ელ ოქტომბერს კი ბრუნო მარსის კონცერტებია დაგეგმილი.

ზევით