
ორი გენიალური ქართველი არტისტი, გიორგი გიგაშვილი და Nikakoi, პირველ ერთობლივ ნამუშევარს წარადგენენ. სიმღერის „ჩუმად გაგიყვან მინდორში“ ახალი ვერსია 18 სექტემბერს გამოვა. ჩანაწერს CES Records გამოსცემს.
სიმღერის მუსიკა რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კი ჯანსუღ ჩარკვიანია. ბოლო ორი წლის განმავლობაში გიორგი გიგაშვილი სიმღერას სხვადასხვა კონცერტზე ასრულებდა. სწორედ ამ ცოცხალი შესრულებების შემდეგ გაჩნდა ახალი ვერსიის შექმნის იდეა.
ჩანაწერი გიორგი გიგაშვილის ვოკალითა და Nikakoi-ს ელექტრონული არანჟირებით შეიქმნა. ეს მუსიკოსების პირველი ერთობლივი ნამუშევარია. საერთაშორისო აღიარების მქონე პიანისტი გიორგი გიგაშვილი კლასიკური მუსიკის პარალელურად ვოკალურ და ექსპერიმენტულ პროექტებზეც მუშაობს, ნიკა მაჩაიძე, იგივე Nikakoi, კი ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია.
18 სექტემბერს გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის კონცერტიც გაიმართება. მუსიკოსები Factory Tbilisi-ში პროექტს Georgian on My Mind წარადგენენ, რომლის პროგრამაც დასავლურ კლასიკურ მუსიკასა და ქართულ ფოლკლორს აერთიანებს. Georgian on My Mind უკვე შესრულდა ჰამბურგის ელბფილჰარმონიაში, ბონის ბეთჰოვენის ფესტივალზე, ვენის კონცერტჰაუსსა და ამსტერდამის კონცერტგებაუში. თბილისის კონცერტი Factory Tbilisi-ში 21:00 საათზე დაიწყება. იმედი ვიქონიოთ, გიორგი გიგაშვილისა და Nikakoi-ს ახალ ნამუშევარს იმავე საღამოს ცოცხლადაც მოვისმენთ.
ფოტო: Giorgigigashvili.com, Nikakoi