სექტემბრის მთავარი კინოპრემიერები

2026 წლის სექტემბერში ეკრანებზე რამდენიმე გამორჩეული ფილმი გამოდის. მათ შორისაა „Practical Magic-ის“ გაგრძელება, ზაკ კრეგერის ახალი „Resident Evil“ და რობერტ პატინსონის მონაწილეობით გადაღებული ფსიქოლოგიური თრილერი „Primetime“.

TheDiary-ის რედაქცია წარმოგიდგენთ სექტემბრის ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებს.

PRACTICAL MAGIC 2

სანდრა ბალოკი და ნიკოლ კიდმანი თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ დების, სალი და ჯილიან ოუენსების როლებს უბრუნდებიან. სიუზან ბიერის ფილმში კვლავ მონაწილეობენ დაიან უისტი და სტოკარდ ჩენინგი, მსახიობთა შემადგენლობას კი ჯოი კინგი, მეისი უილიამსი და ლი პეისი შეუერთდნენ.

1998 წლის ფილმმა „Practical Magic“ ერთგული მაყურებელი წლების განმავლობაში შეიძინა, ამიტომ მისი გაგრძელება 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე მოსალოდნელ პრემიერად იქცა. ფილმი კინოთეატრებში 11 სექტემბერს გამოვიდა.

THE UPRISING

პოლ გრინგრასის ისტორიულ დრამაში მთავარ როლს ენდრიუ გარფილდი ასრულებს. სიუჟეტი მე-14 საუკუნის ინგლისში ვითარდება და გლეხის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მეფე რიჩარდ II-ის წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებას სათავეში ჩაუდგება. ფილმი ძალაუფლებას, სოციალურ უთანასწორობასა და წინააღმდეგობის მნიშვნელობას ფართომასშტაბიანი ისტორიული მოვლენების ფონზე განიხილავს.

ფილმის „The Uprising“  მსოფლიო კინოპრემიერა 11 სექტემბერს შედგეა.

RESIDENT EVIL

„Barbarian-ისა“ და „Weapons-ის“ რეჟისორი ზაკ კრეგერი ვიდეოთამაშების ცნობილი სამყაროს ახალ ეკრანულ ვერსიას წარმოადგენს. მთავარ როლს ოსტინ აბრამსი ასრულებს.

ახალი „Resident Evil“ წინამორბედი ეკრანიზაციების გაგრძელება არ არის. ფილმი დამოუკიდებელ ისტორიას მოგვითხრობს. ზაკ კრეგერისთვის დამახასიათებელი დაძაბული თხრობა მას სექტემბრის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საშინელებათა ფილმად აქცევს.

„Resident Evil“ კინოთეატრებში 18 სექტემბერს გამოვა.

BAD APPLES

სირშა რონანი ბრიტანელ მასწავლებელს განასახიერებს, რომელსაც განსაკუთრებით რთულ მოსწავლესთან გამკლავება უწევს. როდესაც ბავშვი კლასიდან მოულოდნელად ქრება, მასწავლებლის პირადი და პროფესიული ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები მას მალე მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს.

ფილმი რასმუს ანდერსონის რომანის, „De Oönskade-ს“ ეკრანიზაციაა და ფსიქოლოგიურ დრამას შავ იუმორთან აერთიანებს. „Bad Apples“ კინოთეატრებში 18 სექტემბერს გამოვა.

PRIMETIME

რობერტ პატინსონი მთავარ როლს ასრულებს ფსიქოლოგიურ კრიმინალურ თრილერში, რომლის სიუჟეტიც გადაცემის „To Catch a Predator“ გარშემო განვითარებული მოვლენებითაა შთაგონებული.

ფილმის მოქმედება 2006 წელს ვითარდება. სატელევიზიო წამყვანი მაღალი რეიტინგისა და გავლენის მოსაპოვებლად სადავო გამოძიებას იწყებს, რომელიც მედიას, ძალაუფლებასა და პირად პასუხისმგებლობას შორის საზღვრებს თანდათან შლის. ლენს ოპენჰაიმის სარეჟისორო ნამუშევარში ასევე მონაწილეობენ მერიტ უევერი, სკაილერ ჯისონდო და ფიბი ბრიჯერსი. ვენეციის კინოფესტივალზე გამართული პრემიერის შემდეგ „Primetime“ კინოთეატრებში 25 სექტემბერს გამოვა.

HEART OF THE BEAST

დევიდ ეიერის ახალ თრილერში ბრედ პიტი აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების ყოფილ ჯარისკაცს განასახიერებს. ის თავის ყოფილ საბრძოლო ძაღლთან ერთად მგზავრობს, როდესაც მათი თვითმფრინავი ალასკის ველურ ბუნებაში ჩამოვარდება. გადარჩენისთვის ბრძოლაში კაცი და ძაღლი ერთმანეთის გამოცდილებასა და ინსტინქტებს უნდა დაეყრდნონ. ამავე დროს, მათ არა მხოლოდ მკაცრ ბუნებრივ პირობებთან, არამედ კვალში ჩამდგარ საფრთხესთანაც უწევთ გამკლავება.

„Heart of the Beast“ კინოთეატრებში 25 სექტემბერს გამოვა.

MAYDAY

„Mayday“ ცივი ომის პერიოდში ვითარდება. რაიან რეინოლდსი ამერიკელ მფრინავს განასახიერებს, რომლის თვითმფრინავიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩამოვარდება. მის გადარჩენას კა-გე-ბეს ყოფილი აგენტი ცდილობს, რომლის როლსაც კენეთ ბრანა ასრულებს. ჯონათან გოლდსტაინისა და ჯონ ფრენსის დეილის ფილმი მძაფრსიუჟეტიან თავგადასავალს კომედიურ ელემენტებთან აერთიანებს.

„Mayday“ 4 სექტემბერს გამოვიდა და მისი ნახვა Apple TV-ზე შეგიძლიათ.

ზევით