#მხატვრობა

ლია ბაგრატიონის სოლო გამოფენა „ვარდნის საშიშროება“ გალერეა „არტარეაში“

გაზიარება:

გალერეა „არტარეა“ თანამედროვე ქართველი ხელოვანის, ლია ბაგრატიონის სოლო გამოფენა „ვარდნის საშიშროებას თამთა შავგულიძის კურატორობით მასპინძლობს. გამოფენა, რომლის მთავარი ესთეტიკური ნიშანი მისი მონოქრომულობა, ვიზუალურად მყარი მოცულობრივი ფორმების სირბილე და ტაქტილურ შეგრძნებათა დუალურობაა, შეგიძლიათ „არტარეაში“ 10 დეკემბრის ჩათვლით იხილოთ. თითოეული ნამუშევარი გალერეაშივეა შექმნილი. 

პროექტი მოიცავს გამოფენას, სადისკუსიო პლატფორმას, არტისტისა და კურატორის, ასევე ხელოვნების მკვლევართა დიალოგების სერიას.

გამოფენის ფარგლებში რბილი ქანდაკების მედიუმით გამოკვლეული იქნება სხეულისთვის ადგილის მიცემისა და სხეულის მიერ მისი დაუფლების შეუძლებლობა, ადგილის ქონის დაკარგულ ადგილად ტრანსფორმირების საკითხი. გამოფენაზე ადგილი რბილი ქანდაკებით ვიზუალურად მონიშნულია, მისი რეალური ბუნება კი არამდგრადი და მყიფეა.

ლია ბაგრატიონი თანამედროვე სახელოვნებო სივრცეების ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი, მხატვარი და კერამიკოსია, რომელიც შემოქმედებით ასპარეზზე 2000 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ, მთავარი სამუშაო მედიუმით - თიხით, მნახველთა აღფრთოვანებას აგრძელებს. მხატვარი, რომელმაც არტისტად ქცევის სრულყოფილი მეტამორფოზა შემოგვთავაზა, უსასრულო ექსპერიმენტების უწყვეტ პროცესს წარმოგვიდგენს, რომლის თანამონაწილედაც ჩვენ გვაქცევს.

გამხსნელი ფოტო: დათო ქორიძე

ზევით