ვიზეიმოთ ქალების მნიშვნელოვანი მიღწევები, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ გენდერულად თანასწორი, სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამყაროსკენ, რომელიც მრავალფეროვანი, სამართლიანი და ინკლუზიურია. ეს არის დღევანდელი დღის მნიშვნელოვანი გზავნილი და ამიტომაც აღვნიშნავთ ყოველ 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს. The Diary ამჯერად იმ ქალების ინსპირაციით შექმნილ ქუჩის მხატვრობას წარმოგიდგენთ, რომლებმაც დღევანდელი რეალობა შექმნეს.
მარო მაყაშვილი - უკრაინელი არტისტის, საშა კორბანისა და ქართველი მხატვრის, ნანინა ანდღულაძის შემოქმედება
სამგორის რაიონს ქართველი და უკრაინელი მხატვრების მიერ შექმნილი მარო მაყაშვილის მელნისფერი პორტრეტი ამშვენებს. მარო სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, გასაბჭოების 1921 წელს შეეწირა. იგი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალია, თანაც ყველაზე ახალგაზრდა, რომელიც ეროვნული გმირის წოდებას ატარებს.
მაროს თავისი პირადი დღიურიდან ვიცნობთ. ამ დღიურით ვიგებთ მაროს მსოფლმხედველობას და გვაოცებს, თუ როგორ იკავებს თინეიჯერის გონებაში თანაბარ ადგილს სამშობლოზე ზრუნვა, თავდადება და პირადი პრობლემები.
ნონა გაფრინდაშვილი - დავით სამხარაძის მურალი
საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე თუ ჩავივლით, ნონა გაფრინდაშვილის პორტრეტს შემოვხვდებით. ყველასთვის ცნობილი ქართველი ქალი, ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია და მისით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წლებია თავს იწონებს.
ნონა სწორედ ის ქალია, რომელმაც სტერეოტიპების რღვევით დისკრიმინაციულად, კაცებით დომინირებულ სფეროში თავი ღირსეულად დაიმკვიდრა. ნონა ინსპირაციაა ყველა ქალისთვის. ის გვიბიძგებს, გავარღვიოთ ყველა ის საზღვარი, რომელიც მიზნების მიღწევაში ხელს გვიშლის.
ოლეჩკა - ნინა ხურცილავა
თბილისში ორი უკრაინელი ქალის მურალი გამოჩნდა. ნინა ხურცილავამ უკრაინელ ბებიას ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული პორტრეტი მიუძღვნა. ოლეჩკა 12 წლის ასაკში გადაურჩა ჰოლოდომორს, ახალგაზრდობაში გამოიარა მეორე მსოფლიო ომის ტერორი და ახლა გვევლინება იმ ქალად, რომელსაც ცხოვრების გზაზე უდიდესი ტკივილი თუ უსამართლობა შემოხვდა.
მხატვარმა ძლიერი ქალი ოქროს მზით, ახალი სიცოცხლის სიმბოლოთი ხელში გამოსახა, წითელი თმა და თეთრი კაბა საქართველოს, ხოლო ოქროსფერი გვირგვინი და ლურჯი ცა უკრაინას გამოხატავს. ვაკეში კი რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მხატვარმა, საშა კორბანმა, უკრაინელი გოგონა დახატა, ნაციონალური სამოსითა და ყვავილებით ხელში. ეს ორივე მურალი გამოძახილია ისევ და ისევ ქალის სიძლიერისა და შეუპოვრობის, ამასთანავე ომის სისასტიკესაც უსვამს ხაზს.
ბარბარე ჯორჯაძე - შოთა საგანელიძე
თბილისის ქუჩებს ბარბარე ჯორჯაძის პორტრეტიც ამშვენებს. ბარბარე მე-19 საუკუნის ქალთა უფლებების აქტივისტი, მწერალი და ქართული ფემინიზმის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. ბარბარე ჯორჯაძის სახე ქართული ანბანის ელემენტებითაა გაფორმებული. ბარბარეს საჯარო წერილი, “ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ” თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქართული ფემინიზმის მანიფესტად.
თინა ჩერტოვას ფემინისტური მხატვრობა
თინა ჩერტოვა გამორჩეული ფემინისტი მხატვარია. მან ბათუმში ქალთა გაძლიერებისადმი მიძღვნილი ნამუშევარი შექმნა, ინსპირაცია კი ადგილობრივი აქტივისტის, ჰურიე აბაშიძისგან მიიღო. ჰურიე აქტიურად იბრძოდა ქალთა და უმცირესობების უფლებებისთვის.
თინა ჩერტოვას ეკუთვნის თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის კედელზე თამარ მეფის გამოსახულებაც. თამარი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყო და ღირსეულად უძღვებოდა ქვეყანას. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვერდია საქართველოს ფემინიზმის ისტორიაში.
აქვე უნდა ვახსენოთ დავით მაჭავარიანის ქუჩის მხატვრობა, რომელზეც შოთა რუსთველის პერსონაჟები, თინათინი და როსტევანია, გამოსახული. ეს ნამუშევარიც პირდაპირ ეხმიანება გენდერული თანასწორობის თემას.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის, BIAFF-ის ჟიურიმ კონკურსის საუკეთესო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საუკეთესო მსახიობები და სხვა ნომინაციების გამარჯვებული ხელოვანები გამოავლინა.
წელს, პარიზულ კვირეულს 50 წლის იუბილე აქვს და ისეთ ფორმაშია, როგორც არასდროს. პოდიუმი ცნობილ მოდის სახლებს დაეთმო და ვიხილეთ 40-მდე ახალი დიზაინერის ნამუშევრები, მათ შორის ქართველი ირაკლი რუსაძეც იყო, რომლის ბრენდის, Situationist-ის პრეზენტაცია შედგა.
იტალიის დედაქალაქში ლეგენდარული მოდის სახლების: ვერსაჩეს, პრადას, ფენდის, მოსკინოს ჩვენებები გაიმართა. ჩვენთან ერთად გადაავლეთ თვალი კვირეულის საუკეთესო მომენტებს.