კულტურა ბრუნდება!

Covid-19 პანდემიამ ბევრი რამის მიმართ გაგვიჩინა წყურვილი, მათ შორის მოგზაურობის, სოციალიზაციის, ჩახუტების და ყველაზე მთავარი - კულტურული ღონისძიებების. ეტაპობრივად, მაგრამ მაინც დედამიწა და მათ შორის საქართველო ფეხზე დგება და იხსნება კაფე-რესტორნები, კინოები, თეატრები და პირველი რაც გინდება არის ის რომ, საყვარელი თეატრის სალაროში გაიქცე და ბილეთები შეიძინო სპექტაკლზე, რომელიც 100-ჯერ გაქვს აქამდეც ნანახი. 

The Diary შეეცდება თქვენთვის არამხოლოდ ცხოვრების სტილის, არამედ კულტურული ღონისძიებების გზამკვლევად იქცეს და გაგაცნოთ უიქენდის მთავარი მოვლენები. 

თეატრი

მთელი სამყარო თეატრია, უთქვამს მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენელს, თუმცა სულ სხვა „სპორტია", როდესაც თეატრს თეატრის დარბაზიდან, როგორც მაყურებელი უყურებ. როდესაც გესმის გვერდით მჯდომის ოხვრა ან ღრმა სუნთქვა, ვინაიდან გულთან ახლოს მიაქვს გმირის გასაჭირი, გესმის რეჟისორის გულისცემა, რომელიც კულისებს მიღმა დგას და მეათასეჯერ ღელავს ყველა წვრილმანზე. 

შაბათ-კვირას გაბრიაძის თეატრი, რომელიც თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს, „რამონას“ გვთავაზობს – ორი ორთქმავლის სიყვარულის ისტორიას. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდგომ, რკინიგზის სადგურ „რიონში” ვითარდება. 

თავისუფალ თეატრში მე-20 საუკუნის 80 იანი წლები დაგხვდებათ, სადაც „კგბ”-ს აგენტი დავალებას იღებს მოსასმენი აპარატურა ცნობილი მწერლის სახლში დააყენოს და თვალთვალი აწარმოოს შემდგომში მისი შანტაჟის მიზნით. 

ქალ-ვაჟი ჯვარს იწერს. მალე ბედნიერ ოჯახს შვილი შეეძინება, ბავშვს ნათლავენ. ამ დროს საქართველოს მტერი შემოესევა. ხალხი განსაცდელშია. დედა ღმერთს შესთხოვს უშველოს მის პირმშოს, მაგრამ ამაოდ.  განადგურებული ქართველი კაცის ცხოვრებას ისევ დედის „იავნანა“ და ვაზის უკვდავება უბრუნებს სიცოცხლეს - ეს შალიკაშვილის თეატრის დადგმის „კიდევაც დაიზრდებიან" სიუჟეტია - პანტომიმით გადმოცემული ქართველი ხალხის ტრაგიკული ცხოვრება. 

სპექტაკლი „ჰამლეტი/მანქანა“ მაყურებელს სთავაზობს მოულოდნელი, ორიგინალური კუთხით დანახულ, საუკუნეების წინ წამოწეულ „ჰამლეტის პრობლემას“. თანამედროვე ადამიანისთვის ისევე რთულია ადათ-წესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების განხორციელება, როგორც 1600 წელს შექსპირის პერსონაჟისათვის. 85 წუთიან სპექტაკლს, ზურაბ გეწაძის რეჟისურით, თუმანიშვილის თეატრი გვთავაზობს.

ოპერა

ოპერის სახლი თბილისში, საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრია უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე. 

22-23 მაისს შეგიძლიათ ოპერისა და ბალეტის თეატრს ესტუმროთ, სადაც იგორ სტრავინსკის „ფასკუნჯი“ გაიმართება. XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე გავლენიანი კომპოზიტორის კარიერა სტილისტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მან საერთაშორისო აღიარება სამი ბალეტით მოიპოვა და მათ შორის არის „ფასკუნჯი“ (L'Oiseau de feu, 1910), რომლის პრემიერა მეოცე საუკუნის დასაწყისში პარიზის გრანდოპერაში შედგა. 

კინო

აღიარეთ, რომ თქვენც ყვეალზე მეტად პოპკორნის კბილებს შუა ჩატყდომის ხმა, Coca-Cola-ს ყველაზე დიდი ჟიქა, 3 D სათვალე და დიდი ეკრანი მოგენატრათ. აჰა, თან კინოეთეარრებში ახლა ის ფილმი გადის, რომელსაც ყველა თბილისელი რუდინებით ელოდებოდა.

ფორსაჟი ყველას გვიყვარს, თუმცა ამ, მე-9-ს განსაკუთრებით ველოდით დედაქალაქის მკვიდრნი, ვინაიდან პოპულარული ბლოკბასტერის მეცხრე ფილმის გადაღებები თბილისშიც მიმდინარეობდა. ფილმში სცენების ნაწილი გადაღებულია თბილისსა და რუსთავში, კერძოდ რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში, ბაზრობის ტერიტორიაზე.

ასევე საინტერესოა კურიერი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ განხილვად ფილმად იქცა, ვინაიდან აქ ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავ - ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობს. ფილმის სიუჟეტი ცივი ომის პერიოდში ვითარდება. ფილმის სცენარის ავტორი ტომ ო'კონორია, სცენარის მიხედვით კი ჯაშუში ბენედიქტ კამბერბეჩი და მისი რუსი წყარო მერაბ ნინიძე კუბის კრიზისის ერთად დაძლევას ცდილობენ. მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს (BIFA) დაჯილდოების სიაში , სწორედ რუსი ჯაშუშის - საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის როლის შესრულებისთვის მოხვდა.

ანჯელი ჯოლის მოყვარულებს შეუძლიათ ბილეთები მძაფრსიუჟეტიან ნეო-ვესტერნ ფილმზე ​​​​ისინი, ვისაც ჩემი სიკვდილი სურს  შეიძინონ. ამ ფილმში მოვლენები მონტანას დიდ ეროვნულ ტყეში ვითრდება და 12 წლის ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი მამის მკვლელობის მოწმე გახდება. მკვლელების მიერ დევნილი ახალგაზრდა ველურ ბუნებაში გადარჩენის ექსპერტს ჰანა ფაბერს (ანჯელინა) შეხვდება, რომელიც მას თავის სათვალთალო კოშკზე თავშესაფარს სთავაზობს. 

ამ თვეში არაერთი საინტერესო ფილმი გელით კინოთეატრში, ჰოლივუდის ვარსკვლავთცვენით. ჩვენ გვერდი ვერ ავუარეთ არასწორ ბაბუას, რომელსაც ყველასთვის საყვარელი რობერტ დე ნირო განახორციელებს. თუ გინდათ, რომ რამდენიმე საათით მოწყდეთ რეალობას და გულიანად იცინოთ, ეს სწორედ ის ფილმია! 

ზევით