#მხატვრობა

ქართველი მხატვრების (ნა)ხატების გამოფენა ბაია გალერეაში

გაზიარება:

ბაია გალერეას არსებობა 31 წელს ითვლის, ის 1992 წელს გაიხსნა და პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველი კერძო გალერეა გახდა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. დღეს ის თბილისში, ორ ლოკაციაზე უმასპინძლდება ხელოვნების მოყვარულებს. 

გალერეა ორი მიმართულებით ფუნქციონირებს. მთაწმინდის საგამოფენო დარბაზში თქვენ შეგიძლიათ მე-20 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის (მოდერნიზმი, ავანგარდი, სოციალური რეალიზმი და ტრანს-ავანგარდი) კერძო კოლექციებიდან შექმნილი გამოფენები იხილოთ. ხოლო ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე, 21-ე საუკუნის თანამედროვე ხელოვნებას ეზიაროთ.

ბაიას გალერეაში 15 მარტიდან გამოფენა “ხატები და ნახატები” იმართება და მსურველებს 30 აპრილამდე შეეძლებათ ნამუშევრების დათვალიერება. 

გამოფენა სახელად “ხატები და ნახატები” წარმოგვიდგენს მხატვრების (ნა)ხატებს, როგორც მათი იდეების, ფიქრების, ემოციებისა და პოზიციის რეალობაში გადმოსულ გამოძახილს. ხატის მნიშვნელობა მაშინ იზრდება, როცა ის მაყურებელში სამყაროს ხედვის საზღვრებს აფართოებს, მაშინ როცა ჩვენი თვალები ამ განზომილებიდან სხვაში გადადის, მხედველობის ლიმიტებს გადალახავს და ხატი ხედვად გადაიქცევა.

მთელი ეს პროცესი მხოლოდ მაშინ დაგვირგვინდება საინტერესოდ, როცა ეს ხედვა საბოლოოდ წვდომა გახდება. მხატვარს მხოლოდ მაშინ შეუძლია თავისი გრძნობების ხატად ქცევა და “განკაცება”, როცა ის, როგორც “არტისტი და მოთამაშე” იდეალურად ფლობს თამაშის წესებს და დამაჯერებელი ხედვით წარმოგვიდგენს ცნობიერ და არაცნობიერ სამყაროს, ფარულ თუ ცხად მოვლენებს, ქვეყნიერების მიღმიერ თუ ამქვეყნიურ პროცესებს. 

გურანდა ქლიბაძე, მხატვარი

ასე აღწერს ხატისა და გამოფენის მნიშვნელობას ბაია წიქორიძე: "მალევიჩის "შავი კვადრატი" გამოხატავს იმ შეუძლებლობას, რომელიც ახლავს აბსოლუტური ყოფნის გამოხატვის მცდელობას, ის გამოუთქმელის გამოთქმის მოდელია, უ(ნა)ხატობის ხატია, მე-20 საუკუნის „ხატმებრძოლეობის“ პროექტიცაა და ამავდროულად ატარებს ამ ეპოქის უდიდესი "ხატის" სტატუსს".

შავი კვადრატი, black square, მალევიჩი

სწორედ ამ ნამუშევრიდან ჩნდება ნახატის ხატად ქცევის პროცესი, აქ იწყება თანამედროვე ხელოვნების ის პროგრამული მოდელი, რომელიც უსაგნობის გასაგნებას, ენით აღუწერელი იდეების, ემოციების, გრძნობების ვიზუალიზაციას ახერხებს. 

ამ მოდელს და “ხატის” ენას ქართველი თანამედროვე და უკვე კარგად ცნობილი ხელოვანებიც ფლობენ და ბაიას საგამოფენო სივრცეში სწორედ მათი ნამუშევრები გამოიფინება მონაცვლეობით. გალერეაში იხილავთ ირაკლი ფარჯიანის, მერაბ აბრამიშვილის, გურანდა ქლიბაძის, ნინო ყიფშიძის, KAKO-ს, კოკა რამიშვილის და გოგი ჩაგელიშვილის (ნა)ხატებს. 

მერაბ აბრამიშვილი, მხატვარო


.
ზევით