#მხატვრობა

კაფის ტერასა ღამით: 10 საინტერესო ფაქტი ვან გოგის ნახატის შესახებ

გაზიარება:

1888 წელს ვინსენტ ვან გოგმა პარიზის ხმაურიანი ღამეები, საფრანგეთის სოფელში გამეფებულ სიმშვიდეში გაცვალა. იქ, არლში, ჰოლანდიელი მხატვარი შემოქმედებითად აყვავდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ვინსენტ ვან გოგმა შექმნა 200 ჩანახატი და 100-ზე მეტი ნახატი, რომელიც იდილიური პეიზაჟებით, ადგილობრივი მაცხოვრებლებითა და მომხიბვლელი სოფლებით იყო შთაგონებული. მრავალ საკულტო ნამუშევარს შორის, რომელიც არლში შეიქმნა, ხელოვნების ნამდვილი ნიმუში კაფის ტერასა ღამითაც შედის.

1888 წლის სექტემბერში დასრულებული ეს ლურჯ-ყვითელი ტილო არლის ქუჩას ასახავს, რომელიც Place du Forum-თან და Rue de Palais-თან მდებარეობდა. გვიან ღამით ადგილობრივი მაცხოვრებლები კაფეს გარე ტერასაზე არიან შეკრებილი, ერთი შეხედვით მხატვრის ეს ნამუშევარი ვან გოგის ცნობილ ნახატებს ვარსკვლავურ ღამეს რონზე და ვარსკვლავურ ღამეს ჰგავს. პოსტ-იმპრესიონისტების დანარჩენი შემოქმედების მსგავსად, კაფის ტერასა ღამით ვან გოგის სიცოცხლეში არ იყო დაფასებული. თუმცა დღეს ის მხატვრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად არის აღიარებული.

1. ნახატი შთაგონებულია რეალური ადგილით

მისი მეგობრისა და მხატვრული მეტოქე გოგენისგან განსხვავებით, ვან გოგმა ამჯობინა რეალური მოვლენები დაეხატა, გამონაკლისი არც კაფის ტერასა ღამით ყოფილა. მან მოაწყო თავისი მოლბერტი Place du Forum-ის კუთხეში და დააფიქსირა დატვირთული ადგილობრივი კაფე, რომელიც ხელოვნური შუქით იყო განათებული. მიუხედავად იმისა, რომ მან შეინარჩუნა ტერიტორიის ძირითადი მახასიათებლების უმეტესობა, მან გამოტოვა გარკვეული არქიტექტურა და გაალამაზა ატმოსფერო საკუთარი სტილისტური არჩევანით.

2. მან ჯერ ჩანახატი შექმნა

ვინსენტ ვან გოგი შრომისმოყვარეობით გამორჩეული მხატვარი გახლდათ, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშის შექმნამდე ის ხშირად კომპოზიციის ესკიზებსა და ჩანახატებს ქმნიდა და მხოლოდ ამის შემდეგ ასხამდა ფრთებს საკუთარ ჩანაფიქრებს. კაფის ტერასა ღამით თავდაპირველად მელნით იყო მოხაზული, ერთადერთი განსხვავება პირველ ჩანახატსა და დასრულებულ ტილოს შორის ცაზე შეგვიძლია ვიპოვოთ.

3. ვარსკვლავური ცის პირველი მცდელობა

ვარსკვლავური ღამე, უდავოდ, ვან გოგის შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ნამუშევართა შორისაა, თუმცა, ბრწყინვალე ტილო არ იყო ექსპრესიული ცის ასახვის პირველი მცდელობა - მან ვარსკვლავიანი მოტივი პირველად, სწორედ კაფის ტერასაზე ღამით შექმნის დროს გამოიყენა.

4. ნახატზე ვარსკვლავების განლაგება სიზუსტით არის ასახული

ვან გოგის წერილების კატალოგის თანახმად, კაფის ტერასა ღამით 1888 წლის სექტემბერში დასრულდა, მკვლევრებმა თარიღი თვის 17 და 18 რიცხვამდე შეამცირეს და შეგროვებული ინფორმაციით ნახატი შეადარეს ცაზე ვარსკვლავების რეალურ განლაგებას. როგორც აღმოჩნდა, მხატვრისთვის სიზუსტე სამუშაო პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

5. მხატვარს შავი ფერი ერთხელაც არ გამოუყენებია

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „ღამე“ ბნელ სცენა უნდა ასახავდეს, ვან გოგმა მოახერხა შეექმნა ნახატი ისე, რომ შავი ფერი ერთხელაც არ გამოეყენებინა. ამის ნაცვლად მხატვარი ლურჯსა და ყვითელს იყენებდა.

6. ზოგი ფიქრობს, რომ ნახატი ბოლო ვახშამთანაა დაკავშირებული

2013 წელს მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ ვან გოგის ეს ნახატი შესაძლოა შეიცავდეს ცნობებს ბიბლიური ბოლო ვახშმის შესახებ. მტკიცებულებებს შორის ყველაზე სარწმუნო კაფის ტერასაზე 12 ფიგურის გამოსახვაა, იგივე რაოდენობის ხალხი, რაც აღწერილია ბიბლიაში - და ყვითელი „წმინდა“ შუქი, რომელიც მათ მოიცავს.

7. კაფის ტერასა ღამით შესაძლოა ასახავდეს სცენას რომანიდან

დის, ვილჰელმინასადმი მიწერილ წერილში ვან გოგი ამბობს: „არასოდეს არ გიხსენებია, წაიკითხე თუ არა გი დე მოპასანის ბელ-ამი და რას ფიქრობ ახლა მის ნიჭზე ზოგადად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბელ-ამის დასაწყისი სწორედ პარიზში ვარსკვლავებით აღსავსე ღამის აღწერაა, ბულვარის განათებული კაფეებით და ეს დაახლოებით იგივე თემაა, რაც მე ახლა დავხატე“.

8. შესაძლოა ის მეგობრის ნახატითაც ყოფილიყო შთაგონებული

რომანი ბელ-ამი შესაძლოა არ ყოფილიყო ვან გოგის ერთადერთი შთაგონება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვილჰელმინასადმი მიწერილ წერილში ვარსკვლავურ ღამეს განიხილავს, მოპასანის რომანში ასეთი აღმწერი არ იყო.

ამის ნაცვლად, ისტორიკოსები თვლიან, რომ ნახატის კომპოზიცია - ვიწრო პერსპექტივით და მდიდარი ლურჯი ფერის პალიტრით - შესაძლოა დაფუძნებული იყოს თანამემამულე პოსტიმპრესიონისტის, ლუი ანკეტინის ნამუშევრებზე. 

9. ნახატი ცნობილია სამი განსხვავებული სახელით

სანამ ნახატი ცნობილი გახდებოდა სახელით კაფის ტერასა ღამით, 1891 წელს ნახატი გამოიფინა სახელით კაფის სახლი, ნახატს აგრეთვე აქვს ალტერნატიული სახელი - კაფის ტერასა Place du Forum-ზე.

10. ნახატზე გამოსახული კაფე დღესაც არსებობს

მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის ცნობილი ნახატების მრავალი ღირსშესანიშნაობა დღეს აღარ მოიძებნება, ვან გოგის ნახატების კაფე არა მხოლოდ არსებობს, არამედ ფუნქციონირებს კიდეც. მხატვრის პატივსაცემად ამ კაფეს ვან გოგი დაარქვეს, დაწესებულება 1990-იან წლებში აღადგინეს და მისი იერსახე ცნობილ ფერწერულ ტილოს მოარგეს. 

ზევით