#მხატვრობა

გუჯი - „მსოფლიოს უდიდესი ოქრომჭედლის“ რეტროსპექტიული გამოფენა პარიზში გაიხსნა

გაზიარება:

საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების მეტრად (Maître d’art) აღიარებული ქართველი მოქანდაკის, ოქრომჭედლისა და იუველირის, გუჯი ამაშუკელის რეტროსპექტიული გამოფენა პარიზში, მერიის დარბაზში გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით "გუჯი პარიზში", ხელოვანის მიერ უკანასკნელ 48 წლის განმავლობაში შექმნილ ნივთებსა და სამკაულებს აერთიანებს.

გუჯი, გუჯი ამაშუკელი,

"მე ვოცნებობ ობიექტებზე ასაკის გარეშე, განუსაზღვრელი პერიოდის დამაბნეველ სურათებზე, რომლებიც ჩემს მეხსიერებაშია აღბეჭდილი და აღტაცებით ვოცნებობ იმ მშვენიერებით, რომელსაც სულიერება ქმნის ხელოვნებაში. თავსატეხების, სიმბოლოების, ლეგენდების და მითების სამყარო" - გუჯი.

გუჯი ამაშუკელის გამოფენა პარიზში, 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რაც იდეალურ შანსს ქმნის მათთვის, ვინ საფრანგეთის დედაქალაქის სტუმრობას მომდევნო თვის განმავლობაში გეგმავს, პირადად იხილოს ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი გენიოსის უნიკალური შემოქმედება.

"მსოფლიოს უდიდესი ოქრომჭედლის" დაბადება

მეტაფორულად ჟღერს, თუმცა გუჯი ამაშუკელი 33 წლის ასაკში დაიბადა, ხელმეორედ, როდესაც საბჭოთა საზღვრებს გაღწეულმა, პარიზში ნამდვილი თავისუფლების გემო შეიგრძნო. ოფიციალურ, დაბადების თარიღად კი მოწმობაში  1941 წელი ჩაიწერა. "მსოფლიოს უდიდესი ოქრომჭედელი" - როგორც მას ცნობილმა გალერისტმა, კლოდ ბერნარმა უწოდა, ბათუმში იზრდებოდა. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება ადრეულ ასაკში დაისახა მიზნად, თუმცა კორუმპირებულ კავშირში, ეს მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხა. ახდენილი ოცნების გემო ვერც აკადემიაში ჩაბარების შემდეგ შეიგრძნო, რადგან რეალობამ, მისი მოლოდინები ვერ გაამართლა, სამი წლის შემდეგ, გუჯი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გამოცდილების და ცოდნის დაგროვება შემთხვევითი მოულოდნელობების წყალობით დაიწყო. 

გუჯის პორტრეტი შესრულებული ედმუნდ კალანდაძის მიერ

ცხოვრების სიყვარული - კატრინ ბარსაკი, საზოგადოებისთვის აგრეთვე ცნობილი, როგორც მადამ გუჯი, ქართველმა ხელოვანმა, 1967 წელს სწორედ მოსკოვში გაიცნო. ფრანგი კატრინი, იმ პერიოდში საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, გუჯიმ ბარსაკის ცოლობა სთხოვა, თუმცა წარსულში 2 ფიქტიური ქორწინების ისტორიის მქონე ახალგაზრდის გადაწყვეტილებას საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მცდელობად მიიჩნევდნენ. ქორწინებისა და ვიზის მიღების გაჭიანურებული პროცესი 1974 წელს დასრულდა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟორჟ პომპიდუმ, რომელიც კატრინის მამასთან მეგობრობდა, საბჭოთა კავშირს გუჯის თავი გამოითხოვა. 

გუჯი, გუჯი ამაშუკელი,
გუჯის და კატრინის ქორწილი, 1969 წელი

საბოლოოდ, რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, გუჯი ამაშუკელმა საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესაძლებლობა მიიღო, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას უკან დასაბრუნებელი გზა სამუდამოდ მოჭრილი ექნებოდა. ასეც მოხდა, გუჯი ხელმეორედ დაიბადა, თავისუფლებას ეზიარა და სახელის მოხვეჭის შემდეგ, სამშობლოში, მხოლოდ 44 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა, ისიც დროებით. 

საყვარელი საქმის კეთებას, გუჯი, დედის ნაჩუქარი 6 ვერცხლის კოვზით შეუდგა, გადადნობის შედეგად მიღებული ნედლეულით, სამკაული დაამზადა, გაყიდა და კვლავ ნედლეული იყიდა ახლის დასამზადებლად. მოგვიანებით, გუჯიმ, მონმარტრზე პატარა სახელოსნო იქირავა, სადაც მცირე შეკვეთებზე დაიწყო მუშაობა და სამკაულებიდან - ძვირფასი ლითონებისა და ქვებისგან დამზადებული, უნიკალური ნივთების შექმნაზე გადავიდა.

ვერცხლსა და ოქროს გუჯი ამაშუკელმა ახლებური ფორმა და ხასიათი მიანიჭა და მასში პირადი ისტორიები, ტკივილი, შიში და მომავლის იმედიც გაურია. მისმა ნამუშევრებმა მალევე დაიწყეს საზოგადოების დატყვევება, პირადი შეხვედრის დროს, გუჯის შემოქმედებით, ლეგენდარული დიზაინერი იუბერ დე ჟივანშიც კი აღფრთოვანებულა. ქართველი ოქრომჭედლის ნივთების ნახვისთანავე, ჟივანშიმ გადაწყვიტა Givenchy-ს სამკაულების ესკიზების შექმნა გუჯისთვის დაევალებინა, მაცდური შემოთავაზება იყო, თუმცა გუჯი არც დაფიქრებულა ისე განაცხადა მასზე უარი, თუ მოქანდაკე რაიმეს შექმნიდა, მას მისი სახელიც უნდა ეტარებინა. ჟივანშიმ მაშინვე აღნიშნა, რომ ოქრომჭედელს რთული გზა ჰქონდა არჩეული, თუმცა ამ გზის გავლაში პირადად დაეხმარა, ახლობელ გალერისტს დაურეკა და ერთი ზარით, 1980 წელს გუჯის პირველი პერსონალური გამოფენის მოწყობაში და მომავალ წარმატებაში, ლომის წვლილი შეიტანა.

გუჯი, გუჯი ამაშუკელი,

ჟივანშის გარდაცვალების ამბის გაგებისას, გუჯიმ დაწერა: Je la lui dois (მე მისი ვალი მაქვს)...

გუჯი, გალერეებიდან - გალერეებში ინაცვლებდა და მისი შემოქმედება სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდებოდა თვალშისაცემი. 1990-იანებში გუჯის მიერ შექმნილი ემბაზი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში აღმოჩნდა, ხოლო მოგვიანებით, მისით იოანე პავლე მეორემ ისარგებლა. შარტრის ტაძრისთვის შექმნილი ლიტურგიისათვის აუცილებელი ჩვიდმეტი ნივთი კი სახელმწიფომ ეროვნულ საგანძურად აღიარა. 

სახელოვნებო სამყაროსთვის სახელგანთქმული გუჯის ოქროსა და ვერცხლის ნივთებმა და ძვირფასმა სამკაულებმა, ერთი მეორის მიყოლებით დაიდეს ბინა, დედამიწის სხვადასხვა წერტილში მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერების კოლექციებში. 2018 წელს, საქართველოს მუზეუმში, გუჯი ამაშუკელის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერისთვის შექმნილი ორიგინალური ჭედური ყდის პირველი სამუზეუმო ნაკეთობის პრეზენტაცია გაიმართა.

ზევით