#მხატვრობა

ეროვნული გალერეა კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის, გამოფენას უმასპინძლებს

გაზიარება:

2023 წლის 19 ნოემბერს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრების გამოფენა გახსნება. თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე წლების განმავლობაში იყო სან პაულოს თეატრის მხატვარი. აღსანიშნავია, რომ მან XX საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლი Dior-ისთვისაც.

XX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მრავალი მიმართულებით მუშაობდა. როგორც საარქივო დოკუმენტებში ვკითხულობთ, ის „საბალეტო დადგმებს ქმნიდა - წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა.“

1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების გამოფენები იმართებოდა პარიზში, „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა, თუ ლუქსემბურგის ფრანგული კულტურის ცენტრში. ის ქმნიდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალზე გამართული წარმოდგენებისთვის და სხვ.

საექსპოზიციოდ წარმოდგენილი იქნება თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები. კულტურის სამინისტროსთან ერთად პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“. 

მე მივხვდი, რომ ვარ ევროპელი და არასდროს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მე არასდროს ვიქნები რაიმე სხვა - წერდა თამარი თავის მეგობარს წერილში.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა - მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს, საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. მეცნიერთა ჯგუფმა კოლექცია ბრეტანიდან, კერძოდ კი საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან ჩამოიტანა საქართველოში. ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა, თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.) და 200-ზე მეტი საარქივო ფოტო შედის. 

გამოფენა 19 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება და 16 დეკემბრამდე გასტანს. 

ზევით