ერეკლე დეისაძის სოციალური პოეზია წალენჯიხის ცენტრალურ ბაზარში

25 ივლისს, წალენჯიხის ცენტრალურ ბაზარში ერეკლე დეისაძის პოეზიის საღამო გაიმართა, პოეტმა თავისი შემოქმედება შეკრებილ საზოგადოებას გააცნო და როგორც მოგვიანებით აღნიშნა ასეთი საინტერესო პუბლიკა ამ დრომდე არსად უნახავს. ლექსების კითხვის გარდა, ბაზარში კითხვა-პასუხის რეჟიმიც გაიმართა და ბევრი საინტერესო საკითხიც იქნა განხილული.

„ოფლით გაპოხილ სხეულებს, და გულს სავსეს დარდით, მოშივდათ პური, მაგრამ შიათ ასევე ვარდიც“

დღის მანიფესტად შემდეგი მოცემულობა იქცა: ვართ რა ადამიანები, ესე იგი, გარდა ცხადად ხილული, მეტად გამოცნობადი მოცემულობისა, ჩაგვეღვარა ღვთაებრივის რაღაც წილი. ჩაგვეღვარა მიუსაფრობაც , ჟამიდან ჟამამდე თავს რომ გვატყდება ორგვარად: სოციალურად და ექსისტენციურად. თანამედროვე ადამიანის მთავარი ნიშანი ამ ორი სახის მიუსაფრობის ზღვარზე მუდმივი ყანყალია. კაპიტალისტური მანქანა ადამიანს აბამს მექანიცისტურ შრომაში. დროს არ უტოვებს მას სულისმიერი ცხოვრებისთვის და ადამიანური არსის გამოვლენისთვის.

პრობლემის ერთი მხარე მდგომარეობს შემდგში: „მუშას უწევს ცხოვრება მხოლოდ იმდენად რამდენადაც ამას გაბატონებული კლასის ინტერესი მოითხოვს“.

გავრცელებულია აზრი, რომ ქართველი ზარმაცია და ამიტომაც, მას არ აქვს შესაძლებლობა რეალიზდეს ცხოვრბაში, მაშინ, როცა ყოველდღიურობა სხვა რამეს ადასტურებს: ჩვენი ნაცნობები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები მუშაობენ ლამის 24 საათის რეჟიმში, ცხოვრების უდიდეს ნაწილს სწირავენ ამ მექანიკურ შრომას, შედეგად კი იღებენ უღირს, დამამცირებელ ანაზღაურებას, რადგანაც ბიზნესები ბატონობენ მათზე. საქართველოში შრომის ინსპექცია არ აკონტროლებს სამუშაო საათებს, სამუშაო პირობებს, დადგენილად არ არსებობს მინიმალური ხელფასის ოდენობა. მარკეტები სავსეა პროდუქტებით, იქ შეხვდებით განსაკუთრებულ სიჭარბესა და სიჭრელეს. მარკეტებთან კი დგანან მშიერი ადამიანები. ხოლო მარკეტებში მუშაობს ხალხი, ვისაც დახლზე თავის ჩამოდების ნახევარ საათიანი შესაძლებლობა და უფლებაც კი არ აქვს.

მას შემდეგ, რაც ადამიანთა უმეტესობა ხელფასად იღებს 500 ლარს თვეში, ესეც საუკეთესო შემთხვევაში, თამაშში ერთვებიან კაპიტალისტური სისტემის ძმობილები, ბანკები და აფთიაქები, რომლებიც თავისებურად ძარცვავენ ადამიანებს წამლების არარეალური ფასებითა და მევახშეობით. ხოლო ის, ვისაც ფიზიკურად არ ძალუძს ჩაერთოს მთელს ამ ფერხულში და უმუშევრის სტატუსით განაგრძობს ცხოვრებას, ჩვენ მოვიხსენიებთ, როგორც განსაკუთრებით ზარმაც ადამიანებს. სინამდვილეში კი, ეს ის ხალხია, რომელიც სისტემის მიერ ყველაზე მძლავრადაა უარყოფილი და განდევნილი. საქართველოში დღეს შექმნილი სოციალური მიუსაფრობა არა საბჭოთა კავშირის მიერ დანატოვარი ხვედრია, არამედ პირდაპირაა წახალისებული ლიბერალურ-კაპიტალისტური დღის წესრიგის მიერ.

დასკვნის სახით, ქართველი ადამიანი კი არ არის ზარმაცი, არამედ იგი არის დაჩაგრული, გაძარცული და მოტყუებული კაპიტალისტური სისტემის მიერ. პრობლემის სხვა, უძირითადესი მხარე კი შემდეგი გახლავთ: არა ცალსახად სოციალური, არამედ ექსისტენციური მიუსაფრობა- მარტოდ დარჩენა, სხეულის ამარა. მოხდა არა ხორცის განწმენდა, რასაც მოითხოვს ნებისმიერი ნორმალური სულიერი ტრადიცია, არამედ ხორცის გაღმერთება და მისი მსხვერპლად გამოცხადება.

ზევით