#ფოტოამბავი

დღეს ქართველი ფოტოგრაფის დავით მესხის გამოფენა „უწონობისფერი“ იხსნება

გაზიარება:

თბილისის ფოტო ფესტივალისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით, დღეს, 23 დეკემბერს 16:00 საათზე, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, დავით მესხის გამოფენა „უწონობისფერი“ იხსნება.

„უწონობისფერი“ დავით მესხის პირველი მულტიმედია გამოფენაა, რომელიც აერთიანებს როგორც ფოტო ანაბეჭდებს, ისე სამეკრანიან ვიდეო ინსტალაციას და ნიკა კოჩაროვის მუსიკალურ კომპოზიციას „Full of Sun“. სხეულის მოძრაობისა და მისი სილამაზის აღბეჭდვა მესხისთვის არარსებული სრულყოფილებისკენ სწრაფვის გარდა იდენტობის კვლევა, თავისუფლების ძიება და ღრმა ემოციური გამოცდილებაც არის. სხეული თავისი გენდერული ფლუიდობით, დავით მესხის ფოტოგრაფიულ გამოსახულებაში იმდენად არის მიწიერი, რამდენადაც არამიწიერი.

ჩემთვის სხეული ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ყოველთვის მაძლევს საშუალებას გამოვხატო ის, რისი თქმაც მსურს - დავით მესხი.

მესხის მიერ გადაღებული ათლეტები მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს დაინახოს მომენტი აფრენასა და ვარდნას შორის - უწონობის ის ხანმოკლე მომენტი, როდესაც სხეული უმაღლეს წერტილს აღწევს და ჩერდება, ვიდრე მიზიდულობის ძალა მას მიწაზე დააბრუნებს.

მესხის ფოტოებში მისი არამიწიერი სხეულები დროის მიღმა სივრცეში არსებობენ. სივრცეში, რომელიც ღიაა მისტიკური ინტერპრეტაციებისთვის, გონებისა და სხეულის მდგომარეობისთვის, ყოფიერების საიდუმლოს რომ იტევს. იმ სივრცეში, სადაც უწონობას თავისი ფერი აქვს.

ნამუშევრებში სხვადასხვა კუთხით მოჭრილი სხეულები ერთი მხრივ თავისუფლებისკენ ისწრაფვიან, მეორე მხრივ კი, ემორჩილებიან საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს.

დავით მესხმა 2005 წელს დაასრულა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ფოტოგრაფიის ფაკულტეტი. კარიერის დასაწყისშივე მუშაობდა წამყვან ქართულ ჟურნალებში ფოტოგრაფად და მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფიის ქართული სახლის კოლექციაში.

დავით მესხი სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული დოკუმენტური ფილმის - „როდესაც დედამიწა მსუბუქი ჩანს“ - თანაავტორია. მისი ნამუშევრები იფინება სოლო და ჯგუფურ გამოფენების ფორმატში ევროპის წამყვან სახელოვნებო პლატფორმებზე. მათ შორის არის: Paris Photo, ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, კიოლნის ბრაუნსფედლერის საოჯახო კოლექცია, ლონდონის Calvert 22 ფონდი, რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრი ბუდაპეშტში; ასევე, Biennale de la Photographie de Mulhouse და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ზევით