#მხატვრობა

დევიდ ჰოკნის იმერსიული გამოფენა, როგორც მხატვრის 60-წლიანი კარიერის გამოძახილი

გაზიარება:

ინგლისელი ხელოვანი დევიდ ჰოკნი ყოველთვის შეპყრობილი იყო ახალი ტექნოლოგიებით, სამოცწლიანი კარიერის განმავლობაში, დევიდი ნამუშევრებში იყენებდა როგორც ფაქსს, აგრეთვე პოლაროიდის კამერებსა და ipad-ებს და 85 წლის ასაკშიც თავდაჯერებულად აგრძელებს უახლეს გამოგონებებთან თამაშს.

დევიდ ჰოკნი,

ლონდონის ახალ იმერსიულ საგამოფენო სივრცე Lightroom-ში, ჰოკნი წარმოგვიდგენს განსაცვიფრებელ შოუს David Hockney: Bigger & Closer (not smaller & further away), რომელიც ფართომასშტაბიანი პროექციის და ხმების გამოყენებით, დევიდ ჰოკნის პირად მოგზაურობაში მიგვიძღვება და ხელოვანის სამოცწლიან შემოქმედებას გვაცნობს.

დევიდს უყვარს საკუთარი ნამუშევრების განხილვა პერსპექტივის პარადოქსების, კამერისა და ადამიანის თვალით დანახულს შორის არსებული განსხვავებების საფუძველზე და ნაკლებად ისწრაფვის ბიოგრაფიული ელემენტების თხრობაზე, რაც მის უახლეს ნამუშევარშიც აისახება. Lightroom-ის უზარმაზარი კედლები და რევოლუციური ხმის სისტემა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ სამყარო ჰოკნის თვალით. 

მე მსურდა ნახატების ახლებურად დანახვა და ვფიქრობ ეს შევძელი კიდეც... ახლა ეს ყველაფერი თავისთავად ახალი ხელოვნების ნიმუშია - განაცხადა დევიდ ჰოკნიმ.

გამოფენაზე წარმოდგენილია დევიდ ჰოკნის ექვს ათწლეულოვანი შემოქმედება ექვს თავად, რომელშიც მეგზურად ხელოვანის ხმა გვევლინება. თავისი ნაყოფიერი კარიერის თითოეული ეტაპის, მათ შორის იორკშირში, ლოს ანჯელესში და ნორმანდიაში შექმნილი სურათებისა და ვიდეოების გამოყენებით, Bigger & Closer გარდაქმნის და ამუშავებს ჰოკნის ყველაზე ნაცნობ ნამუშევრებსაც კი, 1960-იანი წლების ნახატებიდან 2020-იანი წლების iPad-ის ნახატებამდე.

„სამყარო ძალიან ლამაზია, თუკი მის დანახვას შეძლებ, სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა მიწას დაჰყურებს, რათა დაინახონ სად მიდიან და გარშემო არსებული სილამაზის დანახვას ვერ ახერხებენ, ვერ ახერხებენ ისე, როგორც ამას მე ვაკეთებ“ - დევიდ ჰოკნი.

გამოფენაზე მისული ვიზიტორები, სრულად არიან ჩაძირული ჰოკნის საცურაო აუზებსა და მის ნახატებში. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს გრანდ კანიონის 1988 წელს შექმნილი მონუმენტური ნახატი: „ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, რომელიც გიბიძგებს ყველა მიმართულებით გაიხედო“.

85 წლის ხელოვანმა, Lightroom-ის შემქმნელებთან აქტიური კონტაქტით, სამი წელი მოანდომა გამოფენაზე მუშაობას, ლონდონში დევიდ ჰოკნის განსაცვიფრებელი იმერსიული გამოფენის დათვალიერება 4 ივნისამდეა შესაძლებელი.

ზევით