#მოდა

Chanel Cruise 2021: ჟან კოქტოს შემოქმედებით შთაგონებული კოლექცია

გაზიარება:

ლეგენდარულმა მოდის სახლმა Chanel-მა და მისმა კრეატიულმა დირექტორმა ვირჯინია ვიარმა 2021 წლის საკრუიზო კოლექცია წარადგინეს, თუმცა გრანდიოზულ სანახაობას წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული თიზერები და ახალი კოლექციის მთავარი შთაგონების მინიშნებები უძღოდა.

Instagram-ზე გამოქვეყნებული შავ-თეთრი ფოტოები თუ ვიდეოები 31 rue Cambon-ზე გაბრიელა შანელის სახლში იყო გადაღებული, სადაც დიზაინერი ხშირად აწყობდა შეკრებებს და ცნობილ სტუმრებსაც მასპინძლობდა, მათ შორის გახლდათ გაბრიელას ახლო მეგობარი, ადამიანი-ორკესტრი ჟან კოქტო, რომლის რეგალიათა შორის აუცილებლად აღმოაჩენდით მხატვარს, პოეტს, მწერალს, სცენარისტს, რეჟისორსა თუ დიზაინერს. ჟანი უბრალოდ აღფრთოვანებული იყო შანელის შემოქმედებით და ერთ-ერთ წერილში გაბრიელას წერს: "ის უბრალოდ ნამვდილი სასწაულია თავისი მარტივი, სუფთა და ელეგანტური შტრიხებით".

ალბათ სწორედ გაბრიელასა და ჟანის მეგობრობა და მათი მიმოწერა გახდა ვირჯინია ვიარისთვის Chanel Cruise 2021-ის შთაგონების წყარო. უშუალოდ კოლექციის წარდგენა კი დიზაინერმა, კოქტოს 1960 წელს გამოსული ცნობილი ფილმის Testament of Orpheus-ის მოტივებზე გადაწყვიტა.

თიზერების მსგავსად, 2021 კრუიზ კოლექციაც მთლიანად შავ-თეთრ ფერებზეა აწყობილი, რა თქმა უნდა ეს დიაპაზონი შემთხვევით სულაც არ არის არჩეული, რადგან Testament of Orpheus-ის დიდი ნაწილი სწორედ შავ-თეთრ კადრებში გახლდათ გადაწყვეტილი, ჟან კოქტომ მხოლოდ რამდენიმე კადრი დახატა ფერადი.

ზევით