#მხატვრობა

BANKSY-მ საკუთარი ვინაობა 2003 წელს BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში გაამხილა

გაზიარება:

წარმოიდგინეთ, ორი ათწლეულის განმავლობაში გქონდეთ ექსკლუზივი, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი გრაფიტის არტისტის ვინაობის შესახებ და ის მხოლოდ ახლა აღმოაჩინოთ.  BBC-ის თანამშრომლებისთვის ეს ნაცნობი გრძნობაა. მათ 20 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ BBC-მ იცოდა Banksy-ის სახელი, თუმცა ეს ინტერვიუ არასდროს გამოუქვეყნებიათ.

დიდი ხნის წინ დაკარგული ინტერვიუ BBC-ის ვებსაიტზე, The Banksy Story სერიის ნაწილის სახით გამოქვეყნდა. 2003 წლის ზაფხულში, აღმოსავლეთ ლონდონში, ბენქსის ზღაპრული Turf War შოუს გახსნის აღსანიშნავად, BBC-ის ჟურნალისტმა ნაიჯელ რენჩმა ინტერვიუ ჩაწერა „ახალგაზრდა ბიჭთან კაპიუშონით“. ახალგაზრდა მხატვარმა ბევრ დამაინტრიგებელ თემაზე ისაუბრა, მათ შორის გამოფენაზე წარმოდგენილ რამდენიმე ნამუშევარზეც, რომელიც ბევრმა ანარქისტულ განცხადებებად მიიჩნია.

„ეს არ არის აანრქია... ვის აქვს იმის უფლება რომ სხვა განსაჯოს?“ - განაცხადა უცნობმა.

გრაფიტის ნამუშევრების შექმნის უცნაურ მიდგომაზე ბენქსი ამბობს: „ყოველ კვირა დღეს დედაჩემი ამზადებდა საკვირაო სადილს და ყოველ კვირას დასძენდა: „მის მომზადებას საათები სჭირდება, ჭამას კი მხოლოდ წუთები“, ახლა ის საჭმელს მიკროტალღურ ღუმელში ამზადებს და უფრო ბედნიერი ჩანს. მხატვრობაში სწორედ ეს მიდგომა ავირჩიე“. და ინტერვიუს კულმინაციური მომენტის დროც დგება.

რენჩი ახალგაზრდა მხატვარს ეკითხება, ჰქვია თუ არა მას „რობერტ ბენქსი“, რესპონდენტი კი პასუხობს: „რობი“.


ცნობილი ქუჩის არტისტის, ბენქსის გამოფენა სახელწოდებით „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“, ამჟამად  ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს. ექსპოზიცია ასახავს ლეგენდადქცეული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე. გამოფენა ფართო აუდიტორიისთვის 18 ოქტომბერს გაიხსნა და 14 თებერვლამდე გაგრძელდება. 

ზევით