#ფოტოამბავი #მოგზაურობა

არქიტექტურის ფოტოგრაფი სტეფანო პერეგო საქართველოში აღბეჭდილი საბჭოთა მოდერნიზმის შესახებ

გაზიარება:

სტეფანო პერეგო მილანში დაფუძნებული არქიტექტურის ფოტოგრაფია, რომლის შემოქმედებასაც სოციალური ქსელში ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით გადავაწყდით. სტეფანოს ინდივიდუალური ხედვის პრიზმიდან აღბეჭდილ, დროში გაყინულ საბჭოთა შენობებზე, ქართული კვალი ამოვიცანით და მაშინვე განვიზრახეთ, რომ ჩვენი მკითხველისთვის უნიკალური ხედვის მქონე ფოტოგრაფი გაგვეცნო და საქართველოში მისი მოგზაურობის ისტორიის დეტალებიც მოგვესმინა.

ფოტო: სტეფანო პერეგო

„ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო“ - აღნიშნავს ფოტოგრაფი საქართველოში პირველი მოგზაურობის შესახებ საუბრისას. საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის ეკლექტიკით მოხიბლული სტეფანო პირველი ვიზიტის შემდეგ კიდევ არა ერთხელ ესტუმრა საქართველოს და განმეორებით ვიზიტსაც უკვე გეგმავს; მისი პროფესიული საწყისის, საინტერესო მოგზაურობებისა და ქართული ისტორიების შესახებ შეგიძლიათ ჩვენს ინტერვიუში მოისმინოთ.

სტეფანო, პირველ ყოვლისა, თქვენ შესახებ რომ გვიამბოთ, ვინ ხართ და რას საქმიანობთ...

მე ვარ მილანში, იტალიაში დაფუძნებული არქიტექტურის ფოტოგრაფი. ფოტოგრაფიასთან შეხება ბევრი განსხვავებული მიმართულებით მაქვს: ძირითადად აღვბეჭდავ საინტერესო და ხშირად ნაკლებად ცნობილ შენობებს მსოფლიოს გარშემო, ვმუშაობ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან, აგრეთვე ვმუშაობ ივენთებზე, ვხელმძღვანელობ ფოტო ტურებს, ჩემი ფოტოები ქვეყნდება ჟურნალებში, წიგნებში და სხვადასხვა პროექტის სახით ედითორიალებში.

ფოტო: სტეფანო პერეგო

უკან, წარსულში რომ დავბრუნდეთ: როდის ჩნდება თქვენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია?

ფოტოების გადაღება 2006 წელს დავიწყე, როდესაც პირველად შევისწავლე უზარმაზარი მიტოვებული ინდუსტრიული ადგილი მილანში. ეს იყო წარმოუდგენელი და დაუვიწყარი გამოცდილება. შენობები იმდენად მასიური და ამავდროულად მყიფე იყო. მივიწყებულმა საგნებმა, წარსულის კვალმა, ჟანგისა და ობის ფერებმა, ძლიერ არქიტექტურულ ელემენტებთან ერთად, მიტოვებული ნაგებობების აღმოჩენისა და ფოტოგრაფიის სურვილი დაბადა ჩემში და მომდევნო წლებში ასობით მათგანის კვლევისკენაც მიბიძგა. 

ფოტო: სტეფანო პერეგო

დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ დიდი ინტერესი გამიჩნდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის არქიტექტურული სტილის -  უპირველეს ყოვლისა, ბრუტალიზმისა და საბჭოთა მოდერნიზმის მიმართ.

ყოფილ იუგოსლავიის ქვეყნებში მოგზაურობისას, ყოველთვის აღფრთოვანებული და შთაგონებული ვიყავი ამ მხარეში 60-80-იან წლებში აშენებული შენობების ძლიერი ვიზუალური ზემოქმედებით და ექსპერიმენტული იერით. მალევე გავაცნობიერე, რომ მსურდა მეტი გამეგო ამ ტიპის არქიტექტურის შესახებ და დავიწყე მოგზაურობა ყოფილ საბჭოთა კავშირში, ჯერ საქართველოსა და სომხეთში, შემდეგ ცენტრალურ აზიაში და შემდეგ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, რაც შეიძლება მეტი შენობის დოკუმენტაციისთვის.

როგორ აღმოაჩინეთ საქართველო? როდის შედგა პირველი მოგზაურობა და რომელი იყო თქვენი პირველი ემოციები?

ჩემი პირველი მოგზაურობა საქართველოში 2016 წელს შედგა და ეს მოგზაურობა მთლიანად საბჭოთა მოდერნისტული შენობებისა და მემორიალის ფოტოების გადაღებას მიეძღვნა. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. გაოგნებული ვიყავი საბჭოთა სტრუქტურების უზარმაზარი რაოდენობით, მათი არატრადიციული სილამაზით, განსაცვიფრებელი მოზაიკითა და რელიეფური ფასადებით.

ფოტო: სტეფანო პერეგო

საქართველოში, შენობებს აქვთ განსაკუთრებული ფუტურისტული ფორმები და ამავე დროს, ისინი წარსულში გაჭედილს გვანან, ეს არის ძლიერი ნაზავი, რომლის გადაღებაც მთლიანად მიყვარს.

საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა საქართველოში უნიკალურია და ის დაკავშირებულია ადგილობრივ მემკვიდრეობასთან, ხალხური და შუა საუკუნეების ხელოვნების ფორმებთან, 1960-1980-იანი წლების თანამედროვეობისა და მომავლის არქიტექტურულ იდეებთან.

ფოტო: სტეფანო პერეგო

არქიტექტურის გარდა გზაში უამრავი გულკეთილი ცნობისმოყვარე ადამიანი შემხვდა, რომლებიც ყოველთვის სიამოვნებით მეხმარებოდნენ, აინტერესებდათ, რას ვაკეთებდი იქ კამერით და შტატივით, ხშირად უკვირდათ კიდეც, როცა ხედავდნენ, რომ სტრუქტურებს ვუღებდი ფოტოებს. მაშინ უცხო ქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო დაინტერესებული ამ მიმართულებით.

როგორ ფიქრობთ, საქართველო ფოტოგენური ქვეყანაა? რატომ?

დიახ, დედაქალაქის მასიური ბეტონის საცხოვრებელი კორპუსებისა და პატარა სოფლებს შორის კონტრასტების გამო, რეგიონიდან რეგიონში ცვალებადი საოცარი პეიზაჟების, უძველესი რელიგიური ადგილების უზარმაზარი რაოდენობის, მარტივი და ნამდვილი ყოველდღიური ცხოვრებისეული სცენების, სავსე ფერადი ბაზრობების, სანელებლებისა და ადგილობრივი პროდუქტები და მრავალი სხვა მიზეზის გამო.

ფოტო: სტეფანო პერეგო

რომელია აქ გადაღებული თქვენი საყვარელი ფოტო?

ეს ძალიან რთული კითხვაა, რადგან ბევრი მათგანი მომწონს სხვადასხვა მიზეზის გამო. თუ საქართველოში გადაღებული ჩემი 3 საყვარელი ადგილის არჩევა მომიწევს, ალბათ, ავირჩევდი რიტუალების სასახლეს თბილისში, ქუთაისში მწვანე ბაზრის ფასადს და სენაკში მიტოვებულ აბანოებს.

რა მნიშვნელობა აქვს ფოტოგრაფიას, როდესაც ვსაუბრობთ ამ ტიპის არქიტექტურაზე?

ფოტოგრაფია მართლაც მნიშვნელოვანი და სასარგებლოა საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. საქართველოში ეს შენობები ქართველმა არქიტექტორებმა და ინჟინრებმა დააპროექტეს და ააშენეს, ხოლო ქართველმა მხატვრებმა გააფორმეს; სწორედ ამიტომ უნდა შენარჩუნდნენ ისინი, ნაგებობები, რომლებიც შემოქმედებისა და ექსპერიმენტების პერიოდს მოწმობენ და ბევრს მეტყველებენ ეპოქაზე და მის მხატვრულ ღირებულებაზე.

ფოტო: სტეფანო პერეგო

უფრო მეტიც, ეს სტრუქტურები ნელ-ნელა ქრება ან განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, ამიტომ ფოტოები რეალურ დოკუმენტებად იქცევა და მეხსიერების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ზევით