#კინო

5 ქართული ფილმი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ველოდებით

გაზიარება:

კინოს მოყვარულების რჩეული თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი (TIFF)  სტარტს 26 ნოემბერს აიღებს და 1 კვირის განმავლობაში, კინოს საოცრებათა ქვეყანაში გვამოგზაურებს. 

რიგით, 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე 100-ზე მეტი ნამუშევრის ჩვენებაა დაგეგმილი, რომელიც ტრადიციისამებრ, სექციებშია გადანაწილებული. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა საოცრად დახუნძლული და მრავალფეროვანია. მხოლოდ „ქართული პანორამაში” 32 სრული და მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმია გაერთიანებული. წელს, ფესტივალის „ქვეყანა ფოკუსი” სომხეთი გახლავთ. TIFF-ზე მაყურებელს შესაძლებლობა მიეცემა იხილოს როგორც თანამედროვე, ისე საბჭოთა პერიოდში გადაღებული სომხური ფილმები.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე იფუნქციონირებს სექცია „ევროპული კინოს თვეც“. მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მთელი ევროპის ტერიტორიაზე, 40 ქვეყნის 700-მდე კინოთეატრში ეწყობა კინოპრემიერები, რეტროსპექტივები, სპეციალური კინოპროგრამები, არტ-ჰაუს ფილმების სეანსები, გამოფენები, დისკუსიები, შეხვედრები კინემატოგრაფისტებთან და უამრავი სხვა ღონისძიება. კინოს ამ ზეიმს თბილისიც შეუერთდება. სექციის კინოსეანსები 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ყოველ დღე, 19:00 საათზე, კავეა გალერიაში გაიმართება.

რაც შეეხება, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის „რეჟისორს ფოკუსში”, წელს მაყურებელს ამ სექციაში, პორტუგალიელი რეჟისორის პედრუ კოშტას ფილმების რეტროსპექტივა დახვდება.

თბილისის რიგით 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი. ბილეთები გაიყიდება როგორც ამირანის, აგრეთვე კავეა გალერეას სალაროებში და ონლაინ kinoafisha.ge, biletebi.ge და tkt.ge-ზე. 

TIFF-ის საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ქართულ ნამუშევართა იმ ჩამონათვალს, რომელიც ჩვენი აზრით, წლევანდელ ფესტივალზე უნდა იხილოთ, რაც არ უნდა იყოს, ეს ფესტივალი ხომ, პირველ ყოვლისა, სწორედ ქართული კინოს ზეიმია.

1. „ლოტო“ – ზაზა ხალვაში

ზაზა ხალვაშის უკანასკნელი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომლის დასრულებაც რეჟისორმა სიცოცხლეში ვერ შეძლო, თუმცა ეს მისია, მის ნაცვლად რეჟისორის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა განახორციელეს. ერთ იტალიურ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე გვიყვება, რომლებიც ერთმანეთში, იტალიური ეზოს არქიტექტურასავითაა გადახლართული.

2. „ღიმილიანი საქართველო“ – ლუკა ბერაძე

„ღიმილიანი საქართველო“ საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი კინო ნაწარმია. დოკუმენტური ფილმი 2012 წლის საპრეზიდენტო პროექტის, „ღიმილიანი საქართველოს“ მონაწილეების შესახებ გვიყვება. არჩევნების წინ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომლის დახმარებითაც ჭიათურის ასაკოვანი მოსახლეობისთვის, ანაზღაურების გარეშე სტომატოლოგიური დახმარება უნდა გაეწიათ. რამდენიმე პაციენტს კბილები უკვე ამოღებული ჰქონდა და პროტეზირების პროცედურას ელოდებოდა, იმდროინდელმა ხელისუფლებამ არჩევნები რომ წააგო, ახალმა კი ეს პროექტი შეაჩერა.

3. „დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ – ლანა ღოღობერიძე

დოკუმენტური ფილმი ლანა ღოღობერიძის დედის, საქართველოსა და საბჭოთა კავშირში პირველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის შესახებ მოგვითხრობს. ნუცა, 1937 წლის მიწურულს, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მან გადასახლებამდე სამი ფილმის გადაღება მოასწრო. დედის გადასახლების დროს, ლანა შვიდი წლის იყო: „შვიდის ვიყავი, დედას რომ მომწყვიტეს და ათი წლის შემდეგ შევხვდი, რომელიც უკვე სრულიად უცხო ადამიანი იყო ჩემთვის“. რეჟისორი ხშირად აღნიშნავს, რომ ბავშვობის ეს ტრავმა მისი შემოქმედებისთვის ბიძგად იქცა.

4. „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ – ანნა ძიაპშიპა

დედით ქართველი და მამით აფხაზი რეჟისორი, ანნა ძიაპშიპას ამ ხუთეულში ყოფნა ბევრი მიზეზით აიხსნება, თუმცა პირველ ყოვლისა, მიგვაჩნია, რომ არაფერია იმდენად ქართული, პირადული და ისტორიული, როგორც ეს დოკუმენტურ ფილმი. ქართულ-აფხაზური ოჯახის პირადი არქივი და ისტორიები, წარსულის ტკივილი და მოუშუშებელი ჭრილობები ანნას ფილმში ერთიანდება. 

5. „ჯადოსნური მთა“ – მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოიგთი

მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი „ჯადოსნური მთა“, ქართველი რეჟისორის ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ნამუშევარია. ფილმმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება ბარსელონისა და მაკედონიის საერთაშორისო ფესტივალებზე და ახლა, „ჯადოსნური მთა“ ქართველ მაყურებელთან შესახვედრადაც მზად არის.

ზევით