#ლიტერატურა

10 წიგნი, რომელიც შემოდგომის მყუდრო დღეს გაგილამაზებთ

გაზიარება:

შემოდგომა ფერადი ფოთლების, შემოპარული სუსხის, გოგრის ლატეს და წიგნების სეზონია. გრილი ნიავი და შემოდგომის ხანმოკლე დღეები ხომ მუდმივად გვიბიძგებენ ხელში რაიმე საინტერესო წიგნი ავიღოთ, მყუდროდ მოვკალათთდეთ და თავით გადავეშვათ ახალ თავგადასავალში.

დღეს, ჩვენი მკითხველისთვის, ფანტასტიკური რომანებიდან დაწყებული შემოდგომის რომანებით დამთავრებული - წიგნების ჩამონათვალი მოვამზადეთ, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე მეტად ესადაგება ამ სეზონის განწყობას, პლედში თბილად გახვევასა და ჭიქა ცხელი შოკოლადითა თუ გლინტვეინით ტკბობას.

1. სალი რუნი - მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ

ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერალი ელისი, ახლად გაცნობილ ფელიქსს რომში სამოგზაუროდ წასვლას სთავაზობს. ელისის საუკეთესო მეგობარი, მეგობარ ბიჭთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ თავის ბავშვობის მეგობარს, საიმონს ეარშიყება. ელისი, ფელიქსი, აილინი და საიმონი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, თუმცა ცხოვრება თითქოს ერთი ნაბიჯით მუდამ წინ უსწრებთ. მათ სურთ ერთმანეთი, იკრიბებიან, იშლებიან, აქვთ სექსი, აღელვებთ სექსი, მეგობრობა და ის სამყარო, რომლის ნაწილიც არიან. თითქოს საუკუნო წყვდიადის დასადგურებამდე უკანასკნელ ნათელ ოთახში დგანან იმ იმედით შეპყრობილნი, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია მშვენიერი სამყაროსკენ მიმავალი გზის პოვნა.

2. პატი სმიტი - უბრალოდ ბავშვები

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, მწერლისა და მხატვრის, პატი სმითის (1946), ერთგვარი ავტობიოგრაფიაა. დოკუმენტური პროზის ამ ბრწყინვალე ნიმუშში მოთხრობილია თავად ავტორისა და ცნობილი ფოტოგრაფის, რობერტ მეპლთორპის გასაოცარი ურთიერთობის ამბავი, რომელიც სამოციანი წლების ბოლოს ნიუ იორკში დაიწყო.

3. კატია პეტროვსკაია - ალბათ ესთერი

ეს ტექსტი, დიდი სიზუსტით არჩეული სიტყვებით, ზედმეტი ტრაგიზმის, ისტორიული ტვირთით დამძიმების გარეშე, დოკუმენტურობის მიუხედავად დიდი ლიტერატურაა, ავტორისთვის იმ უცხო ენაზე დაწერილი, რომელსაც მის მშობლიურ ენაზე მუნჯებისას უწოდებენ, „ნემეც“ ხომ მუნჯისგან მოდის, მაგრამ მწერლისგან, რომლის წინაპრებმაც მეცხრამეტე საუკუნეში ყრუ-მუნჯთათვის სკოლა დაარსეს, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. სწორედ ამ ენაზე ითქვა გერმანულენოვანი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ჯილდოს, ინგებორგ ბახმანის პრიზის კატია პეტროვსკაიასთვის გადაცემისას, რომ ეს არის „დიდებული საჩუქარი გერმანული ენისთვის“.

4. ჰარუკი მურაკამი  - ნორვეგიული ტყე

ტოკიო, XX საუკუნის 60-იანი წლების მიწურული, დრო, როდესაც იაპონელი სტუდენტები, მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მსგავსად, ამბოხებებს აწყობენ არსებული წესრიგის წინააღმდეგ. მთავარი გმირი, სტუდენტი ტორუ ვატანაბე კი ვერაფერს ამჩნევს, მას ორი ქალი უყვარს - ფსიქიკურად ტრავმირებული მშვენიერი ნაოკო და სიცოცხლით სავსე, ემოციური მიდორი. რომანი მოგვითხრობს ადამიანების რთული ბედის, დანაკარგების, სიყვარულისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ.

5. ელიფ შაფაქი - ევას სამი ქალიშვილი

პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი - აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ - ისეთი ვნებით, როგორიც 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... და ამ ვნებებში ბოლომდე იხარჯებიან, როგორც ნებსმიერი მათ ასაკში. ამ ასაკმა, მათმა გულწრფელობამ და უმანკოებამ თითქოს ყველა შეცდომა უნდა გააქარწყლოს, მაგრამ...

6. ნინო ხარატიშვილი - ჩემი საყვარელი ორეული

ნინო ხარატიშვილი "ჩემი საყვარელი ორეული" 2011 წელს დამოუკიდებელი გერმანული გამომცემლობების პრიზით დაჯილდოვდა. ესაა რთული ოჯახური ურთიერთობებისა და მტკივნეული სიყვარულის ამაღელვებელი ამბავი. სტელა ოცდაათი წლის ქალია, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ეწევა და მეუღლესთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობს. მისი მყუდრო ცხოვრება ნახევარძმის - ივოს მოულოდნელი გამოჩენით ირღვევა. სტელასა და ივოს ამ შეხვედრის სცენები რომანში სულიერი ტრამვებით სავსე მათი ბავშობის მოგონებებთან თავბრუდამხვევადაა გადახლართული.

7. ზაირა არსენიშვილი - კოლაჟი მთვარის შუქზე

წიგნში მოქმედება ხდება XX საუკუნის მეორე ნახევრის თელავში და მკითხველს ცოცხლად წარმოუდგენს არა მხოლოდ იმდროინდელ თელავს, არამედ ზოგადად საქართველოს გასული საუკუნის 60-იანიდან 90-იან წლებამდე. რომანის მთავარი გმირი თიკო თელავის მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელიც წიგნს წერს მეფე ერეკლეზე. თიკოს თავისზე ბევრად უფროსი კაცი შეუყვარდება. აქვს კი ამ სიყვარულს რაიმე მომავალი? არავინ უწყის... უაღრესად საინტერესო პერსონაჟების მთელი გალერეა, რომელიც იმდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე იშლება და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შესანიშნავი ლიტერატურული ინტერპრეტაციაა, ზაირა არსენიშვილის ამ რომანსაც ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს ქართულ კლასიკურ მწერლობაში.

8. ლუკას რეინეველდი - მძიმეა დღის ბოლო

ამ რომანში ტრავმასთან გამკლავების მექანიზმი უცნაური, შემზარავი და იმდენად წარმოუდგენელია, რომ მას მხოლოდ ბავშვური, ცხოველური ფანტაზიით თუ ავხსნით. მკაცრ ქრისტიანულ გარემოში, ფერმაში გაზრდილი ათი წლის იასი ოჯახის ტრაგედიას საკუთარ თავს აბრალებს. ერთხელ ძმაზე გაბრაზებულმა ღმერთს სთხოვა, მისი საყვარელი კურდღლის ნაცვლად, თავისთან იასის უფროსი ძმა წაეყვანა. ასეც მოხდა და ამის შემდეგ ოჯახის წევრებს შორის სიკვდილი ჩასახლდა, თუმცა მათ სახლში ამაზე არავინ ლაპარაკობს. მაგრამ იასს არსად სურს წასვლა, მხოლოდ საკუთარ თავში მოგზაურობა უნდა და ამის ნიშნად ჭიპში ჭიკარტს ჩაისობს. ეს მისი საიდუმლოა - ოჯახში არ უნდა იცოდნენ, ღმერთის ნაცვლად საკუთარი თავისკენ მიმავალი გზა რომ აირჩია. ამიტომ აღარ იხდის წითელ ქურთუკს, რომელიც ფარავს მის სანუკვარ სურვილს, ერთდროულად მოახერხოს საკუთარი თავის პოვნა, გაცნობა და გაქრობა.

9. ანი ერნო - წლები

ანი ერნოს აქვს უნარი, გადაიღოს და გადაწეროს ეპოქის კადრები, აღწეროს ატმოსფერო, გამოცდილება, რომელიც უნივერსალური და ამავე დროს უაღრესად ინტიმურია. იგი წარმოგვიდგენს 1940 წელს დაბადებული ქალის ბიოგრაფიას მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში გადაღებული კადრებით, რაც ყოველთვის კავშირშია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ გარემოსთან, შესაბამისობაშია ყოველდღიურ პროგრესსა და მენტალიტეტის სერიოზულ ცვლილებებთან.

10. მარჯან სატრაპი - პერსეპოლისი

„პერსეპოლისი“ ქართულ ენაზე თარგმნილი პირველი გრაფიკული რომანია, რომელშიც ირანელი მწერალი და მხატვარი მარჯან სატრაპი ბრწყინვალე ილუსტრაციებითა და უშუალო იუმორით სავსე ტექსტით საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს და გვიჩვენებს მეამბოხე ირანელი გოგონას ყოფას ისლამისტურ ირანსა და ევროპაში.

ზევით