#GOGO!

თიკა დუღაშვილის ღვინის ეზო N1 –  შენი ოჯახი საქართველოში!

გაზიარება:

მე თიკა დუღაშვილი ვარ. ღვინის ეზო N1 – ის დამფუძნებელი, როგორც მიწოდებენ ხოლმე - ანტრეპრენერი. თუმცა, მე რომ მკითხოთ, ვარ ადამიანი, რომელიც უბრალოდ საკუთარ იდეებს და შთაგონებას მიჰყვება და ამ ყველაფრით უდიდეს სიამოვნებას იღებს.

პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკისმცოდნე, თიკა დუღაშვილი ტურიზმის ინდუსტრიაში, ქართველ ქალ მეწარმეთა რიგებს სამი წლის წინ შეუერთდა. მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობის სურვილმა - კოსმოპოლიტურმა იდეამ, თიკა საკუთარ ბიზნესამდე - ღვინის ეზო N1-მდე მიიყვანა.

ნულოვანი ინვესტიციით შექმნილმა ბიზნესმა, რომელიც 2018 წელს წლის ოჯახურ ბიზნესად დასახელდა, 2019 წელს კი სოფლის ტურიზმის ნომინაციაში გაიმარჯვა, შეძლო და უამრავ ქართველ თუ უცხოელ სტუმარს უმასპინძლა, ტურიზმის ინდუსტრიაში სახელი დაიმკვიდრა და განვითარებას, წინსვლას გაორმაგებული ტემპით განაგრძობს.

პირადი ისტორია

პროფესიით ჟურნალისტი ვარ და მუსიკისმცოდნე, მაგრამ ძალიან ბევრი დარგი მიყვარს და მიმაჩნია, რომ ყველა სფერო, პროფესია და ადამიანი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ჩვენი ცხოვრება ერთგვარი მიქსი და  შედეგია იმის, თუ როგორ ვხედავთ, რისკენ ვისწრაფვით და რაც მთავარია, რამდენ დროს ვუთმობთ ამ საქმეს ჩვენს ცხოვრებაში. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ძლიერ სურვილებს და მონდომებას ყველაფრის შეცვლა შეუძლია.

ჩემი საქმიანობა და პირველი ოფიციალური  სამსახური ტელევიზიას უკავშირდება, სადაც გავიზარდე და გამოვიმუშავე ყველა ის უნარ-ჩვევა, რასაც ამჟამად უკვე საკუთარ ბიზნესში ვიყენებ. 

მე მჯერა, რომ ყველაფრის სწავლა, გამომუშავება და განხორციელებაა შესაძლებელი, მთავარია ეს რამდენად გინდა და გიღირს?! 

ტელევიზიაში 11 წელი ვმუშაობდი, პარალელურად ვმოგზაურობდი და ბავშვობიდან ჩართული ვიყავი გაცვლით პროექტებში, საერთაშორისო ტრენინგებში, რამაც საშუალება მომცა, რომ გამეცნო ჩემი თანატოლები მთელი მსოფლიოდან. ყოველთვის მინდოდა, ჩემს უცხოელ მეგობრებს უფრო მეტი სცოდნოდათ საქართველოზე, რომ არ დამეწყო ახსნა, მე ვარ საქართველოდან და ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და საქართველო ღვინის სამშობლოა და ჩვენ კარგი ხალხი ვართ და ასე შემდეგ...

გზა ღვინის ეზო N1-მდე

ყოველთვის მინდოდა, რომ უფრო მეტ ადამიანს, მთელ მსოფლიოში გაეგო ჩვენს შესახებ. ხან ქართულ სიმღერას ვასწავლიდი, ხან ქართულ ურთიერთობებზე ვყვებოდი..საბოლოოდ ყველა პროექტის მონაწილე ჩამოდიოდა ჩემთან და მიდიოდნენ საქართველოზე შეყვარებულები და ეს დღემდე გრძელდება...

სწორედ ამ იდეებმა მიმიყვანა ჩემს ბიზნესამდე - ღვინის ეზო N1 –  შენი ოჯახი საქართველოში! - ტურისტული ობიექტი, რომელიც აერთიანებს:ღვინის, აგრო, ეკო, ეთნო, გასტრო ტურიზმის მიმართულებებს. ღვინის ეზო N1 ოჯახური ბიზნესია, რომელსაც ჩემი ოჯახის თანამდგომის გარეშე ნამდვილად ვერ განვახორციელებდი. 

ღვინის ეზო N1 - ადგილი, სადაც სტუმარი რეალურ ყოფა-ცხოვრებას ეზიარება, ხვდება რეალურ ადამიანებს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ტურიზმი... ვაცნობიერებ, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და არ არის მხოლოდ ბიზნესი. ამიტომ, ენერგიას არასდროს ვზოგავ, თუკი რაიმე შემიძლია და არ შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ მეც და ჩემი ოჯახიც, რომ საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინოთ და მგონი გამოგვდის.

კონფერენცია N1

ღვინის ეზო N1 - სულ სამი წელია, რაც შეიქმნა. ძალიან ვამაყობთ, რომ ეს არის მართლაც ნულოვანი ინვესტიციით შექმნილი ბიზნესი. შექმნის დღიდან, უამრავ ქართველ თუ უცხოელ სტუმარს ვმასპინძლობთ. ყველაზე დიდი ბედნიერება ამ საქმეში არის ადამიანების მხარდაჭერა და ის ფაქტი, რომ ამდენი გულშემატკივარი გვყავს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  „აწარმოე საქართველოს“, რომელმაც საშუალება მოგვცა, ღვინის ეზო N1 - ის ახალი მიმართულება -  კონფერენცია N1 შეგვექმნა. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დარბაზი, განათლებისთვის,  საერთაშორისო პროექტებისთვის, საქმიანი ტურიზმისთვის და ასე შემდეგ...

შთაგონება

რა შთამაგონებს? - მიყვარს პროგრესი, შრომაც მიყვარს, დიდი საქმეების პატარა ამოცანებად დაყოფა. მიყვარს გამარჯვებები, - საკუთარ თავზე გამარჯვება, უპირველესად. მიყვარს საქმეები, რომელსაც საყოველთაო კეთილდღეობა მოაქვთ ადამიანებისთვის და რა თქმა უნდა მიყვარს ჩვენი ქვეყანა. 

მგონი ჩემს საქმიანობაში ყველაფერია, რაც მიყვარს და მაბედნიერებს...

სტატია მომზადდა საქართველოს მეწარმეთა ასოციაციასა და The Diary-ს მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ანტერპრენერი ქალების მხარდაჭერას. ვებ პლატფორმა The Diary-ის პროექტი - GOGO! იმ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან. 

ზევით