#GOGO!

ყველაზე გულწრფელი, ბავშვური და გენიალური „თერაპია" - დღიური კვირის GOGO!-ებისგან

გაზიარება:

ბოლოს დღიური როდის აწარმოვეთ? ამ შეკითხვაზე თქვენი უმეტესობა შემდეგ პასუხს გაგვცემს: „ბავშვობაში”. და რატომ? დღიური ხომ საკუთარი თავის გამოხატვის, სტრესისგან დაცლის, აზრის გამოხატვის და უთქმელი აზრების გამოთქმის საუკეთესო საშუალებაა. ამჯერად The Diary კვირის GOGO!-ების ძალიან კრეატიულ და საინტერესო წამოწყებას გაგაცნობთ, რომელიც დიდი ალბათობით თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება.

დღიური, თერაპია, ახალი წიგნი

„თერაპია” ორი მეგობრის - ტეტე ბოლქვაძის და მარი თევზაძის მიერ შექმნილი დღიურია, რომელიც თვითშეფასებასა და განწყობას აგიმაღლებთ, სამყაროს პოზიტიური მხრიდან დაგანახებთ და საკუთარ თავში, ყველაზე მიძინებულ კუთხეებში გამოგზაურებთ. თერაპიული დღიურის შემქმნელები თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან, რომლებსაც გამორჩეული იდეა მსოფლიო პანდემიის დროს გაუჩნდათ.

რა არის „თერაპია”?

„თერაპია“ არის დღიური, რომელიც თვითშეფასებისა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარება და უფრო მოტივირებულს გაგხდის. ვფიქრობთ, რომ ბევრ ჩვენგანს სჭირდება პატარა ბიძგი იმისათვის, რომ უფრო თავდაჯერებულები გავხდეთ.

თერაპიული დღიური, თერაპია

როგორ გაჩნდა დღიურის შექმნის იდეა?

„თერაპიის” შექმნის იდეა ძალიან სპონტანურად გაჩნდა. ერთ საღამოს ვსაუბრობდით და ვიფიქრეთ, რა კარგი იქნებოდა მსგავსი ტიპის დღიურის შექმნა, სადაც ის ყველაფერი იქნებოდა თავმოყრილი, რასაც ყოველდღიურობაში ვხვდებით. როდესაც დღიურის შექმნა დავიწყეთ, ამ ამბავს ორივე სხვადასხვანაირად მივუდექით. მარი მშვიდად და გაწონასწორებულად მიუდგა და მე (ტეტე) აჟიოტაჟით და ემოციურად. ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთმანეთს იდეალურად ვუგებთ. ძალიან დიდი დრო, ენერგია და შრომა ჩავდეთ ამ დღიურში. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დაბალანსებული და საინტერესოა.

რაში გვეხმარება „თერაპია"?

თერაპია გვეხმარება იმაში, რომ ყოველდღიურად გავიზარდოთ პიროვნულად და გავიგოთ ჩვენი საკუთარი თავის შესახებ მეტი. ყოველთვის სადღაც გვეჩქარება, ამიტომ საკუთარი თავის შეცნობისთვის დრო არ გვრჩება. დღიურით შეგიძლია მიიღო ინფორმაცია ისეთი მხატვრების შესახებ, რომლებმაც შექმნეს ეპოქა, სიტყვები, რომლებიც მოგცემს მოტივაციას, გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები... ასევე, გამოყოფილი გვაქვს გვერდი, რომელიც გეხმარება დაგეგმო შენი ფინანსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეგხვდებათ ცარიელი ფურცლებიც, სადაც შეგიძლია ამ ყველაფრიდან გამომდინარე შენი აზრები დაწერო. ამ შემთხვევაში ხალხს თავისუფლებას ვუტოვებთ,რადგან ეს ყველას პირადი დღიურია და არა ჩვენ ორის. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ არ იცი, როდის რა შეგხვდება, რადგან საკითხები არ არის გაწერილი და სხვადასხვა თემები არეულად გვხვდება.

თერაპიული დღიური, თერაპია, ახალი წიგნი

რა ასაკის ადამიანებზეა გათვლილი „თერაპია”?

ჩვენი დღიურის მკითხველს ასაკობრივი ზღვარი არ აქვს. ის იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც თვლიან, რომ რაიმე ახალი სჭირდებათ, რაც სულიერი ბალანსის პოვნაში დაეხმარებათ.

ტეტე და მარი, თერაპიული დღიური

თქვენი საყვარელი განყოფილება „თერაპიაში”?

მარი: ყველაზე მეტად მიყვარს ის გვერდი, სადაც კონვერტში ჩადებული მინიშნება გხვდება და წინასწარ არასდროს იცი რა იქნება ეს, რადგან თითოეული ბლოკნოტისთვის უნიკალური მინიშნებაა შექმნილი. იდეის ინსპირაცია იაპონური ,,Fortune cookies” გახლავთ, რაც ვფიქრობ საინტერესოა და მოულოდნელობის ეფექტი აქვს.

ტეტე: ჩემი საყვარელი გვერდია 30 კითხვა საკუთარ თავთან, რადგან ეს კითხვები ძალიან საინტერესოა და ბევრი რაღაცის აღმოჩენა შეგიძლია საკუთარ თავზე, რაც აქამდე არ იცოდი.

სად შეიძლება თერაპიული დღიურის შეძენა?

დღიურის შეძენა ამ ეტაპზე Facebook და Instagram გვერდების საშუალებითაა შესაძლებელი.

ზევით