#მოდა #ბიზნესი #GOGO!

„თბილიჰობი” - დების მიერ შექმნილი საბავშვო ბრენდი GOGO!

გაზიარება:

ხარისხიანი, ორიგინალური და დახვეწილი დიზაინერების ძებნაში, ყველანი დიდ დროს ვატარებთ, თუმცა, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ, მათთვის ორმაგად ვიწყებთ შრომას, ყოველ დეტალს და განსაკუთრებით კი ორგანულ ქსოვილებს უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ და რა იქნება იმაზე კარგი, თუ კი ყველაფერთან ერთად საქართველოში დამზადებულ პროდუქტს აღმოვაჩენთ?

სწორედ ასეთი გახლავთ დები დუმბაძეების მიერ შექმნილი საბავშვო ბრენდი „თბილიჰობი”, რომელიც ქართულ ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ მომხმარებელს არა ერთ განსაკუთრებულსა და ფერად ხელნაკეთ პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის, ბრენდის ყველაზე გაყიდვად - საბავშვო პლედებს.

იმის გასაგებად, თუ როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა და რა გზა განვლო „თბილიჰობმა” დღემდე, მის ერთ-ერთ დამფუძნებელს მარიტა დუმბაძეს გავესაუბრეთ.

იდეიდან - სტარტაპამდე

პროფესიით ვარ იურისტი და ამ საქმიანობით ვარ დაკავებული მეათე წელია. მცირე ბიზნეს საქმიანობის დაწყებაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა ისე გამოვიდა რომ იდეა გაჩნდა გარკვეული გარემოებების გამო. მე და ჩემმა დამ ვცადეთ მისი განხორციელება, რისთვისაც გავიარეთ პირველი ნაბიჯები უდიდესი ენთუზიაზმით და მოთმინებით და ამავე დროს მიზერული ინვესტიციით.

ჩვენი მცდელობა გამართლდა და ისე გამივიდა, რომ დავიწყეთ მცირე ბიზნეს საქმიანობა. ორივემ ერთად მოვახერხეთ ის რომ მესამე წელია ბრენდი ,,თბილიჰობი” გაიცნო მომხმარებლების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ.

„თბილიჰობის” პირველი ნაბიჯები

„თბილიჰობის” მიერ გამოშვებული პირველი პროდუქტი არის საბავშვო ნაქსოვი პლედი, რომელიც დღემდე ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია ჩვენს ასორტიმენტში. ჩვენი ნაქსოვი პლედები გამოირჩევა როგორც დამზადების განსაკუთრებული ტექნიკით ასევე უნიკალური დიზაინით და ხარისხით.

მსგავსი კონცეფციით და რაოდენობით ნაქსოვი პლედების წარმოებაში პირველები ვართ საქართველოში. სწორედ მსგავსი ნაქსოვი პლედების შექმნის მიზნით დავაფუძნეთ „თბილიჰობი”, იდეის ინსპირაცია კი ჩემი შვილი აღმოჩნდა, რომლის დაბადების მოლოდინში ვცდილობდი შემერჩია განსაკუთრებული, ფერადი ხარისხიანი პროდუქცია.

სწრაფად მზარდი ასორტიმენტი

მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიზარდა პროდუქციის ასორტიმენტი და დღეს ვაწარმოებთ დაახლოებით 30 მდე დასახელების პროდუქტს, ჩვილის აქსესუარებს რომლებიც საჭიროა მათი დაბადების მომენტიდან შემდგომი ეტაპების ჩათვლით, გამოსაყვანი კონვერტები, მოსეს კალათები, გასახვევები, საძილე ტომრები, თეთრეული, წინსაფრები და ა.შ. ეს ის არასრული ჩამონათვალია რასაც ვაწარმოებთ.

2021 ში დავამატეთ ტანსაცმლის ხაზი, თუმცა აღნიშნული მიმართულება საჭიროებს უფრო მეტ მუშაობას და ასორტიმენტის გაზრდას რომელსაც მალე მოვახერხებთ. წარმოება გვაქვს დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში, სადაც ადგილობრივად მოსახლე გოგოებთან ერთად, ვქმნით პროდუქციას და ვანაწილებთ საქართველოს მასშტაბით, შეკვეთების მიხედვით.

„თბილიჰობი” პანდემიის პირობებში

თბილიჰობის სლოგანია ,„თბილიჰობი თქვენი პატარას პირველი მეგობარი” და მართლაც ასეა, ჩვენთან შეძენილი პირველი ნივთების შემდეგ მომხმარებლები ერთგულად გვემეგობრებიან. პანდემიის პერიოდში გარკვეული გამოწვევების წინაშე ჩვენც დავდექით, თუმცა არ გაგვჭირვებია რადგან ონლაინ გაყიდვებით ვიყავით იმ დროისთვის დაკავებულები მხოლოდ და ძირეული ცვლილების განხორციელება არ დაგვჭირვებია.

თუმცა მობილიზება მოვახდინეთ მასალების ყიდვაზე, მიწოდების სერვისის დახვეწაზე და თავისუფლად გავუმკლავდით ონლაინ შეკვეთებზე მოზღვავებულ ნაკადს.

სამომავლო გეგმები

თბილიჰობის გეგმები საკმაოდ ამბიციურია და არ სურს გაჩერება. ბევრი სახის პროექტში ვიღებთ მონაწილეობას იმისათვის რომ გავაფართოოთ გაყიდვების არეალი. მათ შორის ექსპორტის მიმართულებით აქტიურად ვიწყებთ კომუნიკაციას ევროპის ქვეყნებთან რაზეც დაზუსტებით მოგვიანებით მოგახსენებთ.

სტატია მომზადდა საქართველოს მეწარმეთა ასოციაციასა და The Diary-ს მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ანტერპრენერი ქალების მხარდაჭერას. ვებ პლატფორმა The Diary-ის პროექტი - GOGO! იმ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან.
ზევით