თამარ აბულაძე: ჩვენ, თქვენს ემოციებს ვქმნით! #გადაეციემოცია

 თუ კი ქართულ სტარტაპ „ღვინის ემოციას“ იცნობთ, მაშინ თქვენთვის ყურძნის მტევნისა და ნატურალური ქვების ზღაპრული ტანდემი, კარგად ცნობილი აქსესუარი იქნება, ხოლო თუ კი ეროვნული, ორიგინალური და კრეატიული ბრენდის შესახებ პირველად გესმით, მაშინ გარწმუნებთ - წინ დიდი სიამოვნება გელით.

ულამაზესი აქსესუარების, იდეისა და კონცეპტის რეალობად ქცევის მიღმა თამარ აბულაძე დგას, რომელიც „ღვინის ემოციის“ პირველი ნაბიჯების, ყველაზე ემოციური ბრენდისა და სამომავლო გეგმების შესახებ თავად გვიყვება:

 

თამარ, თვენი პირადი ისტორია რომ გვიამბოთ, რას საქმიანობდით მანამ სანამ თქვენს ცხოვრებაში ღვინის ემოცია გამოჩნდებოდა და რა შეიცვალა მას შემდეგ?

Emocia Wines- მდე, Emocia Handmade Jewellery შეიქმნა, რომელიც მაღალი ხარისხის, ნატურალური ქვებისგან დამზადებულ აქსესუარებს აერთიანებს. სანამ აღმოვაჩენდი ჩემს თავს ამ მიმართულებით და ბიზნესად ვაქცევდი, შეიძლება ითქვას  წინა ცხოვრებაში, ერთ წარმატებულ კომპანიაში ვმუშაობდი. მქონდა საკმაოდ საინტერესო საქმიანობა:  ბიზნეს შეხვედრები, უამრავი სატელეფონო ზარი, წერილი,  მსხვილი კორპორატიული კლიენტები და დატვირთული სამუშაო განრიგი.

სრულად ვიყავი ჩართული ამ საქმეში და ვერც კი წარმომედგინა, რომ ამის მიღმა სხვა სამყაროც არსებობდა. როდესაც მივხვდი, რომ ამ საქმეში თავი ამოვწურე, გადავწყვიტე ახალი ცხოვრება დამეწყო, ძველისგან რადიკალურად განსხვავებული. შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი ინტერესი ნატურალური ქვების მიმართ და აი აქედან იწყება ყველაზე საინტერესო, ხანდახან არ მჯერა, რომ ახლანდელი მე და ის ძველი მე ერთი და იგივე ადამიანი ვართ.

როგორ გაჩნდა იდეა შეგექმნათ სტარტაპი და რა ნაბიჯები გადადგით გეგმების განსახორციელებლად? 

თავიდან სტარტაპის შექმნაზე არც მიფიქრია, სანამ ხელნაკეთი აქსესუარების ერთი სკივრი არ დავაგროვე. იძულებული გავხდი მათი რეალიზაცია მომეხდინა, მაგრამ როდესაც ღვინის სკოლის დამთავრების მერე, ღვინო და მისი ფილოსოფია თავდავიწყებით შემიყვარდა, უკვე დაგეგმილი ნაბიჯები გადავდგი Emocia Wines-ის შესაქმნელად.

სანამ ჩემი საკუთარი ღვინო მექნებოდა, ნატურალური ქვებისგან შექმნილი ყურძნის ბროშები დავამზადე, რომლებიც ქართული, ენდემური ჯიშის ყურძნების ანალოგებს წარმოადგენს. მტევნებმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა და ამან მომცა სტიმული, რომ ღვინის თემაზე რაც შეიძლება მეტი საინტერესო ნივთი შემექმნა. ჩემი ბოლო აღმოჩენა - „ღვინის ალმასი“ გახდა. ესაა, ღვინის ქვისგან შექმნილი ვერცხლის სამკაულები, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მომიხდა, სანამ სასურველ შედეგს მივაღწევდი, რადგან ყველა გამოცდილი მეღვინე მარწმუნებდა, რომ ღვინის ქვისგან სამკაული ვერ გამოვიდოდა, მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, შევძელი, ღვინის ქვისგან ულამაზესი და რაც მთავარია ნატურალური ფერის მქონე სამკაულების დამზადება. 

ღვინის ჯადოსნური კრისტალები

ბევრმა არ იცის სინამდვილეში რა არის ღვინის ქვა.  ეს პატარა კრისტალები, რომლებსაც ენოლოგები ტარტრატებს უწოდებენ, ღვინის მოყვარულები ღვინის ქვას - სინამდვილეში ღვინის მჟავას კალიუმის მარილებია.

 

ღვინის მჟავა კი ის მჟავაა, რომელიც ყველა ღვინოში ბუნებრივად ხვდება ყურძნიდან და თავის მხრივ განაპირობებს ღვინის სტრუქტურას, ბალანსს და არომატს. ამ კრისტალების წარმოქმნა ხდება ქვევრში, ბოთლში, ცისტერნაში, იმ დროს, როდესაც ღვინის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ისინი ალმასის კრისტალებს მოგვაგონებენ, ხან ჭურჭლის ფსკერზე, ხანაც საცობზე იდებენ ბინას და აღარასდროს იხსნებიან ღვინოში. როგორც ღვინის მჟავა, ასევე კალიუმიც ღვინოში ბუნებრივად ხვდება. ის ძალიან სასარგებლო ელემენტია და რაც უფრო მდიდარია ღვინო კალიუმით, მით უფრო სასარგებლოა ღვინო.

რაც შეეხება ღვინის ქვის ფერს - ეს კრისტალები მას ღვინის პიგმენტისგან - ანტოციანებისგან იღებს. რა ფერის ღვინოცაა, იმ შეფერილობისაა ღვინის ქვაც. მაგალთიად: რქაწითელის - მოყვითალოა, ხოლო საფერავის - მუქი იასამნისფერი. ღვინის ქავას არასდროს ვღებავთ. თუ გვინდა განსხვავებული ფერი მივიღოთ, მხოლოდ რამდენიმე სახეობის კრისტალს ვურევთ ერთმანეთში. ვამაყობ, რომ მსოფლიოში პირველი ღვინის ქვის სამკაული ისევ საქართველოში დაიბადა, ისევე როგორც ქვევრი და თავად ღვინო.

როგორია თქვენ მიერ დანახული ბრენდი ღვინის ემოცია? 

ღვინის ემოცია ყველაზე ემოციური ბრენდია, რომელიც ადამიანებში სასიამოვნო გაოცებასა და სიხარულს იწვევს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ იმაზე მეტი გავცე და გავუგზავნო ადამიანებს, ვიდრე ელოდებიან ჩვენგან. ბრენდი 100%-ით უნდა ამართლებდეს სახელს და ასეცაა ჩვენს შემთხვევაში. კიდევ მაქვს რამდენიმე პროექტი ამ მიმართულებით, რომელიც სულ მალე გამოჩნდება. ჩვენი ლოგო და სლოგანიც კი თავის ამბავს ყვება და საკმაოდ პოპულარულია როგორც ჩვენთან, ასევე უცხოეთში, სადაც ღვინო ძალიან უყვართ. 

რატომ ყურძნისა და ნატურალური ქვების ტანდემი? 

როდესაც ღვინის სკოლა დავამათავრე და როგორც აღვნიშნე, დღე და ღამე ჩემს ვაზსა და ღვინოზე ვფიქრობდი, მაგ პერიოდში უკვე მქონდა შეხება ნატურალურ ქვებთან, ჩემი პირველი ბრენდის Emocia Handmade Jewellery-ს სახით და შესაბამისად, ეს ყველაფერი აბსოლიტურად ბუნებრივად და ლოგიკურად შეერთდა. უშუალოდ ღვინის ქვის სამკაულებმა კი სულ სხვა ემოცია და ახალი სიცოცხლე შემოიტანა ამ საქმეში.

როგორ განვითარდება ღვინის ემოცია, როგორ მომავალს ხედავთ თქვენი ბრენდისთვის?

ღვინის ემოციას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რაც მე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. საკმაოდ სწარფი ტემპით ხდება ახალი ნაკეთობებისა და იდეების შემოჭრა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩემი ბრენდი ღვინოსავით ცოცხალი ორგანიზმია, თავისი ხასიათით და სიცოცხლის ციკლით.

ის ახლა ახალგაზრდა და ხალისიანია, თუმცა ნელ-ნელა უფრო და უფრო იხვეწება და  დაძველების დიდი პოტენციალი გააჩნია (ამას მეღვინეები მიმიხვდებიან კარგად), ჩვეულებრივ ენაზე კი იმას ნიშნავს, რომ დროსთან ერთად ხარისხი არ უნდა შეიცვალოს და ბრენდი უფრო მრავალფეროვანი, დამაფიქრებელი და საინტერესო უნდა გახდეს. ღვინის ემოცას საკმაოდ მკაფიოდ გამოხატული  მისია აქვს: მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა და რომ ღვინის პირველი სამკაულიც ჩვენთან შეიქმნა.

სტატია მომზადდა საქართველოს მეწარმეთა ასოციაციასა და The Diary-ს მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ანტერპრენერი ქალების მხარდაჭერას. ვებ პლატფორმა The Diary-ის პროექტი - GOGO! იმ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან.

ზევით