„შეიდიში“: თაკო ნაცვლიშვილის პირველი ქართული ეკო-მეგობრული თეთრულის ბრენდი

უკვე რამდენიმე წელია ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მდგრადი მოდის პოპულარიზაციას ეწევა, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სწორედ ამიტომ არავის გაგვკვირვებია, როდესაც თაკომ პირველი ქართული ეკო-მეგობრული თეთრეულის ბრენდი დააფუძნა და სტარტაპის ეტაპზე მყოფი „შეიდიში“ და თაკო ახლა წარმატებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ.

შეიდიში არის პრემიუმ ხარისხისა და ეკო ცნობიერების შეგრძნება. პირველი ქართული ეკო-მეგობრული ბრენდი, რომელიც იღებს და აფასებს მრავალფეროვნებას. „ჩვენი მისიაა შევქმნათ ტრენდული და ამავდროულად მინიმალისტური თეთრეული, რომელიც მოერგება ყველა ტიპის ქალს. გვინდა ვიყოთ ქალის თეთრეულის ეფექტური და ინოვაციური ბრენდი, რომელიც შესთავაზებს მომხმარებელს საუკეთესო ხარისხს, სტილსა და კომფორტს. ჩვენი მიზანია გავათავისუფლოთ ყველა ქალი ცუდად მორგებული საცვლებისგან და მოვარგოთ შეიდიშის პროდუქტი სხეულის ყველა ტიპს“.

შეიდიში სპარსული სიტყვაა და ძველ ქართულში გამოიყენებოდა ქალის შიდა სამოსის ან საცვლების აღსანიშნავად. გვიანშუასაუკუნეების ქალთა მზითვის წიგნებში ხშირადაა დასახელებული საცვალთა საკმაოდ უხვი ჩამონათვალი, სწორედ აქ მიაგნო ახალი ქართული თეთრეულის ბრენდის დამფუძნებელმა შთაგონებას.

„ჩვენ მზად ვართ გავუფრთხილდეთ დედა ბუნებას და რაც შეიძლება მცირე კვალი დავტოვოთ წარმოებისას. შეიდიშის კოლექციები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთად და სხვა მოდის სახლების ნარჩენი მასალებისგან“ - „შეიდიში“

„შეიდიშის“ კოლექციები მაღალი ხარისხის გამოუყენებელი ან გადამუშავებული ქსოვილებისგან იქმნება. როგორც ბრენდის აღწერაში ვკითხულობთ, „შეიდიშის“ მომწოდებლების წყალობით, მას ექსკლუზიური წვდომა აქვს LVMH-ის  Maisons-ის პროდუქტთა ასორტიმენტზე.

კოლექციის 90% დამზადებულია გამოუყენებელი ქსოვილებისგან და 70% გადამუშავებული მასალისგან

„შეიდიშის“ სადებიუტო კოლექცია ამჟამად მზადების პროცესშია, ბრენდის Instagram გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ „შეიდიშის“ კონცეფციას, დაარსების ისტორიას და მისი დამფუძნებლის წეღგვარი წინასიტყვაობა:

„მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრ თეთრეულის ბრენდთან ვმუშაობდი. მათ შორის იყო კარგი და ცუდი. გუის სიღრმეში ყოველთვის  მინდოდა ჩემი თეთრეულის ბრენდი შემექმნა, ბევრჯერ მიფიქრია როგორ გამომესწორებინა, შემეცვალა სტილი და ფორმები, რომ გამეხადა თეთრეული ისეთი, როგორიც მე მსურდა. დაკვირვებისა და სწავლის შემდეგ მე შევქმენი შეიდიში.

მე მსურს შევქმნა თეთრეული, რომელიც უფრო მეტია ვიდრე თეთრეული. ცხოვრების წესი, ქალის სილუეტი, სექსუალურობა და თავდაჯერებულობა. 

მსურს ქალებს მივცე შესაძლებლობა თავი თავისუფლად და მსუბუქად იგრძნონ ყველაზე გამძლე თეთრეულის შეიდიშის ტარებისას“ - თაკო ნაცვლიშვილი.

ზევით