სალზამთრო - გზა ჯანსაღი ცხოვრებისკენ

„სალზამთრო“ ბლოგია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომელიც ორმა ახალგაზრდა გოგომ, მეგობრებმა სალომე გოგლიძემ და ნინი კოზმანაშვილმა შექმნეს. დღეიდან საინტერესო ბლოგი ჯანსაღ ცხოვრებაზე, The Diary-ზეც დაიდებს ბინას. 

Beginning 

ჯანსაღი ცხოვრების წესით დავინტერესდით რვა წლის წინ, როდესაც ორივემ ავირჩიეთ პროფესია ჯანდაცვის მიმართულებით. სამედიცინო სფეროში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, იცვლებოდა დამოკიდებულება ცხოვრების ამ სტილთან დაკავშირებით. აქამდე  გვეგონა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი იყო ძირითადად ვარჯიში და სწორი კვება.

გზა

როდესაც დავიწყეთ ჯანსაღი კვება და ვარჯიში, აღმოვაჩინეთ, რომ ეს სულაც არ არის საბოლოო წერტილი, არამედ გზაა, რომელსაც ნელ-ნელა მივყავდით გაცნობიერებული ცხოვრებისკენ. შემდეგ, დავიწყეთ თითოეული, ყოველდღიური ნაბიჯის გააზრება და მივხვდით, რომ  მედიტაციის პრაქტიკა, ბუნებასთან კავშირი, სწორი სუნთქვა, გარემო, განწყობა, ფერები, სუნები, ფიქრები, ერთი სიტყვით ყველაფერი რაც გვეხება და ვუშვებთ ჩვენამდე, უარყოფით, ნეიტრალურ ან დადებით გავლენას ახდენს სამყაროს აღქმაზე, რაც თავისთავად ქმნის ცხოვრების ხარისხს. თითოეულმა დეტალმა, რომელსაც ვაცნობიერებდით,  სხვა თვალით დაგვანახა საკუთარი სხეული და გონება. 

პროცესი

ეს ჩვენში მიმდინარეობს დღემდე და გაგრძელდება, რადგან საკუთარი თავის აღმოჩენა  უსასრულო და ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით ინტენსიურად და განსხვავებულად  გაგრძელდა ეს პროცესი, როდესაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბლოგი ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენსავით სურს ჰქონდეს სრულფასოვანი ცხოვრება. ამ ბლოგით და არსებული სტატიებით  ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავცეთ პასუხი კითხვებზე, რომელიც ერთ დროს ჩვენც გვქონდა, გავფანტოთ დაბნეულობა და შიში, რომელიც ყოველთვის თან სდევს ცვლილებას და გავუღოთ კარი გაცნობიერებულ, სიხარულით სავსე ცხოვრებას.

ჯანსაღი ცხოვრების წესი 

მოიცავს  მეთოდებს, რომლებიც   ზუსტად პასუხობს თითოეული ჩვენგანის სხეულისა და გონების მოთხოვნებს, ეს ერთგვარი პირობის შექმნაა საკუთარი თავისთვის, რომ მან იმუშაოს სრულყოფილად. სწორედ ამიტომაა, რომ ამ გზაზე დამდგარი უკან აღარ ბრუნდება. ჩვენი  სურვილია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს  მივცეთ სწორი მიმართულება და მივაწოდოთ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მათ შექმნან საკუთარი, სრულფასოვანი, სიხარულით სავსე ცხოვრება.

ზევით