#მოდა #საზოგადოება

GIRL ON FIRE - საკო წოწორია

გაზიარება:

გირჩევთ ტელეფონში Alicia Keys-ის Girl on Fire ჩართოთ, ყურსასმენები მოირგოთ და სტატიის კითხვას შემდეგ შეუდგეთ…(არა უშავს, დაგელოდებით.)

დიახ, Sako is the girl on fire და ჩვენ მისი წარმატების შესახებ მოგიყვებით. საკო წოწორია თბილისის ბიზნეს წრეებში ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერის რანგში გაიცნეს. პირველი სამსახური ჯერ კიდევ მეორე კურსზე დაიწყო და მას შემდეგ კარიერულ წინსვლასთან ერთად საკუთარი თავის აღმოჩენას აგრძელებს, რამაც საბოლოოდ საცხოვრებლად ევროპაში წაიყვანა, იქ კი მორიგი ისტორიის წერა დაიწყო. 29 წლის ასაკში კონტრაქტი ესპანურ სააგენტოსთან გააფორმა და სამოდელო ინდუსტრიის სტერეოტიპების მსხვრევას აგრძელებს. დღეს საკო ცნობილი ფრანგული სააგენტოს - Metropolitan Models Group-ის წევრია. მოკლედ, გაიცანით The Diary-ის კვირის GOGO!

საკო, წოწორია, რედისონის საკო, მოდელი

„რადისონის საკო” - ასე გიცნობდით წლების მანძილზე, მაგრამ ბოლო 2 წელია შენს შესახებ სიახლეები სრულიად განსხვავებული მიმართულებით გვესმის. როგორ გახდი „მოდელი საკო”?

საკო: „რადისონის საკო" რადისონამდეც მოდელობდა... ან უფრო ცდილობდა რომ ემოდელა.. :) მაგრამ, საქართველოში იმდროინდელი მოდის ინდუსტრია დიდს ვერაფერს გპირდებოდა, არც მე გახლდით მორიგი „ჟიზელი" და გულახდილად რომ გითხრათ ჩემს მთავარ პროფესიად არც არასდროს მიმაჩნდა მოდელობა. შესაბამისად, როგორც კი სწავლას მოვრჩი და კარიერულად რაღაც ნაბიჯები გადავდგი, ამ ინდუსტრიასაც ნელ-ნელა ჩამოვშორდი. ჩემს მარკეტინგულ კარიერას რაც შეეხება - დროებით გვერდით გადავდე, რადგან ევროპაში სწავლის გაგრძელება, ახალ ადგილას ცხოვრება და თვითდამკვიდრება მინდოდა. ბარსელონაში კი სწავლის პარალელურად ვიფიქრე, რომ მოდელობა ყველაზე მარტივი part-time job-ი იქნებოდა და საკმაოდ სკეპტიკურად და უიმედოდ (ასაკის გამო, 27 წ.) მივაშურე აქაურ სააგენტოებს. მაგრამ რაღაცები გამოვიდა და ასე დავუბრუნდი ამ სფეროს…

საკო წოწორია, სამოდელო სააგენტო, METROPOLITAN MODELS

სულ ცოტა ხნის წინანდელ სიახლეზე მოგვიყევი. როგორც ვიცით, Metropolitan Models Group-ს შეუერთდი.

საკო: სიახლე არის ის რომ ესპანური სააგენტოს გარდა, რამდენიმე კვირის წინ მოვაწერე ხელი პარიზის სამოდელო სააგენტოსთან, რაც თავისთავად ნიშნავს მეტ შესაძლებლობას ახალ მარკეტზე. რამდენიმე დღეში მივფრინავ პარიზში და ვნახოთ, იმედია კარგი სიახლეებით დავბრუნდები.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sako (@sako_tsotsoria)

 

შენს სამოდელო წარმატებას საქართველოში ძალიან დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოში თუ გქონია სამოდელო გამოცდილება?

საკო: დიახ, როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოშიც მყავდა სააგენტო. ჩემი სამოდელო კარიერა lookmodels-იდან - ნინო ცქიტიშვილის შემოთავაზებით დაიწყო. რაც შეეხება გამოხმაურებას, ძალიან მიხარია რომ ამდენ ადამიანს გაუხარდა ჩემი ამბები. ჩემთვის ცოტათი მოულოდნელი იყო.

საკო წოწორია, ქართველი მოდელი, რედისონის საკო

ვიცი, რომ აქტიურად დადიხარ „ქასთინგებზე” და საკმაოდ დაკავებული გრაფიკი გაქვს. რას უნდა ველოდოთ შენგან უახლოეს მომავალში?

დიახ, თებერვალი საკმაოდ დატვირთული თვე აღმოჩნდა. მიხარია, რადგან კოვიდ-19-ის გამო ინდუსტრია საკმაოდ ნელი ტემპებით მუშაობდა გასულ წელს და დასაქმება რთული იყო. მაგრამ აი ახლაც, ამ ინტერვიუს გადაღებიდან ვწერ, რადგან მომდევნო კვირები ალბათ ძალიან დატვირთული მექნება. ამჟამად, კიდევ ერთი საავტომობილო ბრენდის რეკლამის გადაღებაზე ვარ, შემდეგ კვირას კი პარიზში მნიშვნელოვანი ქასთინგები მექნება. წინასწარ ვერ ვიტყვი მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sako (@sako_tsotsoria)

 

ჟურნალისტი, მარკეტერი, მოდელი… რა იქნება შემდეგი? არსებობს თუ არა საკოს გეგმა?

კოვიდის პირობებში ყველა გეგმა თავდაყირა დადგა. ჩემთვისაც და ვიცი რომ უამრავი ადამიანისთვისაც. მქონდა კონკრეტული გეგმები, მაგრამ ამ ეტაპზე მიჭირს თქმა. ბოლო პერიოდში მინდოდა ჩემი საკუთარი ბიზნესი წამომეწყო... და იმედია მალე დავუბრუნდები ჩემს იდეებს.

ვიცი, რომ გიყვარს წერა. რა ბედი ეწევა „ჟურნალისტ საკოს”?

ჟურნალისტი ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა. წერა მიყვარს, იდეებიც მაქვს და უბრალოდ ჩვევად ვერ ვაქციე ეს ყველაფერი. თუ სიზარმაცეს მოვერევი იქნებ რამე საინტერესო გამომივიდეს... არ ვიცი..

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sako (@sako_tsotsoria)

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ცხოვრობ, აქტიურად ხარ ჩართული „აქაურ” ყოველდღიურობაში და საკუთარ აზრს სოციალური მედიის საშუალებით აქტიურად გვიზიარებ. დაბრუნებას აპირებ?

საქართველო ჩემი სახლია, შესაბამისად არ მგონია ისეთი დრო დამიდგეს ცხოვრებაში რომ მანდ განვითარებულმა მოვლენებმა აღარ დამაინტერესოს. არ მინდა ბანალურად გამომივიდეს მაგრამ ჩემი ქვეყნის უდიდესი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მიხარია რომ ევროპაში გვიცნობენ საკმაოდ პოზიტიურად. ინტერესი სხვადასხვა მიმართულებით არის - ზოგს ქლაბინგი უყვარს, ზოგი რაგბის გულშემატკივარი ან ღვინის მოყვარულია, ბევრი ჩვენს სტუმართ-მასპინძლობაზეა შეყვარებული, და ბევრსაც დაგეგმილი აქვს სამომავლოდ მოგზაურობა. უცხოეთში ცხოვრებისას, პირადად ჩემი ხედვა ბევრ საკითხზე საინტერესოდ შეიცვალა. ახალი კულტურის და ხალხების ახლოს გაცნობის შემდეგ უფრო ფართო წარმოდგენა გაქვს სხვა ეროვნების ადამიანების ადათწესებზე და იწყებ შენისაზე შედარებას ან შენის გადაფასებას. ერთია შენი წარმოდგენა საკუთარ თავზე და მეორე კიდევ უამრავი ადამიანი როგორ გხედავს. ქართველები ( რამდენი ნაკლიც არ უნდა გვქონდეს) ძალიან კარგი ხალხი ვართ, თბილები, მეგობრულები, მოსიყვარულე და კეთილები, - ამის არ აღიარება და დაფასება სიბოროტეა. ცოტა მეტ მოქალაქეობრივ აქტივობას თუ გამოვიჩენთ და მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს მომავალზე, ბევრი რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლას შევძლებთ. ჩემს ჩამოსვლას რაც შეეხება, ამ ეტაპზე არ მაქვს გეგმაში, თუმცა მეტი დროის გატარება მინდა ჩემს ქვეყანაში, ეს ნამდვილად ვიცი.

ქართველი მოდელი, საკო წოწორია, რედოსინოს საკო

საკოს რჩევა GOGO!-ებს…

არ ვიცი ვინმეს ჩემი რჩევა საერთოდ სჭირდება თუ არა, ან მე ვინ მომცა იმდენი ცოდნა რომ ასე ხმამაღლა მოვუწოდო ვინმეს რამისკენ. მაგრამ ჩემს ფიქრებს ჩამოვწერ, ის რაც მე ვისწავლე ბოლო წლების განმავლობაში. და თუ ვინმეს რამეში გამოადგება ხომ კარგი.

„გუშინ” არ არსებობს, და არც „ხვალ” გვაქვს ხელთ. ამიტომ ამ მომენტით ტკბობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

დაინახე შენი თავი ერთ უმცირეს ნაწილაკად უდიდესი ენერგიის და მიხვდები, რამდენად უმნიშვნელოა ის, რაზეც ყოველ დღე ნერვიულობ. მართალი და მტყუანი არ არსებობს. არის შენი ისტორია და სხვისი. ამას თუ გაიგებ ადამიანების მოსმენა/გაგება გაგიადვილდება. რელიგია ერთია - სიკეთის. სიკეთე ყველას აბედნიერებს. ვერასდროს ვერ გეცოდინება სხვა ადამიანების ემოციური ფონი ამიტომ ნუ განსჯი იმას, რაც არ გესმის ან არ გინახავს. საკუთარ თავს თუ კარგად გაიცნობ თითქმის არასდროს მოგიწევს ტყუილის თქმა. დაუმეგობრდი შენ თავს, იმუშავე შენი შინაგანი სამყაროს გაცნობაზე, აკონტროლე ფიქრები და შესაბამისად შენი ცხოვრებაც.

Don't take SO MANY things SO personally, mostly its not about you, but them!

დაუთმე დრო შენს სხეულს. დახუჭე თვალები და იგრძენი შენი სხეული შიგნიდან - მედიტაცია ყველაფრის წამალია. შენს ხასიათზე, ემოციურ მდგომარეობაზე, ბედნიერებასა თუ უბედურებაზე პასუხისმგებელი ხარ მხოლოდ შენ! შენი პიროვნება იქმნება არა იმისგან თუ რამდენად ცუდი რაღაცები შეგემთხვა ცხოვრებაში, არამედ როგორ გაუმკლავდი ამ გამოწვევებს. არ ვიცი აქ რისთვის ვართ, მაგრამ მეეჭვება ცხოვრების ოფისებში, მატერიალურის მოხვეჭაში, ერთმანეთთან უშინაარსო კამათში, მტრობასა და საკუთარ თავთან მალვაში დროის გასაყვანად ვიყოთ მოვლენილები. ამიტომ think about your real values in life.

ზევით