#წიგნების თარო #GOGO!

რა გიყვარს ჩემში? - თერაპიული დღიური ყველასთვის

გაზიარება:

ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულით იწყება - ეს ფრაზა არა ერთხელ გექნებათ გაგონილი, მაგრამ მისი მნიშვნელობის გათავისებას ბევრი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ანდომებს. რა უყვართ ჩვენს საყვარელ ადამიანებს ჩვენში და რას ვაფასებთ საკუთარ თავში - ამ კითხვებზე პასუხს The Diary-ს რჩეული GOGO-ს წამოწყებით გასცემთ.

ნატა ტაბიძე, რა გიყვარს ჩემში, წიგნი დღიური, თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი

“რა გიყვარს ჩემში” თერაპიული დღიურია, რომლის ავტორიც პროფესიით ჟურნალისტი ნატა ტაბიძეა. არასტანდარტული ფორმატის დღიურის პრეზენტაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, თუმცა ამ შემთხვევაში ყველა წიგნს განსხვავებული ბოლო ექნება.

რა გიყვარს ჩემში, წიგნი დღიური, თერაპიული დღიური, ნატა ტაბიძე, წიგლის საერთაშორისო ფესტივალი

რა არის “რა გიყვარს ჩემში”?

ნატა: ეს არის დღიური, რომელიც საკუთარი თავის სიყვარულის გაძლიერებას ემსახურება. დღიურში დაგხვდებათ კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემასაც თქვენს ძვირფას და ახლობელ ადამიანებს სთხოვთ. ყველა კითხვა დღიურის მფლობელის შესახებაა და შეუძლებელია უარყოფითი პასუხის გაცემა. ანუ, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები გვიწერენ, რა უყვართ ჩვენში. დღიურის მეორე ნაწილი კი უკვე მფლობელისთვისაა. აქ ჩვენ თავად ვწერთ, რა შეგვიყვარდა საკუთარ თავში, მას შემდეგ, რაც მეგობრების მიერ ჩვენს შესახებ დაწერილი ტექსტები წავიკითხეთ.

როგორც ჩემი ფსიქოლოგი ამბობს, აქ თვით თერაპიული პროცესი იწყება.

შემქმნელები…

იდეის ავტორი და შემქმნელი მე გახლავართ. ჩემი პარტნიორი კი ჩემი ბავშვობის მეგობარი, ნათია ახალაიაა. ის იყო პირველი, ვინც იდეას მხარი დაუჭირა და განხორციელებისთვის საჭირო რესურსები საკუთარ თავზე აიღო. ასევე, შეუძლებელი იქნებოდა დღიურის ამ ფორმით შექმნა, ფსიქოლოგ ლარისა პარკაძის გარეშე, რომელმაც კითხვებს სწორი ფორმულირება და მიმართულება მისი პროფესიონალური ხედვით მისცა. მან, როგორც ფსიქოლოგმა დაინახა დღიური, როგორც თერაპიის მეთოდი და თავიდან ბოლომდე ჩაერთო ამ მიმართულების დამუშავებაში.

რა გიყვარს ჩემში, წიგნი დღიური, თერაპიული დღიური, ნატა ტაბიძე, წიგლის საერთაშორისო ფესტივალი, ნათია ახალაია, ლარისა პარკაძე, ფსიქოლოგი

ვისთვის შეიქმნა დღიური?

ალბათ პირველ რიგში ჩემი თავისთვის შევქმენი. მჭირდებოდა, რომ საკუთარი თავი უფრო მეტად შემეყვარებინა და მცოდნოდა, სხვა ადამიანებს რა უყვართ ჩემში. “Რა გიყვარს ჩემში” ყველა იმ ადამიანისთვისაა, ვისაც ოდესმე სმენია, რომ საკუთარი თავის სიყვარულიდან იწყება ყველაფერი მნიშვნელოვანი და კარგი.

საიდან გაჩნდა დღიურის შექმნის იდეა?

ისევ და ისევ საკუთარი გამოცდილებიდან და საჭიროებიდან. ეს არ არის ფსიქოლოგის, ქოუჩის ან რომელიმე მომიჯნავე პროფესიის ადამიანის შექმნილი კრებული. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ცვლილებები საკუთარი თავიდან უნდა დამეწყო და ამ გზას დავადექი. ეს დღიურიც ამ გზის ნაწილია.

ზოგადად, დღიურის წარმოებას თერაპიის ერთ-ერთ ფორმადაც იყენებენ.

აქვს თუ არა ეს დანიშნულებაც თქვენს პროდუქტს?

აუცილებლად. მას შემდეგ, რაც დღიურს მეგობრები და საყვარელი ადამიანები შეგვივსებენ, გვრჩება წიგნი, სადაც უამრავი სასიამოვნო რამ წერია ჩვენს შესახებ. ისეთი დეტალები, ისეთი მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან, რაც შეიძლება არც კი გვახსოვს. ამიტომ, თერაპია იქნება მისი კითხვა, ახლის გაგება ჩვენს შესახებ. შემდეგ მოდის მეორე ნაწილი, რომლის სახელწოდებაცაა “რა შემიყვარდა ჩემში?”. ეს ნაწილი იმ აღმოჩენებზე წერას ეთმობა, რაც პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ გაგვიჩნდა.

სად არის შესაძლებელი დღიურის შეძენა?

პრეზენტაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა და 4 დღის განმავლობაში უკვე ჰქონდათ მსურველებს საშუალება დღიური ეყიდათ. ახლა შეძენა ჩვენს ინსტაგრამ გვერდზეა შესაძლებელი. ყველას შეუძლია მოგვწეროს და კურიერი სასურველ ადგილზე მოგიტანთ დღიურს. თუმცა, სულ მალე კიდევ უფრო გავამარტივებთ ყიდვის პროცესს და ამის შესახებაც აუცილებლად შეგატყობინებთ.

ზევით