ქეთევან ბოლქვაძე - 22 წლის მეწარმე „პატარა სოფლიდან დიდი ამბიციებით“

დღეს, 22 წლის ყველის მეწარმე ქეთევან ბოლქვაძეს გაგაცნობთ, გოგონას პატარა სოფლიდან დიდი ამბიციებითა და გეგმებით, რომელსაც სჯერა, რომ ადრე თუ გვიან ყველა ოცნება აუხდება და ქართველი მოსახლეობა გაიცნობს როგორც ნატურალური პროდუქციის მწარმოებელს. მანამ კი ქეთის ჩვენთვის ბევრი რამ აქვს მოსაყოლი ოჯახურ ბიზნესზე, ფერმასა და დიდ სამომავლო გეგმებზე.

როგორ დაიწყო ყველაფერი...

10 წლის ვიყავი როდესაც მამამ გადაწყვიტა ყველის საწარმო გაეკეთებინა, რა თქმა უნდა, ეს ადვილი პროცესი არ იყო, თუმცა დავიწყეთ და მთელი ოჯახო დავუდექით მამას მხარში. დროსთან ერთად ეს საქმე უფრო და უფრო შემიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბავშვების მსგავსად თავისუფლება არ მქონდა, ვერ ვთამაშობდი და ვერ ვერთობოდი, რადგან საწარმოში მიწევდა ყოფნა და ოჯახის დახმარება, ღამეების თენება, ვიცოდი, რომ ერთ დღეს მიზანს აუცილებლად მივაღწევდით. ეს დღემდე ასეა, ვშროობ და ვიცი, რომ ის უკვალოდ არ ჩაივლის.

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და დედაქალაქში მომიწია გადასვა, რაც მარტივი არ იყო, რადგან ძალიან მიყვარდა ჩემი სოფელი და ჩემი საქმე. COVID 19-ის გამო უკან მალევე დავბრუნდი და ჩემი საქმიანობის გაგრძელებაც შევძელი. 21 წლის ასაკში მივხვდი, რომ განვითარება გვჭირდებოდა და მხოლოდ საწარმო აღარ იყო ჩემი ოჯახისთვის საკმარისი. იდეა ბევრი მქონდა, თუმცა ფინანსები არა, ბევრი პროექტი დავწერე და ამ ეტაპზე წარმატებით არცერთმა ჩაიარა.

მამას დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი წარმატებისთვის და დავიწყე სხვადასხვა ტრენინგის გავლა მინდა ვისწავლო ყველის სხვადასხვა სახეობა და ამ სფეროში უფრო მეტად გავერკვიო

როგორ გაჩნდა ფერმის იდეა

ტრენინგების გავლისას მიხვდი, რომ ხარისხიანი რძის საიდუმლო იმალებოდა პირუტყვის საკვებში, ამიტომ მამას ვთხოვე, რომ ფერმა გაგვეფართოებინა და შეძლებისდაგვარად ევროპული სტანდარტები დაგვენერგა, რათა მიგვეღო ხარისხიანი პროდუქცია. ასეც მოვიქეცით გავაკეთეთ ფერმა, დღემდე არ ვიცი ბევრი რამ და ძალიან, ძალიან მინდა რომ ვისწავლო ყველა დეტალი, მინდა საზღვარგარეთიდან კარგი ჯიშის ჩამოყვანა, თუმცა ესეც ფინანსებზეა დამოკიდებული და სამწუხაროდ ჩემი ხმა ვერვის მივაწვდინე.

სამომავლო გეგმები

დღესდღეობით საწარმოში ვაკეთებთ იმერულ ყველს, სულგუნს, დაწნულ სულგუნს და შებოლილ სულგუნს, ასევე პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით რომ ძალიან მალე ქართულ ბაზარზე იხილავთ ახალ სახეობას აჭარულ „ყურუთს“ რომელიც ჩვენი აჭარული ტრადიციაა და მინდა მთელმა საქართველომ გაიცნოს.

ასევე ვგეგმავ კიდევ ერთი აჭარული ყველის გაკეთებას, რომელიც სამწუხაროდ მივიწყებულია და მინდა გავაცოცხლო. ბევრი იდეა და ამბიციები მაქვს მინდა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელი ვიყო რომელიც მუდამ ორიენტირებული იქნება ნატურალური პროდუქტის შექმნაზე. ძალიან რთულია 22 წლის ასაკში ამდენ პრობლემასთან გამკლავება, მაგრამ მჯერა, რომ ერთ დღეს საქართველო გამიცნობს როგორც ნატურალური პროდუქციის მწარმოებელს.

ზევით