#ბიზნესი #საზოგადოება #GOGO!

ქეთი აქუბარდიას სიმარტივის ესთეტიკა და გზა პარიზის მოდის კვირეულამდე

გაზიარება:

დღეს ერთი ნიჭიერი და შრომისმოყვარე GOGO!-ს ქეთი აქუბარდიას ისტორიას გიამბობთ, რომელიც ნატურალური ტყავის ხელნაკეთ ჩანთებს, საფულეებს და აქსესუარებს ქმნის, თითოეული ნივთი იქმნება ინდივიდუალური მიდგომით, იღებება, იხატება და ხელით მუშავდება. IDEAS Q.A-ს მთავარ პრინციპს სიმარტივის ესთეტიკა წარმადგენს, რომლის შესახებაც უფრო დაწვრილებით გიამბობთ:

გზა, გალში ბებიის ნაპოვნი ძველი საფულიდან - პარიზის მოდის კვირეულამდე

შთაგონების წყარო გახდა ბებიის ნაქონი საფულე, რომელსაც სიძველისგან ბზარები გასჩენოდა. ჩემთვის მთავარი ამოცანა იყო ამ ეფექტის მიღება,ვეძებდი შესაბამის მასალას და ვატარებდი ექსპერიმენტებს. მრავალი ცდის შედეგად მივაღწიე სასურველ მიზანს.

წლების მანძილზე ჩემი ნამუშევრები იქმნებოდა, ვეძებდი სტილს, ფორმას. იდეა,მორგებული ყოფილიყო მომხმარებლის სურვილს. ყოველდღიურად იხვეწებოდა და ვითარდებოდა ტექნიკურად. დროთა განმავლობაში ფოკუსირება მოვახდინე გარკვეულ ფორმასა და სტილზე, ხოლო სიღრმე გავაფართოვე.

2019 წელს მივიღე შემოთავაზება, მონაწილეობაზე  პარიზის მოდის კვირეულის შოუ რუმიდან. რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჩემს საქმიანობას უკვალოდ არ ჩაუვლია.

როდის მიხვდით, რომ სწორედ იქ იყავით და იმ საქმეს აკეთებდით, რაც უნდა გეკეთებინათ?

იმდენად პატარა ასაკში დავინტერესდი, არც კი მახსოვს როდის დაიწყო. ბავშვობიდან ვხატავდი, ვქარგავდი, ვაკეთებდი მინიატურულ ჩანთებს და აქსესუარებს. ვატარებდი ექსპერიმენტებს და ამისთვის  ვიყენებდი სხვადასხვა ტექნიკებს და მასალებს.

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (რამდენიმე წელში) 2013 წელს შევქმენი IDEAS Q.A.

თითქმის 10 წელია ამ ბიზნესში ხართ, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით ამ პერიოდში როგორც მცირე მეწარმე?

იმ დროისათვის, როცა მე დავინტერესდი ტყავით და ტყავისგან შექმნილი პროდუქციით საქართველოში შეიძლება ითქვას რომ თითქმის არ არსებობდა ინდივიდუალური სტილის ჩანთა/საფულე. ბაზარზე არსებული აქსესუარები იყო შაბლონური და უინტერესო. მე კი რამე განსხვავებულს ვეძებდი. ჩემი გემოვნებიდან  გამომდინარე გამიჩნდა იდეა შემექმნა ნივთები, რომლებიც იქნებოდნენ არა მხოლოდ ყოველდღიური გამოყენების,  არამედ მომხმარებლის ხასიათისთვის გაესვათ ხაზი, მას (მომხმარებელს) აღმოეჩინა ისეთი დეტალი,რომელიც მის ინდივიდუალიზმს გამოხატავდა და განწყობას შეუქმნიდა.

ეს აღმოჩნდა რთული გზა, წინააღმდეგობებით აღსავსე, რადგან ჩემი ნამუშევრები არ არის უკვე შექმნილი ჩანთებისა და აქსესუარების ანალოგი, არამედ როგორც ზემოთ აღვნიშნე არის ინდივიდუალური სტილის, დიზაინერული ნამუშევრები და წლები დამჭირდა ადგილი დამემკვიდრებინა ქართულ ბაზარზე რათა გამეყიდა ჩემი იდეა.

რაში პოულობთ შთაგონებას მუშაობის პროცესში? 

ჩემი მსოფლმხედველობა ეფუძნება ღირებულებებს, რომ სრულყოფილი და მუდმივი არაფერია. ნამუშევრების ესთეტიკა მდგომარეობს სიმარტივეში და უბრალოებაში, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იმალება.

როგორ გამოიყურება ქეთი აქუბარდიას და მისი ხელნაკეთი აქსესუარების სამომავლო გეგმა?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჩემი მიზანია ახლო მომავალში მქონდეს მაღაზია - სახელოსნო სადაც სასურველი ნივთის დამზადების პროცესი მომხმარებლის , დამთვალიერებლის თუ უბრალოდ  დაინტერესებული ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ზევით