#GOGO!

ნინო სეფოს სამკაულებით მოყოლილი ისტორია

გაზიარება:

ნინო სეფო ახალგაზრდა, ნიჭიერი და მსოფლიო მოდის სფეროშიც უკვე საკმაოდ ცნობილი დიზაინერია. ნინო საკუთარ წარმატებაზე საკმაოდ თავმდაბლურად საუბრობს და The Diary-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ წარმატებისკენ ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი. თუმცა, NINO SEPO-მ უკვე მიიპყრო ისეთი გამოცემების ყურადღება, როგორიცაა Vogue და Harper’s Bazaar. სეფოს ნამუშევრები სახასიათოა და ყოველი მათგანი საკუთარ ისტორიას ყვება. ნინო აღნიშნავს, რომ მოდა უბრალოდ ლამაზი ტანსაცმელი როდია, მოდას შეუძლია იყოს პოეტური, იყოს ჯადოსნური და იყოს თავისუფლების ერთგვარი სიმბოლოც.

nino sepo

ნინო, როგორ დაიწყეთ სამკაულების დიზაინი?

სამკაულების დიზაინი 2016 წელს დავიწყე, მანამდე კი, რამდენი წელი კოსტუმებზე ვმუშაობდი. ეს თითქოს, ერთგვარი გაგრძელება იყო იმისა, რასაც მანამადე ვაკეთებდი, რადგან სტილისტიკა და ეგრეთ წოდებული „თხრობის ხაზი“ შენარჩუნებულია, უბრალოდ შეიცვალა მასალა და ფორმა. სამკაულების სფერო იმდენად კომფორტული აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მთლიანად სამკაულის ხაზს ვავითარებ და ახლა NINO SEPO სამკაულის სამარკო ნიშანია მხოლოდ.

რა არის თქვენთვის მოდა?

მოდა უბრალოდ ლამაზი ან მახინჯი ტანსაცმელი კი არ არის, არამედ ძალიან მძლავრი სოციალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური იარაღია. სწორედ ამიტომ ჩემთვის მოდის სფერო კვლევის ერთ-ერთი საინტერესო საგანია. რაც შეეხება ტრენდებს და ტენდენციებს, მე არ ვარ დიზაინერი, რომელიც ტენდენციებზეა დამოკიდებული და ვცდილობ ნაკლებად შემეხოს ეს შემოთავაზებული თამაშის წესები. ამჟამად ტრენდული ესთეტიკები ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩემი ნამუშევრები ეხმიანება, ვცდილობ მაქსმალურად  დისტანციური ვიყო ტენდენციებისგან. მე ვიცი რას ვაკეთებ, ვიცი როგორ ვაკეთებ და რა მაქვს სათქმელი.

nino sepo

ჩემთვის მოდის შექმნა თამაშს გავს. ვთამაშობ სხვადასხვა ფორმებთან და მასალებთან. ჩემს ბრენდს სურს, რომ ხალხს დაანახოს, რომ მოდის ენაზე პოეტურობის, სიყვარულის, ჯადოსნურობის და თვით თავისუფლების გადმოცემაც შეიძლება

რა გავლენას აქვს მამას, თენგიზ სეფიაშვილის შემოქმედებას თქვენს შემოქმედებაზე?

ხშირად არტისტებს ეს ტერმინი არ სიამოვნებთ, თუმცა შემოქმედება გავლენების გარეშე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, მამას შემოქმედებას ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩემზე, ჩემს ჩემოქმედებაზე და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგალითად სახე, რომელიც რამდენიმე კოლექციაში მაქვს გამოყენებული, მამაჩემის ნამუშევრის ელემენტია.

nino sepo

სად შეიძლება თქვენი სამკაულების შეძენა?

ჩემი სამკაული იყიდება, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე ბრიტანეთსა და აშშ-ში.  ძალიან მიხარია და ვფიქრობ, გამიმართლა, რომ თითოეული ის მაღაზია, რომელიც ჩემი პროდუქტის შესყიდვას აკეთებს ზუსტად ეხმიანება იმ ღირებულებებს, რაც ჩემს ბრენდს აქვს.

ხშირ შემთხვევაში, NINO SEPO ისეთი ბრენდების გვერდზეა გამოფენილი, რომელთაც გვერდით ჩემი თავის დანახვა ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი არ შემეძლო.

nino sepo

ხშირად ხვდებით საერთაშორისო გამოცემების ყურადღების ცენტრში.

ამ მხრივ ნამდვილად მიმართლებს, რადგან ჩემი პირველი სადიპლომო კოლექცია იტალიური VOGUE-ში მოხვდა, როგორც წლის წარმატებული პროექტი. შარშან კი, უკვე მეორედ, იტალიური VOGUE-ის ყურადღება მივიპყრე და დედამიწის დღესთან დაკავშირებით სტატია ჩემი ნამუშევრებით გამოაქვეყნა. ასევე  იყო ფრანგული VOGUE, რომელმაც MUST HAVE პროდუქტების სიაში ჩემი საყურე შეიყვანა. HARPERS BAZAAR-მა კი აქსესუარების იმ დიზაინერთა შორის დამასახელა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ.  ამას გარდა, სხვა უამრავი ძალიან ცნობილი გამოცემა დაინტერესდა ჩემი ნამუშევრებით.

nino sepo

რას ურჩევთ გოგოებს, რომელთაც ასევე სურთ წარმატებას მიაღწიონ?

მეც ჯერ განვითარების გზაზე ვარ, მეც უამრავ რჩევას ვისმენ, ვუშვებ შეცდომებს, ვსწავლობ და ჯერ კიდევ არ მაქვს ათვლის ის წერტილი, საიდანაც შეიძლება წარმატებულად ვიგრძნო თავი. შესაბამისად, რთულია ვინმეს მივცე რჩევა, თუმცა, დაუღალავი შრომა, ცოდნა და ყველაფრის სწორი დაგეგმარება არის მთავარი.

და რა თქმა უნდა, იოცნებეთ დიდ და გრანდიოზულ ამბებზე. დასახეთ პატარა და პრაგმატული გეგმები ამ დიდ მიზნამდე მისასვლელად.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი, ლეკო ჭყონია

ზევით