ნატალი მიკიტას: „როდესაც საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, ვიცოდი რომ მეორე სამშობლოში მივდიოდი“

ავტორი: ნატალი მიკიტას

 

24 თებერვლამდე მარკეტინგული გუნდის ხელმძღვანელად ვმუშაობდი კიევში, საკმაოდ ცნობილ კომპანიებში, სავსე და საინტერესო ცხოვრება მქონდა, მეგობრებთან ერთად ვატარებდი უდიდეს დროს, როგორც ნორმალური ადამიანები დავდიოდით კინოში, თეატრში... ჩემი ცხოვრება მხოლოდ სამსახურით და სახლით არ შემოიფარგლებოდა, ის სრულყოფილი იყო.

24 თებერვალს დილის 5 საათზე ჩემი უფროსის შეტყობინებამ გამაღვიძა, საერთო ჩათში ის გვწერდა რომ არც თუ ისე მშვიდობიანი დღე გაგვითენდა და სამსახურში არ მივსულიყავით. ნელ-ნელა სხვა სიახლეებსაც გავეცანი, აფეთქებების ხმაც გავიგონე და მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობდი, მალე გათენებულიყო, რადგან ქალაქების დაბომბვა ძირითადად ღამით მიმდინარეობს, ვიცოდი მზის სინათლე ამ საშინელებას შეაჩერებდა.

Facebook-ის ჩემს პირად გვერდზეც შევედი და დავწერე, რომ ყველაზე ძლიერი სიბნელე გათენებამდე იცის, ამ სიტყვების ახალი მნიშვნელობაც შევიტყვე, სიბნელის, როგორც იმ ყველაფრისა, რაც ჩვენს თავს ხდებოდა.

მეორე დილას შესაძლებლობა მომეცა მეგობრებთან ერთად დამეტოვებინა ქალაქი, მაშინ უარი განვაცხადე, ჩემს სახლში მსურდა ყოფნა და არსად წასვლას არ ვაპირებდი. კიევი არ არის ჩემი მშობლიური ქალაქი, თუმცა 12 წელი ვიცხოვრე იქ და იმაზე მეტად შევიყვარე ვიდრე შესაძლებელი იყო. მთელი ჩემი ცხოვრება კიევში იყო და არ ვიყავი მზად ეს ყველაფერი მიმეტოვებინა.

ყოველ დღეს და განვითარებულ მოვლენებს თითოეული უკრაინელი ისევე აღგიწერთ, როგორც მე, ჩვენ ყველაფერი გვახსოვს, ყოველი დეტალი იმ დღეებისა...

მეგობრები იმ დილას მართლაც გავიდნენ ქალაქიდან, მე კი ჩემს ბინაში დავრჩი, გარდერობში და იატაკზე მეძინა, რადგან ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო. თავშესაფარში წასვლის ძალიან მეშინოდა, იქ ძალიან ბევრი ადამიანი აფარებდა თავს და არსებობდა იმის საშიშროება, რომ სწორედ მსგავსი ადგილებისთვის მიეყენებინათ დარტყმა. 

მარტო ვიყავი, იატაკზე ვჯდებოდი და ხმამაღლა ვლოცულობდი, ძალიან მეშინოდა

ომის მეექვსე დღეს შევიტყვე, რომ ხარკოვის დაბომბვა აქტიურად დაიწყეს და ჭურვებს ესროდნენ ყველაფერს, იქნებოდა ეს საცხოვრებელი სახლი თუ მერია. მაშინ გავაცნობიერე, რომ იგივე კიევშიც შეიძლებოდა მომხდარიყო და იმის იმედი, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს არაფერს დაუშავებდნენ უბრალოდ გულუბრყვილო ფიქრი იყო. შევედი გარდერობში და ჩანთის ჩალაგება დავიწყე, მიუხედავად იმისა, რომ შოპაჰოლიკი ვარ და უამრავი ძვირადღირებული ნივთი მოიძებნებოდა ჩემს გარდერობში, მხოლოდ ჯინსის შარვალი, რამდენიმე მაისური და თბილი სვიტერი ავიღე.

იმ ძვირფას ნივთებს, რომლებიც გარდერობში იდო, იმ წუთებში არანაირი მნიშვნელობა, ღირებულება არ გააჩნდა.

პირველივე მატარებელში ჩავჯექი, ხმელნიკში ჩავედი და დევნილთა თავშესაფარში გავათენე ღამე, მეორე დღეს ჩერნოვცის ოლქისკენ ავიღე გეზი, რადგან ის რუმინეთის საზღვართან არის ახლოს. თუმცა, იმ დროსაც კი არ მინდოდა უკრაინის დატოვება, ჩემი მშობლიური ქვეყნის უკან მოტოვებისთვის მზად არ ვიყავი და კიდევ 5 დღე ამ ფიქრში დავყავი. საბოლოოდ ეს მძიმე გადაწყვეტილება მაინც მივიღე, გადავკვეთე უკრაინა-რუმინეთის საზღვარი და თბილისისკენ ავიღე გეზი.

როდესაც საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, ვიცოდი რომ მეორე სამშობლოში მივდიოდი და ეს საოცრად მამშვიდებდა.

ჩემმა კოლეგებმა თბილისიდან დამირეკეს და მითხრეს რომ აქ აუცილებლად დამეხმარებოდნენ, სინამდვილეში იმაზე მეტადაც კი დამეხმარნენ ვიდრე წარმოდგენა შემეძლო, მათი ძალიან მადლიერი ვარ. 2 საათში კარგი აპარტამენტი მიპოვეს და მშობლებივით მაქცევდნენ ყურადღებას და ეს დღემდე ასეა.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე გამიჩნდა სურვილი აქედან დავხმარებოდი ჩემს თანამემამულეებს და ამ მიზნით ნინო ქათამაძის ფონდში აღმოვჩნდი. ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე კარგად გამომდის ცხოვრებაში - მარკეტინგის სფეროში ვმუშაობ და ძალებს არ ვიშურებ უკრაინელების დასახმარებლად.

მიმაჩნია, რომ დღეს თითოეული უკრაინელის მოვალეობა საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე ფიქრია, სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი უკეთესი მომავლის შენებაში.


The Diary ომის გამოცხადების პირველივე დღიდან აქტიურად აშუქებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, დღეს კი პლატფორმას და პროექტ GOGO!-ს, Nino_Katamadze_Fund-თან თანამშრომლობით, იმ უკრაინელ გოგოებსა და ქალებს ვუთმობთ, ვინც ომს გამოექცა და თავი საქართველოს შეაფარა. ნატალი მიკიტას საქართველოში ომის შემდეგ ჩამოვიდა, დღეს ნატალი ნინო ქათამაძის საქველმოქმედო ფონდში მუშაობს და თანამემამულეებს საკუთარი პროფესიის, კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამისი სამსახურის მოძებნაში, დასაქმებულების უფლებების სამართლებრივ დაცვაში და ქართულ საზოგადოებაში რესოციალიზაციის პროცესში ეხმარება.

ზევით