MAJI'S MAGIC ACCESSORY

სულ ცოტა ხნის წინ ქალი ანტერპრენერის იდეა შეუძლებლადაც მოგეჩვენებოდათ, მაგრამ დღეს, ქალი ბიზნესის სათავეში სასიამოვნო რეალობაა. ვინ არიან GOGO-ები, რომლებსაც The Diary ასეთ მხარდაჭერას უცხადებს? ეს არიან ახალგაზრდა ქალები, რომლებმაც საკუთარი საქმე დაიწყეს და წარმატების გრძელ და რთულ გზას გაუდგნენ. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია ქალის მიერ დაწყებული საქმე, ამიტომ ქალების ბიზნესების განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით, რუბრიკა GOGO სპეციალურად შევქმენით.

ანნა და ნათია

დღეს ნათია კობახიძეს გაგაცნობთ, რომელიც ყველასთვის ცნობილი და საყვარელი „ქართული ხმების" ერთ-ერთი რძალია, ყოფილი მოცეკვავეა, ასევე ერთ-ერთი მსხვილი ღვინის კომპანიის მარკეტინგია, არის სუპერ წარმატებული მეუღლე და დედა, ცოტა ხნის წინ კი, საკუთარ გოგოსთან ერთად აქსესუარების ბრენდის Maji's Accessory დამფუძნებელი გახდა.

პირველი ნაბიჯები

ნ.კ.:ერთ დღეს შემთხვევით ამოვიკითხე ინფორმაცია ვერცხლის თვისებების შესახებ. ვერცხლი ე.წ. „კეთილშობილი“ მეტალი, თურმე  დადებითი ენერგიის მატარებელი ყოფილა და მისი ყოველდღიური  ტარება პოზიტიურად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ზუსტად ამიტომ, გამიჩნდა სურვილი გამეკეთებინა რაიმე სამკაული ჩემთვის. როდესაც დავიწყე ფიქრი, თუ რა მინდოდა და როგორი, ამ პროცესში ჩაერთო ჩემი შვილი ანნა, რომელიც 16 წლის არის და მანაც გამოთქვა სურვილი ჰქონოდა მსგავსი აქსესუარი. ამოცანა გართულდა, სამკაული მარტივი მოსახმარიც უნდა ყოფილიყო და თანაც ისეთი, რომ ორივე თაობის გემოვნებაში ჩამჯდარიყო.  დავხატეთ ესკიზი და გავაკეთეთ ორი სამაჯური ჩემთვის და ანნასთვის. როდესაც პირველად მოვირგეთ სამკაული, მივხვდით, რომ მართლაც განსაკუთრებულად დადებითი ენერგია ჰქონდა და მოგვინდა ამ ენერგიის სხვებისთვის გაზიარება. ეს არამარტო ჩვენი „მაჯის’’ აქსესუარი უნდა ყოფილიყო, არამედ თქვენი, ყველასი.

ვერცხლის ყოველდღიური ტარება პოზიტიურად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

ვერცხლის აქსესუარი

გავაკეთეთ ბრენდინგი.  ნეიმინგის პროცესიდან დაწყებული, კონცეფცია, ლოგოს და შეფუთვის დიზაინი, მისი ტექნიკურად  აწყობა  მთლიანად ჩემი და ანნას შემოქმედებაა. შეიქმნა ორი მიმართულება, ქართული და ლათინური სიმბოლოები.  ქართული მოტივების ინსპირაციის წყარო ჩემი მეგობარი, ამერიკაში მცხოვრები ლილიკო გუგუშვილი იყო, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. ასე მიიღო ამ ყველაფერმა ბიზნესის სახე, თუმცა ჯერ მხოლოდ სამი თვეა რაც გამოვჩნდით ბაზარზე. გვიხარია, რომ „მაჯის“ აქსესუარი უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს და არაერთი ერთგული მომხმარებელი შეიძინა.

MAJI'S ACCESSORY

ნ.კ.:„მაჯის“ დიზაინი გათვალისწინებულია, როგორც თინეიჯერი გოგონებისთვის, ასევე ქალბატონებისთვისაც. ვთვლით, რომ მისი სადა და მინიმალისტური ვიზუალი აბსოლუტურად შეესაბამება სხვადასხვა თაობის მოთხოვნებს. ამ ეტაპზე „მაჯის“ აქსესუარი  მხოლოდ ქალბატონებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ  მამაკაცებისთვისაც შევქმნათ კოლექცია. რაც შეეხება თავად პროცესს, ის ძალიან საინტერესო. ვერცხლის თვისებების გათვალისწინებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში დეტალურად შევისწავლეთ, მისი დრეკადობა, ასევე ხელოვნურად შექმნილი ეფექტები, ოქსიდირება და როდირება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანნა და მე ერთად ვქმნით დიზაინს, ხშირად ვდავობთ კიდევაც დეტალებზე, მაგრამ საბოლოოდ ვთანხმდებით საუკეთესო ვერსიაზე. დიზაინის სისრულეში მოყვანა უკვე ჩვენი მეგობარი, ზურა ყანდაშვილის დახმარებით ხდება. ზურა ძალიან ყურადღებით და მონდომებით უდგება საქმეს.  სრული სიზუსტით ასხამს ხორცს ჩვენს ჩანაფიქრებს.

ვერცხლი

ანსამბლი რუსთავი

ნ.კ.:ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ფერადი და საინტერესო წლებია. 19 წელი გავატარე  ანსამბლში, რაც დამეთანხმებით ცოტა არ არის. როცა ყოველდღიური შეხება გაქვს ისეთ საოცარ ადამიანებთან, როგორიც ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და ფრიდონ სულაბერიძეა, უყურებ და სწავლობ იმას, რასაც ეს პიროვნებები ასეთი სიყვარულით აკეთებენ ჩემი აზრით ძალიან დიდი გამართლებაა. ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ უფრო ბევრი რამ შევიძინე ამ ანსამბლში. ყველაზე ძვირფასი რაც კი ცხოვრებაში შეიძლება ინატრო ადამიანმა: საუკეთესო მოგონებები, ყველაზე მაგარი მეგობრები და ჩემი ოჯახი, ეს ყველაფერი „რუსთავმა“ მომცა. რომ არა ეს ანსამბლი მართლა არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. თუმცა, დღეს უკვე ყოფილი მოცეკვავე ვარ. ცოტა სენტიმენტებს იწვევს ეს ფაქტი ჩემში, მაგრამ ასეა ხელოვანის პროფესია. მოდის არაჩვეულებრივი ახალი თაობა, რომელსაც ვთვლი, რომ უნდა დაუთმო ასპარეზი.

ანსამბლი რუსთავი

ოჯახი, კარიერა, ბიზნესი

ნ.კ.:მე მჯერა, რომ ადამიანს იმდენის გაკეთება შეუძლია, რამდენის გაკეთების სურვილიც აქვს. გულით როცა გინდა, საკმარისი დროც ჩნდება და ენერგიაც, ისე რომ ყველა საქმე ეფექტიანად მართო და ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება არ მოაკლო ოჯახს.

GOGO!

ნ.კ.:აუცილებლად მოიყვანეთ სურვილები სისრულეში! ყველაზე სასიამოვნოა, როცა შენი შრომით შექმნილ პროდუქტს ხედავ და უფრო მეტად სასიამოვნოა, როდესაც მომხმარებლისგან დადებით უკუკავშირს იღებ, ამიტომ ახალ გამოწვევებს არ უნდა შევუშინდეთ! გოგოებო ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ და ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია!

ზევით