ლანა წურწუმიას რეალიზებული ანტრეპრენერული ოცნება

GOGO!-ს რუბრიკის წყალობით, ჩვენი მკითხველი არაერთ წარმატებულ ქალ ანტრეპრენერს იცნობს, რომლებმაც ერთ დღეს საკუთარი ოცნებებისკენ ხელის გაშვერა და მათი რეალობად ქცევა გადაწყვიტეს. ლანა წურწუმია წარმოშობით აფხაზეთიდანაა, დევნილობის წლები ლანამ სამშობლოსგან შორს გაატარა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნით, სწორი შემართებითა და საყვარელი ადამიანებისგან მიღებული მოტივაციით ლანამ საკუთარი ბიზნესის კეთება საბავშვო აქსესუარებისა და სათამაშოების ონლაინ მაღაზიით დაიწყო.

წარმატებული სტარტის შემდეგ, ჩვენმა დღევანდელმა გმირმა თავი საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გამოშვებით გამოიწვია და სწორედ ასე შეიქმნა ავტორი, მამაკაცის კლასიკური კოსტიუმებისა და ახლა უკვე საპატარძლო კაბების ბრენდი, რომელიც გამოხატული ინდივიდუალურობით, განსაკუთრებული გემოვნებითა და დახვეწილი სტილით გამოირჩევა.

გაიგეთ ლანა წურწუმიას რეალიზებული ანტრეპრენერული ოცნების შესახებ მეტი სტატიაში:

პირადი ისტორია

წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვცხოვრობდი და ვსწავლობდი პეტერბურგში. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ოჯახით გადავწყვიტეთ თბილისში გადმოსვლა. ზუსტად ამ ქალაქმა მაჩუქა თავისუფლების და სიმსუბუქის შეგრძნება, სითბო და სიყვარული მაგრძნობინა. აქ შევძელი ჩემი პროექტების რეალიზება, რომლებიც მახარებს მე და ჩემს მომხმარებლებს.

გზა ანტრეპრენერობამდე

საქართველოში ჩამოსვლის დღიდან, ვფიქრობდი რით შეიძლებოდა დავკავებულიყავი. დიდი ხანი ვეძებდი და ვიცოდი რომ დამქირავებელთან მუშაობა არ მინდოდა. მსურდა მქონოდა საკუთარი, პატარა საქმე რომელიც სიამოვნებას მომგვრიდა და ამავდროულად სასარგებლო იქნებოდა. პირველი რაც გავაკეთე გავხსენი ხელნაკეთი საბავშვო აქსესუარების და სათამაშოების ონლაინ მაღაზია, მოტივაციად  ჩემი ბავშვები იქცნენ, რადგან საქართველოში სამწუხაროდ რაიმე ექსკლუზიურს ვერ ვპოულობდი მათთვის. მახარებს რომ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ბრენდები, რომლებიც ამახვილებენ დიდ ყურადღებას ეკოლოგიურობასა და დიზაინზე. 2 წელი ვიმუშავე ონლაინ და შემდეგ გავხსენი offline მაღაზია, სადაც მომხმრებლებს შეძლებოდათ მოსვლა და პროდუქციის დათვალიერება.

ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა მომხმარებლებთან უშუალო კონტაქტი, ისინი მარტივად იქცნენ ახლობლებად და დღემდე, მუდმივად ბრუნდებიან სიახლეებისთვის.

გადალახული შიშები და მთავარი მოტივაცია

მოგვიანებით გამიჩნდა ტანსაცმლის მაღაზიის გახსნის იდეა, მამაკაცის ხაზით. უმრავლესობა მაღაზიების ქალებისთვისაა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ვისურვებდი მამაკაცების სამოსზეც მეტი გვეზრუნა. დავინახე რომ ჩვენთან იყო ამის ნაკლებობა. მომინდა გამეკეთებინა რაიმე ინდივიდუალური და არა რიგითი უბრალოდ ტანსაცმლის მაღაზია. მოტივაციას მაძლევდნენ ჩემი და და მეუღლე, რომლებმაც მოიწონეს იდეა და რეალიზებაში დამეხმარნენ. ყოველთვის მაინტერესებდა მოდა, დიპლომიც მაქვს მოდის ისტორიკოსის მიმართულებით, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ამ სფეროში რეალიზება.

მზიან საქართველოში გადმოსვლის შემდეგ ხელახლა მოვსინჯე საკუთარი თავი ამ სფეროში.

სირთულეები სტარტაპის საწყისს ეტაპზე

გამოუცდელობის გამო, სირთულეებმა ყველა მიმართულებით იჩინეს თავი. აქამდე არასდროს მქონია საკუთარი ბიზნესი, ეს აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და შრომატევადი პროცესი, სადაც შენს ყოველ ქმედებას მოსდევს შედეგი, რაზეც პასუხს აგებს პროექტის ხელმძღვანელი. მადლობელი ვარ ყველა სირთულის, რომლებმაც დღევანდელ დღემდე მომიყვანა.

ავტორი და მისი განსხვავებული სეგმენტი 

ჩემი სტარტაპი მოიცავს მამაკაცის კლასიკურ კოსტიუმებს და საქორწილო კაბებს, ზუსტად ამაში არის ჩემი განსხვავებულობა. ვიხსენებ ჩემს მეგობრებს რომლებიც ვერ პოულობდნენ ტანსაცმელს ქორწილისთვის ან სხვა ღონისძიებისთვის სადაც იყო დრესკოდი. ვიფიქრე რა მოხდებოდა თუკი გავაკეთებდი ისეთ შოურუმს, სადაც მოვიდოდნენ მომხმარებლები და აარჩევენ როგორც კოსტიუმს ასევე საქორწილო კაბებს. გადავწყვიტე ზუსტად ეს ყოფილიყო ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი სხვა საქორწილო სალონებისგან ან უბრალოდ მამაკაცის სამოსის მაღაზიებისგან.

ავტორის მთავარი სათქმელი

შენ ხარ საკუთარი სტილის ავტორი. ჩვენი მაღაზიის სახელწოდებაც „ავტორია“. ძალიან მომწონს სიტყვა ავტორი, ზუსტად ამას ვიყენებ ცხოვრებაშიც, ვდებ ძალიან დიდ აზრს. სწორედ ჩვენ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ნებისმიერი სცენარი და მივყვეთ მას. მივცეთ მაგალითი სხვებს და ასევე მივიღოთ სხვისგან. მთავარია გვქონდეს გულწრფელი სურვილი ვიყოთ გახსნილები ამ სამყაროსთვის, გვესმოდეს რომ სიძნელეები ცხოვრების ნაწილია და ისინი პიროვნულად გვაძლიერებენ. მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს არ დაგავიწყდეთ! იოცნებეთ, იმოქმედეთ და გზადაგზა დაისახეთ პატარა მიზნები.

რჩევა ქალი ანტრეპრენერბისთვის

დღეს შეგიძლიათ გახდეთ უკეთესი ვიდრე გუშინ, შექმნათ რაღაცა თქვენთვის და საზოგადოებისთვის. გუშინდელ დღეს ვერ დავაბრუნებთ, დღესვე უნდა ვიმოქმედოთ.

ზევით