#GOGO!

Happy Green - ჯანსაღი დეტოქს წვენების სტარტაპი

გაზიარება:

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ბავშვობისდროინდელი ოცნების ახდენის მიზნით, ანა გაგუამ და ლიზა აბრამიშვილმა ჯანსაღი საკვების მაღაზია - Happy Green დააფუძნეს. დეტოქს წვენები, სმუზები თუ მცენარეული რძე - Happy Green ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღსა და მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოთ.

გაეცანით Happy Green-ის შექმნის ისტორიას ანა გაგუასგან და მოისმინეთ რა გამოარჩევს სტარტაპს, რა გზა განვლო დღევანდელობამდე და რა არის მისი მთავარი ნიშა.

თქვენი პირადი ისტორია გვიამბეთ, როგორ გახდით მეწარმე ქალი და რა გზა განვლეთ ამ სტატუსით, დასაწყისიდან - დღემდე.

Happy Green დავაარსეთ ორ მეგობარმა ლიზა აბრამიშვილმა და მე - ანა გაგუამ. ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ და ყოველთვის ვოცნებობდით საერთო ბიზნესზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, როდესაც ერთად აღმოვჩნდით დავიწყეთ ფიქრი რისი გაკეთება შეგვეძლო, გამომდინარე იქედან, რომ ორივე ჯანსაღი ცხოვრების წესს მივყვებით და ძალიან გვიყვარს ჯანსაღი საკვები, ვიფიქრეთ, რომ ამ ნიშაში უნდა მოგვეძებნა ჩვენი საქმე. დეტოქს წვენები უკვე აპრობირებულია საერთაშორისო ასპარეზზე და დიდი პოპულარულობით სარგებლობს, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო წვენებით და სმუზებით. 

შევიძინეთ პროფესიონალური აპარტურა და გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საკითხში.

ყველაფერი მე და ლიზამ დავიწყეთ, საქმეში ჩავდეთ ჩვენივე ფული და დავიწყეთ ნედლეულის შეძენა, დაწურვა და დარიგება. ყველა ეტაპის გავლა თავად გვსურდა, რათა უკეთ გაგვეგო ბიზნესის ნიუანსები. ჩვენს წვენებს მომხმარებელი მალევე გამოუჩნდა, გვერდში დაგვიდგნენ მეგობრებიც, მალევე ჩვენს სტარტაპს პარტნიორები გამოუჩნდა, გაჩნდა მოთხოვნა სოციალური პლატფორმიდანაც. მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, უკვე თამამად გაგვქონდა წვენები რეალიზაციაზე, ამან მუდმივი შემოსავლის წყარო გაგვიჩინა, პარალელურად კი ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვაგრძელებდით მუშაობას.

მოგვიყევით, რა სახეობის პროდუქციას აწარმოებთ?

ჩვენ ვაწარმოებთ ცივი დაწურვის წვენებს, სმუზებს, მცენარეულ რძეს და ასევე გვაქვს ჯანსაღი დესერტების ხაზი. 

ვიყენებთ ცივი დაწურვის ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ვიტამინები და მინერალები წვენში. არ ვიყენებთ არანაირ კონსერვანტს, საღებავს და შაქარს, მხოლოდ ნატურალური ხილ-ბოსტნეულისგან შემდგარ მიქსებს.

ჩვენი მიქსები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი ადამიანი მოძებნის თავის საყვარელ გემოს.

ჯანსაღი დესერტების ხაზი ამ ეტაპზე შედგება ენერგეტიკული ბურთულებისგან, მიწისთხილის კარაქისგან და მცენარეული რძისგან. ყველა პროდუქცია მზადდება მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან.

რა სირთულეებს წააწყდით სტარტაპის განვითარების პროცესში?

სირთულე იყო ყველა ეტაპზე. ელემენტარულად, ძალიან რთულია ადეკვატური ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, საქართველოში არსებულ სერვისებზე, რაც ართულებდა და აჭიანურებდა ბიზნესის დაწყებას. არ მოგვწონდა არსებული ბოთლების დიზაინი ბაზარზე, ამიტომ მოგვიწია საკუთარი ფორმის შექმნა. ასევე სირთულეებს წავაწყდით ნედლეულის დისტრიბუციასთან ფასებით და ხარისხით დაწყებული, ლოჯისტიკით დამთავრებული.

რას ურჩევდით იმ ქალებს, რომლებიც მეწარმეობისკენ ნაბიჯის გადადგმას ცდილობენ...

ყველა ქალს ვურჩევ იყოს მზად ძალიან ბევრი სირთულისთვის, მაგრამ ამავდროულად ყველაზე საინტერესო გზისთვის ცხოვრებაში, რომელიც ძალიან დიდ გამოცდილებას მისცემს. გჯეროდეთ საკუთარი თავის. ყოველ დღე პატარა გადადგმული ნაბიჯი არის საიმედო მომავლის წინაპირობა. 

როგორია Happy Green-ის სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმები არის მუდმივი ასორტიმენტის გაფართოება, მეტ საკვებ და სავაჭრო ობიექტებში შესვლა და საკუთარი "ჯუს ბარის" გახსნა ყველა უბანში.

სტატია მომზადდა საქართველოს მეწარმეთა ასოციაციასა და The Diary-ს მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ანტერპრენერი ქალების მხარდაჭერას. ვებ პლატფორმა The Diary-ის პროექტი - GOGO! იმ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან.

ზევით