#GOGO!

Cumbo POPS - კვირის კიდევ ერთი GOGO!-ს საოცარი ქართული ბრენდი

გაზიარება:

ამ ინსტაგრამ გვერდს გემრიელი სურნელი დაჰკრავს. დიახ, ერთი შეხედვითაც იგრძნობა, რომ “ცუმბო პოპსი” ძალიან გემრიელი რამაა. ბრენდის შემქმნელი 27 წლის მარი ჭუმბურიძეა, რომელმაც შვედეთში მიღებული განათლება, ინტერესები და სხვადასხვა სფეროებში მიღებული გამოცდილება გააერთიანა და საკმაოდ გამორჩეული სტარტაპი წამოიწყო.

ცუმბო პოპსი მარიამი

მარი: პროფესიით სოციოლოგი ვარ. სწავლის პარალელურად, ჩართული ვიყავი სხვადასხვა ტიპის პროექტებსა და მოხალისეობრივ საქმიანობაში. ყოველთვის მქონდა სურვილი, ისეთი საქმე მეკეთებინა, რითაც ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შევუწყობდი ხელს. ალბათ, ლუნდის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, შვედეთიდან საქართველოში დაბრუნებისას, სწორედ ეს აღმოჩნდა ის ძირითადი ფაქტორი, რამაც მიბიძგა, იმ კონკრეტულ დროს, დავინტერესებულიყავი სამეწარმეო საქმიანობით და შემექმნა პირველი ქართული პოპსების ბრენდი „ ცუმბო პოპსი“. ამასთან ერთად, ჩემი ინტერესის სფერო მრავალფეროვანია : მუსიკა, მხატვრობა, ფილოსოფია, თანამედროვე ხელოვნება, ფოტოგრაფია, სპორტული აქტივობები და სოფლის მეურნეობა, რომელიც „ცუმბო პოპსის“ არსებობის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Cumbo Pops (@cumbo__pops)

რა არის “ცუმბო პოპსი”?

„ცუმბო პოპსი„ არის პირველი ქართული ხილის პოპსების (ხილის ყინული) ბრენდი, რომელიც დაარსდა 2017 წელს. სწორედ იმ დროიდან ვთავაზობთ ადამიანებს ჯანსაღ და დიდი სიყვარულით დამზადებულ პოპსებს.

რით არის გამორჩეული თქვენი პროდუქცია?

მას შემდეგ, რაც „ცუმბო პოპსი“ შეიქმნა, წარმოების პრინციპები ეფუძნება ხელით დამზადების პროცესს, ადგილობრივ, სეზონურ ნედლეულს და ნულოვან ქიმიურ თუ ხელოვნურ დანამატებს. უფრო კონკრეტულად, კი ჩვენს მიერ წარმოებული პოპსი არ შეიცავს რაფინირებულ შაქარს, გლუტენს და რძეს. სწორედ, ამ ნიშან-თვისებებით არის გამორჩეული კვების ბაზარზე.

ცუმბო პოპსი ნაყინი ხილის

საიდან გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა?

ყველაფერი დაიწყო, 5 წლის წინ, აპრილის ერთ საღამოს, როცა სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე, Tbilisi Flea Market-ის განახლების შესახებ. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა სურვილი დამემზადებინა პოპსები, თუმცა ამ საქმიანობის დაწყებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიძგის მომცემი, ეს სიახლე გახდა. სიახლე, რომელმაც ჩემი ყოველდღიურობა საოცარი ემოციებითა და დაუჯერებელი ისტორიებით შეავსო. ახლა როცა, ამდენი წელი გავიდა, გული ისევ ისე ძგერს, როცა ვიხსენებ პირველი მარკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდს, პირველ მომხმარებელს და იმ უკუკავშირს, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

რა არის “ცუმბო პოპსის” მიზანი?

სამომავლოდ, გვსურს, ლოკალურ დონეზე გაყიდვების არხების გაზრდა, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი პოპსები. ახალი კორპორაციული კლიენტების შეძენა; მიტანის სერვისის გაფართოება. ამასთან ერთად, ჩვენს მიზანს წარმოადგენს, ისეთი ნაბიჯების წარმატებით გადადგმა, რაც ექსპორტზე გასვლაში დაგვეხმარება.

ცუმბოს პოპსები

მომხმარებლის რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?

ჩვენს მიერ წარმოებული პოპსის თვისებებიდან გამომდინარე, ძირითადი მომხმარებლები არიან : ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები, სპორტსმენები, გლუტენის და ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანები, ვეგანები, დიაბეტიკები, ბავშვები და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლისთვისაც პოპსი ცხოვრების სტილს წარმოადგენს. ასევე, ჩვენი პროდუქტის მიმართ ინტერესს გამოხატავენ, სხვადასხვა ტიპის ღონისძიების მენეჯერები, მარკეტოლოგები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები. სწორედ მათთან აქტიური კომუნიკაციის საშუალებით ვთანამშრომლობთ კომპანიებთან და ვთავაზობთ ქეითერინგის სერვისს. ძალიან სასიამოვნოა როცა გვაქვს შესაძლებლობა გავიზიაროთ დაბადების დღეზე, ქორწილში, კორპორაციულ საღამოზე თუ სხვა ტიპის წვეულებაზე. ასე რომ, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაგვიკავშირდება შეგვიძლია შევთავაზოთ აღნიშნული სერვისი.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Cumbo Pops (@cumbo__pops)

რჩევა გოგონებს, რომლებიც სტარტაპის წამოწყებას გეგმავენ…

ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა მეწარმე ქალებისთვის არის, რომ არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა "ერთ დღეში მოპოვებული წარმატება". ჩვენ მიჩვეული ვართ მყისიერ უკუკავშირს, ციფრული ეპოქის წყალობით, რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. თუმცა სტარტაპის შემთხვევაში, ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა. კომპანიის აშენებას დრო სჭირდება. აუცილებელია თავიდანვე ამის მიღება, რათა თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება, როდესაც ყველაფერი ისე სწრაფად არ მიდის, როგორც თქვენ გსურთ. არამარტო სტარტაპის, ნებისმიერი საქმიანობის დროს, უნდა ეცადოთ გამოიჩინოთ მოთმინება, მიჰყვეთ თქვენს არჩეულ გზას, დაისახოთ კონკრეტული მიზნები, მათ შორის პრინციპები და არასდროს, არცერთ ეტაპზე, არ უნდა უღალატოთ მათ. ასევე, უმნიშვნელოვანესია, მომხმარებლებთან ჯანსაღი, მეგობრული კომუნიკაცია. იმ დღიდან, რაც ეს საქმიანობა დავიწყეთ, ჩვენთვის მთავარია გულწრფელობა ამ ადამიანების წინაშე, ვისგანაც მუდმივად ვგრძნობთ ერთგულებას და მხარდაჭერას. ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად ღია ვიყოთ ნებისმიერ მათგანთან და შევქმნათ ისეთი ისტორიები, რომელიც ბევრი წლის შემდეგ კიდევ უფრო ძვირფასი გახდება. ეს არის, ორმხრივი ემოცია, რომელსაც, მუდმივად სჭირდება მოვლა და გაფრთხილება.

ზევით