#GOGO!

„ჩინი“ - ჩემოდნის გარსაცმი ქართული იდენტობით

გაზიარება:

რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს მოგზაურობა საზღვრებს მიღმა, ვერავინ უარვყოფთ იმ სიძნელეებს, რომლებსაც მშვენიერი თავგადასავლის დროს ვხვდებით ხოლმე გზად. ჩემოდნის დაზიანებით ან სულაც დაკარგვით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ქართულ ბაზარზე ორიგინალური დიზაინის, ქართული იდენტობის მატარებელი ბრენდი „ჩინი“ გამოჩნდა, რომელმაც ჩემოდნის გარსაცმის ფართო ასოტიმენტი შემოგვთავაზა.

პეტრე ოცხელის, ნიკო ფიროსმანის თუ ლადო გუდიაშვილის ნახატების, ქართული ქსოვილებისაა და ანბანის პრინტებით დამშვენებული გარსაცმები ის სტარტაპია, რომელსაც დღეს „ჩინის“ დამფუძნებელთან, ირინკა წაქაძე ერთად გაგაცნობთ.

ჩინის შექმნის ისტორია რომ გვიამბოთ, როგორ გაჩნდა იდეა?

ჩინის შექმნის ისტორიამდე იმ გამოწვევებს მივყავართ, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვაწყდებით  მოგზაურობისას. დამეთანხმებით, რომ უსიამოვნო მომენტია, როდესაც ჩემოდანი გიბრუნდებათ დაზიანებული ან გახსნილი. ასევე დისკომფორტია, როდესაც დაღლილი მგზავრობის შემდეგ გიწევს უამრავ ჩემოდანს შორის საკუთრის ამოცნობა. სწორედ ამ გარემოებებმა გვაფიქრებინა შეგვექმნა გარსაცმი, რომელსაც მოგზაურობის დროს შევძენდით ქართული კულტურის ელჩის ფუნქციას და ამავდროულად იქნებოდა დაცული.

რა იყო თავდაპირველი ჩანაფიქრი და როგორ მიიღო იდეამ ის ფორმა, რა სახითაც დღეს არის?

ჩანაფიქრი იყო, შეგვექმნა გარსაცმი, რომელიც ჩემოდანს გახდიდა გამორჩეულს და დაცულს. თავდაპირველად გარსაცმი შეიქმნა ოჯახის წევრებისთვის. მუშაობის პროცესში იმდენად დიდი გამოხმაურება და მოწონება მოიპოვა იდეამ, რომ გადავწყვიტეთ ფართო მასშტაბისთვის გაგვეხადა გარსაცმი  ხელმისაწვდომი, ასე გამოჩნდა „ჩინი“.

როგორია ჩინის კონცეფცია?

„ჩინი“ კონცეფცია სრულიად უკავშირდება ქართულ კულტურას და  საქართველოს. თუკი, მოგზაურობისას, ერთი ადამიანიც კი, „ჩინის“ გარსაცმის მეშვეობით მიიქცევს ყურადღებას და შეიტყობს საქართველოს ან და მათთვის უცნობი ქართველი მხატვრების შესახებ, დაინტერესდება და გაეცნობა ქართულ კულტურას, თამამად ვიტყვით, რომ „ჩინის“ შექმნა ღირდა.

რა გამოარჩევს მას ქართულ ბაზარზე?

ქართულ ბაზარზე „ჩინი“ 2019 წლიდან გამოჩნდა ,„ჩინის“ გამორჩეულს ხდის მისი იდენტობა, ის თამამად ითავსებს ქართული კულტურის ელჩის ფუნქციას. ყველა პროდუქტზე ნახავთ QR კოდს, რომლის ქვეშაც იკითხება გარსაცმზე დატანილი ნამუშევრის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მხატვრის  ბიოგრაფია და ბევრი საინტერესო დეტალი.

თქვენი შეხედულებით, ვისთვის არის  ჩინი შექმნილი?

ჩინი შექმნილია ყველა მოგზაურობის მოყვარული ადამიანისთვის. ვისაც უყვარს ხელოვნება და შემოქმედება, ვინც შეყვარებულია საქართველოზე და ქართულ კულტურაზე, ვისაც სურს გამორჩეულად მოგზაურობა

რა გამოწვევების წინაშე ხართ ახლა და როგორია ჩინის სამომავლო გეგმები?

შექმნის დღიდან არაერთი გამოწვევის წინაშე დავდექით, მათ შორის ყველაზე რთული აღმოჩნდა პანდემიისგან დამდგარი შედეგები. დიდი ძალისხმევის შემდეგ შევინარჩუნეთ  ჩინი და ახლა როგორც პირველად, ყველაფერი დავიწყეთ თავიდან. ბევრი შრომის საფუძველზე მივიღეთ ის პროდუქტი, რომელიც დღეს ყველასთვის ხელშესახებია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს , რა თქმა უნდა, იგი მოგზაურობას და ქართველ მხატვრებს უკავშირდება. უკვე დავიწყეთ ახალგაზრდა დამწყები მხატვრების შემოქმედების გარსაცმზე გადმოტანა და ჩინისეული პოპულარიზაცია.

ზევით