#GOGO!

ბაჭიების ბლინები და მურაბები ნელიკო დოლიძისგან - გაიცანით კვირის GOGO!

გაზიარება:

ავტორი: ნინუცა მაისურაძე

 

რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის შვილმა ყულაბა გამომიტანა, მითხრა ფულს ვაგროვებო. ვიფიქრე, სათამაშოს ყიდვა უნდა თქო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფულს „ბაჭიებისთვის” აგროვებდა. რამდენიმე წუთიანი გაუგებარი საუბრის შემდეგ გავარკვიე, რომ 6 წლის გიორგი სახლში ცხოველების მოყვანას არ აპირებდა. „ბაჭიები” ნაირ-ნაირი ბლინებისა და მურაბების ყუთი ყოფილა, რომელსაც უკვე მთელი თბილისი იცნობს. ასე აღმოვაჩინე კვირის ახალი GOGO! - ნელიკო დოლიძე, რომელმაც 7 წლის წინ ათვისებული კულინარიული ცოდნა, თანამედროვე გასტრონომიული ხედვა და ბებიის დანატოვარი, გამორჩეული რეცეპტები ახალ ბრენდში სახელად „ბაჭიები” გააერთიანა. ყუთში, რომელსაც ბაჭიების ლოგო ამშვენებს, მრავალფეროვანი ბლინები და ისეთი ეგზოტიკური ნუგბარი შეგხვდებათ, როგორებიცაა სტაფილოს, წიწაკის, ხახვის მურაბა და სხვა.

ბაჭიების ბლინები, მურაბები, GOGO

ნელიკო, როგორ გაჩნდა „ბაჭიების” შექმნის იდეა?

ნელიკო: ერთ საღამოს მე და ჩემი ორი მეგობარი შევიკრიბეთ. რაიმე გემრიელის დაგემოვნება გვინდოდა. ინტერნეტში ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვნახეთ, საიდანმე თუ შეიძლებოდა გემრიელი ბლინების და მურაბების შეკვეთა. სწორედ ასე გაჩნდა „ბაჭიების” შექმნის იდეა, რომლის განხორციელებაც წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით და კულინარიული ექსპერიმენტებით დავიწყეთ.

რომელია „ბაჭიების” საფირმო მურაბა?

ვფიქრობ ბაჭიების საფირმო მურაბა სტაფილოს მურაბაა, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზოგადად, ყოველთვის ახალი გემოების ძიებაში ვარ და ვცდილობ, რომ ჩვენი მენიუ უფრო მრავალფეროვანი გავხადო. მომხმარებელს ძალიან მოსწონს წიწაკის და ხახვის მურაბებიც.

საიდან მოდის რეცეპტები?

რეცეპტების უმეტესი ნაწილი მე მეკუთვნის, თუმცა, რა თქმა უნდა, ბებიისგან გადმოცემულ რამდენიმე რეცეპტსაც ვიყენებ, რაც ძველის ახლებურად წარმოჩენის საშუალებას და გემოების გამრავალფეროვნების საშუალებას მაძლევს.

ბაჭიების ბლინები, ბლინების ყუთი, მურაბები

„ბაჭიები” საუზმის ნუგბარია?

„ბაჭიების” ყუთს არ აქვს მხოლოდ საუზმის დანიშნულება. გემრიელი ბლინებით და მურაბებით შეგიძლიათ სტუმრად მოსულ მეგობრებს გაუმასპინძლდეთ, წაიხემსოთ დღის მანძილზე, გამოიძახოთ სამსახურში, ლანჩის დროს. მოკლედ, ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც რაღაც ახლისა და გემრიელის დაგემოვნება გსურთ.

ბაჭიების ბლინების ყუთი

რამდენი სახეობის მურაბა და ბლინი შედის ერთ ყუთში?

გვაქვს რამდენიმე ზომის ყუთი, სადაც სხვადასხვა რაოდენობის ბლინები და მურაბები შედის, თუმცა მომხმარებელს ყუთისთვის მურაბების შერჩევა თავად შეუძლია.

სად შეიძლება შევიძინოთ „ბაჭიების” ყუთი?

ჯერ-ჯერობით „ბაჭიები” მხოლოდ ონლაინ მუშაობს, უახლოეს მომავალში კი ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.

ზევით