#ბიზნესი #GOGO!

"ვილი & მილი" - ბრენდი, რომელიც ბავშვების ყოველდღიურობას დღესასწაულად აქცევს

გაზიარება:

The Diary, თქვენთვის, ქართველი წარმატებული და საინტერესო GOGO-ების გაცნობას აგრძელებს. დღეს, სალომე ზაქაიძეს, ბრენდ "ვილი & მილი"-ს დამფუძნებელსა და კრეატიულ დირექტორს გაგაცნობთ. Willi & Milli • ვილი & მილი ბავშვის ხელნაკეთი სამოსის ბრენდია, რომელიც პატარებს უნიკალურ და გამორჩეულ პროდუქციას სთავაზობს. ასე რომ, კარგად მოკალათდით და საბავშვო დღესასწაულში სამოგზაუროდ მოემზადეთ.

მოგვიყევით, როგორ და როდის გაჩნდა ბრენდის იდეა, რა გზა გაიარეთ დღევანდელობამდე?

სალომე: Willi & Milli 2020 წელს დავაფუძნეთ, თუმცა შექმნის იდეა ბევრად ადრე დაიბადა. გადაწყვეტილი მქონდა, თუ იდეას სისრულეში მოვიყვანდი, უნდა ყოფილიყო ძალიან განსხვავებული, საინტერესო და ბავშვთა სოციალურ-ემოციური ქცევის განვითარებისათვის სასარგებლო. თავდაპირველად, ბრენდის კონცეფციისა და კოლექციების იდეურ განვითარებას დიდი დრო და ენერგია დავუთმეთ, რათა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი და ესთეტიკური, არამედ შინაარსობრივად მდიდარი და მრავალფეროვანი იქნებოდა. დასაწყისი, როგორც ყველა სტარტაპისთვის - რთული და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის კვლევა ჩავატარეთ, რათა გაგვეგო, ბაზარი აღნიშნულ სექტორში რას გვთავაზობდა. შემდეგ დავიწყეთ კონკრეტული დიზაინების/ესკიზების ციფრული შექმნა და საკუთარ საწარმო-სახელოსნოში პროტოტიპების ტესტირება.

პირველი კოლექცია მცირე მასშტაბის, თუმცა საკმაოდ წარმატებული იყო. ჩვენი გუნდი წარმოებისა და რეალიზაციის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რაც ინოვაციური ტექნიკური გადაწყვეტილებების ხარჯზე ხდება. თითოეულმა იმ ნაბიჯმა, როგორიცაა პროდუქტის განვითარება, წარმოების პროცესების უწყვეტი გაუმჯობესება და მომხმარებელთან უკუკავშირის გათვალისწინებამ, დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. დღეს, ჩვენი ბრენდი ხარისხსა და სანდოობასთან ასოცირდება.  

ახლა რა ეტაპზეა ბრენდი, რა ტიპის პროდუქციას ქმნით?

სალომე: ამჟამად, ჩვენი ბრენდი განვითარებისა და გაფართოების ეტაპზეა. გვაქვს აქტიური სოციალური ქსელები და კომფორტული ონლაინ-მაღაზია, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი პროდუქცია ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ. ბრენდის მთავარი ფოკუსი ეკო-მეგობრული, მდგრადი და ეთიკური წარმოებაა. კოლექციები მუდმივად, სეზონურად განახლებადია, რათა წლის სხვადასხვა პერიოდის მოთხოვნებს ვუპასუხოთ.

ასევე, ვქმნით კაპსულა კოლექციებს, რომლებიც შერჩეული თემის ძირითადი ელემენტების კომბინაციას მოიცავს და ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნებისა და პრაქტიკულობისთვის იდეალურია. ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვებს შევთავაზოთ ისეთი სამოსი, რომელიც აერთიანებს კომფორტს, სილამაზესა და ეკომდგრადობას. ვემზადებით სხვადასხვა მულტიბრენდულ შოუ-რუმებთან თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენს ბრენდს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ჩვენი ბრენდის სამოსის ხელოვნება პირადად ნახონ და შეიგრძნონ.

რით არის გამორჩეულია თქვენი ბრენდი, რას გვთავაზობთ ისეთს, რასაც მომხმარებელი სხვაგან ვერ იპოვის?

სალომე: ჩვენი ბრენდი გამორჩეულია რამდენიმე მნიშვნელოვანესი ასპექტით, რაც მას მომხმარებლისთვის განსაკუთრებულად უნიკალურსა და მიმზიდველს ხდის. პირველ რიგში, ვქმნით ხელნაკეთ სამოსს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ნივთი არის უნიკალური. ყოველი პროდუქტი სიყვარულითა და მზრუნველობითაა შექმნილი. მეორე, ჩვენი პროდუქცია ეკო-მეგობრული და მდგრადი კონცეფციის მქონეა. ჩვენ ბუნებისა და მომავალი თაობების წინაშე სოციალური პასუხისმგებლობა კარგად გვაქვს გათავისებული. მდგრადი კონცეფციიდან გამომდინარე, ძირითადად ბუნებრივ და ეკო-მეგობრულ მასალებს ვიყენებთ, რაც არამარტო ბავშვების ჯანმრთელობას, არამედ გარემოს დაცვასაც უწყობს ხელს.

მესამე, ჩვენი ბრენდი აქტიურად უჭერს მხარს სამართლიან შრომით პრაქტიკას და პირობებს, რაც ინდუსტრიაში სამართლიან ანაზღაურებასა და დასაქმებულთა უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფას გულისხმობს. Willi&Milli-ს გუნდი ამაყობს, რომ დაარსების დღიდან სამოსის ესთეტიკას ეთიკის ფარგლებში ქმნის და როგორც ადამიანების, ასევე ჩვენი საყვარელი პლანეტის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იზიარებს.

დაბოლოს, ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომელიც ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას, თუნდაც ყველაზე მოსაწყენ დღეებს, დღესასწაულად გარდაქმნის. გვჯერა სამოსის ხელოვნების ძალის, რომელიც განწყობის ამაღლებასა და თვითგამოხატვაში გვეხმარება!

ჩვენი მონოქრომული თუ ფერადოვანი დიზაინები კომფორტული და ფუნქციურია, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი ინდივიდუალიზმი. ამ ყველაფრის კომბინაცია გვაქცევს უნიკალურ ბრენდად, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქტებსა და ღირებულებებს, რომლებიც სხვაგან ძნელად მოსაპოვებელია.

აშკარაა, რომ სამოსის შექმნაში ბევრი ფიქრი და შრომაა ჩადებული. როგორ იქმნება დიზაინი და რა არის თქვენი ინსპირაციის მთავარი წყარო?

სალომე: ჩვენი დიზაინები ძირითადად ბუნების ესთეტიკითა და ბავშვების უნიკალური ენერგიითაა შთაგონებული. ჩვენს კოლექციაში აღმოაჩენთ სხვადასხვა ყვავილისა თუ ფოთლების ნაწილებს, როგორც დამატებით აქსესუარებად, ისე საყელოსა თუ სამკლავურის დეტალებად. დიზაინის პროცესი იდეისა და შთაგონების ძიებით იწყება, შემდეგი ეტაპები კი სკეტჩების შექმნა, ფერების პალიტრებისა და ფორმების არჩევა, თარგის კონსტრუირება და ქსოვილის გამოჭრაა. თითოეული დიზაინი კი საბოლოოდ ხელნაკეთობის სტადიაზე გადადის, სადაც პროფესიონალი მკერავი-ტექნოლოგები თითოეულ ნივთს სიყვარულითა და ყურადღებით ქმნიან. გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ჩვენი ბრენდის შთაგონების ძირითადი წყარო გახლავთ მიმდინარეობა - "ვაბი-საბი".

Wabi-Sabi იაპონური ესთეტიკური კონცეფციაა, რომლის ფილოსოფიაც ასე ჟღერს - "ნამდვილი სილამაზე ხშირად მარტივ და წვრილმან დეტალებშია დამალული!"

ჩვენ კი სწორედ სამოსის, თითქოს მიმალული და უმნიშვნელო დეტალებით თამაში მოგვწონს, მაგალითად, პიჯაკიდან გადმოსული სარჩულის დეტალი ან კანტი, მკერდის ჯიბის ფრაგმენტიდან ამოსული დიდი ყვავილი, ზურგზე დატოვებული მორჩენილი ქსოვილის “ნაფლეთი” და ა.შ. ვაბი-საბი ხელნაკეთობას და უხეში, დაუმუშავებელი დეტალების სილამაზეს უსვამს ხაზს, მოტივით - "რთულად გამოყვანილი სიმარტივე და მინიმალიზმი".

რატომ აირჩიეთ საბავშვო სეგმენტი?

სალომე: ბავშვების სამყარო თავისი ფანტაზიითა და ენერგიით ძალიან შთამაგონებელია. თითქოს მათში უდიდესი აუთვისებელი სივრცეა და მნიშვნელოვანია ის, თუ დროთა განმავლობაში, ეს სივრცე რით შეივსება. ჩემთვის მთავარი მოტივაცია არ იყო მხოლოდ სამოსის შექმნა, არამედ მსურდა, მატერიალურ სამოსთან ერთად, პატარებისთვის არამატერიალური ღირებულებითი შეგრძნებები მეჩუქებინა. ესენია ინდივიდუალიზმისა და ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბება, თვითრწმენისა და პიროვნული გამოხატვის სითამამე. ეს ყველაფერი ბავშვს საკუთარ თავთან ფილოსოფიურ თავგადასავალს უწყობს. და საბოლოოდ, რამდენიმე წელიწადში საკუთარ თავში ჩაღრმავებული და უშიშარი ბავშვებისგან მივიღებთ საზოგადოებას, რომელშიც ნიჭიერების აფეთქება იქნება და ესთეტიკასა თუ ეთიკაზე შეყვარებული, სწორი სამოქალაქო შეგნების საზოგადოება ბუნებრივად ჩამოყალიბდება.

თქვენზეც მოგვიყევით. სად დაიბადა თქვენი ტანსაცმლის დიზაინისადმი ინტერესი?

სალომე: სამოსის ესთეტიკისადმი სიყვარული და ყურადღება, ვფიქრობ, უმეტესწილად დედას დამსახურებაა. დედა ესთეტიკაზე შეყვარებული ადამიანია. მას აქვს ნიჭი, უბრალოებიდან სულ მცირე დეტალის ცვლილებითაც კი უდიდესი გარდასახვა მოახდინოს, სამოსისა თუ ინტერიერის ნაწილში. მისი ხედვა არაერთი ოჯახის წევრის, მეგობრისა თუ უბრალოდ ნაცნობის შთაგონების წყარო გამხდარა. ჩემი პიროვნული ხედვა, გემოვნება და პირადი ესთეტიკა ძალიან ჰგავს დედისას. ხშირად ვმოგზაურობთ და წარმოიდგინეთ, გვიყვარს, მოგვწონს და შთაგვაგონებს სწორედ, ერთი და იგივე ქვეყანა, ქალაქი, უბანი, ადგილი თუ შოუ-რუმი. ჩვენთვის საყვარელი სასაუბრო თემები სწორედ ესთეტიკა და წლებისა თუ საუკუნეების მიხედვით ესთეტიკის მოდერაციაა.

თქვენ, როგორც The Diary-ის GOGO, რას ურჩევდით იმ გოგოებს, რომლებიც ვერ ბედავენ თავიანთი საქმე წამოიწყონ, ეშინიათ გამოწვევებისა და სირთულეების?

სალომე: გოგონებს ვურჩევდი, რომ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ და სირთულეებს არ შეუშინდნენ. ყოველი გამოწვევა შესაძლებლობაა, რომ გაიზარდოთ და უკეთესი გახდეთ. ნებისმიერ საკითხში იპოვეთ თანამოაზრეები, რადგან გუნდური მუშაობა ეფექტური და სინერგიულია და რომ არა ჩემი ოჯახი და მხარდამჭერი გუნდი, დღეს, ჩვენი ბრენდი არ იარსებებდა!

მჯერა თითოეულ ადამიანშია ძალა და უნარი, რომ სამყაროსთვის რაიმე უნიკალური და მნიშვნელოვანი შექმნას. მთავარია ჩვენი ნიჭის აფეთქება და ზედაპირზე ამოყვანა შევძლოთ!

ამ ყველაფერს კი, საკუთარი თავის შეცნობითა და გარდასახვით, პიროვნული მეტამორფოზის განცდით შეძლებთ. ყოველ ჯერზე გააღე ახალი კარი, ყოველ ჯერზე, რადგან ბევრჯერ დაგჭირდება! სხვა ყველაფერი შრომის შედეგია, რომელიც დაუღალავი ხდება მაშინ, თუ საკუთარ თავს და საქმეს შეიყვარებ.

სად შეგვიძლია თქვენი სამოსის შეძენა?

სალომე: ჩვენი სამოსის შეძენა ჩვენს ონლაინ მაღაზიასა და სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ. მალე ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა მაღაზიებსა და შოუ-რუმებში იქნება ხელმისაწვდომი, რაც მომხმარებლებს ჩვენი სამოსის ადგილზე გაცნობისა და შეძენის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი არხებია ონლაინ მაღაზია - www.willimilli.com, ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბრენდის პროდუქციის სრული ასორტიმენტია განთავსებული. მოსახერხებელი ინტერფეისი საშუალებას გაძლევთ, ონლაინ შეკვეთები ადვილად და სწრაფად გააკეთოთ. ვებ-გვერდი მუდმივად განახლებადია და ასევე, შესაძლებელია საერთაშორისო მიწოდებაც. აქტიურად ვმუშაობთ სოციალურ მედია პლატფორმებზე, როგორიცაა Instagram, Facebook, Tiktok, LinkedIn, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენი კოლექციის უახლესი ესკიზები, სპეციალური შეთავაზებები და აქციები. მედია პლატფორმებზე, პირდაპირი შეტყობინებებითაც შეგიძლიათ შეკვეთის გაკეთება. ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მულტიბრენდული კონცეფციის შოუ-რუმთან თანამშრომლობისთვის მზადებას ვიწყებთ და ჩვენი კოლექციაც საპატიო ადგილას განთავსდება.

რა გეგმები გაქვთ ბრენდთან ან პირად პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით?

სალომე: უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილნი იყვნენ და ჩვენს პროდუქციაზე მარტივი წვდომა ჰქონდეთ. ამისთვის, ახალი საკომუნიკაციო არხების შექმნასა და გაუმჯობესებაზე მუდმივად ვმუშაობთ. კარგი ბრენდები მნიშვნელოვანი სოციალური ღირებულებების არა მხოლოდ მატარებელნი, არამედ საზოგადოებაში გამტარნი უნდა იყვნენ. ჩვენი ბრენდი ზრდასთან ერთად, საზოგადოებაში სტერეოტიპული აზროვნების დასამარცხებლად არაერთ მნიშვნელოვან თემასა თუ კამპანიას წამოიწყებს. რა თქმა უნდა, უპირველესად, აღნიშნული აქტივობები ბავშვთა აღზრდისას წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისა და ბავშვების ბედნიერების ინდექსის გაზრდისკენ იქნება მიმართული.

ზევით