#მოგზაურობა

5 ქალაქი ევროპაში, სადაც ვალენტინობას ყველაზე ჯადოსნურად შეიგრძნობთ

გაზიარება:

თუ თქვენი სიყვარულის ენა საჩუქრებია, მაშინ ზუსტად ვიცით, რა უნდა აჩუქოთ კარს მომდგარ ვალენტინობის დღეს თქვენს მეორე ნახევარს: რომანტიკული მოგზაურობა! მოციმციმე შუქების, საკულტო ღირსშესანიშნაობების, დაუვიწყარი მზის ჩასვლებისა და რომანტიკული ვახშმისთვის მოემზადეთ, რადგან თქვენთვის ევროპის 5 მიმართულება შევარჩიეთ, რომელთა შორისაც ერთ-ერთი თქვენი სიყვარულის დღის ლოკაციად შეიძლება იქცეს. 

1. პარიზი

მოგზაურობის პერიოდი: 10 - 15 თებერვალი

ბილეთების ღირებულება 2 კაცზე: 1136 ლარი (Wizz Air)

პარიზი, ვალენტინობის დღე პარიზში

მოდით ვაღიაროთ, როდესაც ევროპის ყველაზე რომანტიკულ ქალაქზე ვსაუბრობთ, პარიზს ვგულისხმობთ. საფრანგეთის დედაქალაქს სიყვარულის ქალაქის სტატუსი შემთხვევით არ აქვს მინიჭებული. არ აქვს მნიშვნელობა პარიზს პირველად სტუმრობთ, თუ მეხუთედ, მისი ბოჰემური სული, წარმოუდგენლად ლამაზი და ენერგიული ქუჩები, თუ ყოველ კუთხეში მიმობნეული ღირსშესანიშნაობები, ყოველთვის ახერხებს მნახველის აღფრთოვანებას.

იდეალური პარიზული მოგზაურობა ტროკადეროს ბაღიდან ეიფელის კოშკის ხედებით აღტაცებით იწყება და სიყვარულის კედლის მონახულებით გრძელდება. საღამოს ლოგიკური დასასრული კი სენას ნაპირზე გასეირნებაა. რომანტიკული მოგზაურობა პარიზში არასდროს იქნება სრულყოფილი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ხელოვნების მუზეუმში ხელჩაკიდებული სეირნობის გარეშეც. თუ საკმარისი დრო და რასაკვირველია, სურვილი გექნებათ, გირჩევთ პარიზიდან ერთდღიან მოგზაურობაზეც იფიქროთ და ჟივერნიში, კლოდ მონეს სამოთხის ბაღები მოინახულოთ. 

2. რომი

მოგზაურობის პერიოდი: 10 - 15 თებერვალი

ბილეთების ღირებულება 2 კაცზე: 907 ლარი (Wizz Air)

ვალენტინობის დღე რომში, რომი

მარადიული სიყვარული იმსახურებს მარადიულ ქალაქს! ევროპის ყველა რომანტიკულ მიმართულებას შორის, რომს უდავოდ განსაკუთრებული ადგილი უკავია. ქალაქის ისტორიულ უბანში ხეტიალი, დიდებული კოლიზეუმით ტკბობა, ვატიკანის აღმოჩენა, გასეირნება ტრასტევერეზე, სიყვარულის შადრევანთან სურვილის ჩაფიქრება და შეყვარებული წყვილებისთვის, ერთ-ერთი საყვარელი ესპანური კიბეების ავლა, To do list-ის იმ აქტიობების მხოლოდ ნაწილია, რაც რომში ყოფნისას შეგიძლიათ დაგეგმოთ. არც რომის ტრადიციული კერძის - სუპლის დაგემოვნება დაგავიწყდეთ, რადგან ამ უკანასკნელს სხვაგან ვერსად მიირთმევთ! 

მდიდარი იტალიური  სამზარეულო, ისტორია ყოველი ფეხის ნაბიჯზე და ზღაპრული არქიტექტურა კი უბრალოდ ბონუსია, რომელსაც რომის მონახულების დროს ვიღებთ. 

3. ვენა

მოგზაურობის პერიოდი: 12 - 16 თებერვალი

ბილეთების ღირებულება 2 კაცზე: 1556 ლარი (Wizz Air)

ვენა, ვალენტინობის დღე ვენაში,

მდიდრული, დახვეწილი და ამავდროულად ავსტრიის თანამედროვე დედაქალაქი, ადვილად მოხვდება ევროპის ყველაზე რომანტიკულ ქალაქებს შორის. სიცოცხლისუნარიანი და ამავდროულად საოცრად მყუდრო ვენა, წყვილებისთვის იდეალური მიმართულებაა. თუ ისტორიის, არქიტექტურის, ხელოვნებისა და ვიზუალური მშვენიერებით ტკბობის სიყვარულს იზიარებთ, მაშინ ვენა თქვენი ვალენტინობის დღის სამოთხედ იქცევა. 

გოთიკური არქიტექტურის მარგალიტი - შტეფანსპლაცი, ჰაბსბურგების დინასტიის იმპერატორთა ზამთრის სასახლე, ლეგენდარული ოპერის თეატრი, ფრანგულიდან "საუცხოო ხედად" ნათარგმნი ბელვედერის მუზეუმი და შენბურნის სასახლე - საოცრებათა ქალაქის, აუცილებლად სანახავი ადგილების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. არ დაგავიწყდეთ, უგემრიელესი ვენური ყავისა და ნამცხვრის დაგემოვნება ვენის გამორჩეულ კაფეებში და დიდებული გუსტავ კლიმტის შემოქმედების აღმოჩენა სხვადასხვა მუზეუმებში. 

4. პრაღა

მოგზაურობის პერიოდი: 12 - 16 თებერვალი

ბილეთების ღირებულება 2 კაცზე: 1696 ლარი (Wizz Air)

პრაღა, ვალენტინობის დღე პრაღაში,

პრაღა არც ერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს! ევროპული კულტურის ერთ-ერთი დედაქალაქი გამორჩეულია თავისი უნიკალური არქიტექტურით, ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით. ზღაპრული ქალაქი, ვალენტინობის დღის იდეალურ მიმართულებად მრავალი მიზეზის გამო ითვლება, თუმცა მათ შორის პრაღის მომნუსხველ ხედებს, ულამაზეს ვიწრო ქუჩებს და უგემრიელეს სამზარეულოს გამოვარჩევდით. 

ჩეხეთის დედაქალაქში ერთდროულად თანაარსებობს შუასაუკუნეების სული და თანამედროვე არქიტექტურა. იმისათვის, რომ ქალაქის მისტიკურ ატმოსფეროში მაქსიმალურად ჩაეფლოთ, გირჩევთ მისი ორივე ბუნება აღმოაჩინოთ. 

5. ბუდაპეშტი

მოგზაურობის პერიოდი: 10 - 15 თებერვალი

ბილეთების ღირებულება 2 კაცზე: 876 ლარი (Wizz Air)

ვალენტინობის დღე ბუდაპეშტში,

უნგრეთის დედაქალაქი წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესია. გამონაკლისი არც თებერვალია. ბუდაპეშტი, როგორც უნგრეთის კულტურული ცენტრი, რომელიც მუზეუმების, გალერეებისა და არქიტექტურული შედევრების საბადოს წარმოადგენს, წყვილებისთვის დაუვიწყარი მოგზაურობის მოგონებად შეიძლება იქცეს.

რომანტიკულ განწყობას აძლიერებს ბუდაპეშტის განსაცვიფრებელი პეიზაჟები, ულამაზესი ხედები ქალაქზე და მდინარე დუნაიზე გასეირნების შესაძლებლობაც. აქ თავს იყრიან წარსულის შთამბეჭდავი და ამაღელვებელი ამბები, ისტორიული რაიონები და ძალიან ყველაზე პოზიტიური ადგილობრივები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. 

ზევით