#ფსიქოლოგის კაბინეტი

თვითშეფასების ამაღლების რამდენიმე აპრობირებულ ხერხი

გაზიარება:

თვითშეფასება მჭიდროდ უკავშირდება პიროვნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს და გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე, საბოლოო ჯამში კი –  ბედნიერებაზე, ცხოვრების ხარისხზე და თვითრეალიზაციაზე. სწორედ ამიტომ, თვითშეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია და განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ვართ და როგორ ვცხოვრობთ საკუთარ ცხოვრებას. 

მე თვითშეფასების ამაღლების რამდენიმე აპრობირებულ ხერხზე მოგიყვებით:

1. წაახალისეთ საკუთარი თავი, წარმოიდგინეთ ისეთი, როგორიც გინდათ იყოთ 

„წახალისება ყოვლისშემძლე იარაღია საკუთარი თავის შესახებ სასურველი რწმენის ჩასანერგად“ – როგორც წესი, ადამიანები ჩვენსავე შექმნილი იმიჯის შესაბამისად ვიქცევით. მეთოდი, რომლითაც შეგიძლიათ გრძელვადიან შედეგს მიაღწიოთ მარტივია – უნდა შეცვალოთ საკუთარი თავის აღქმა. წახალისება – ეს არის დადებითი დებულება ჩვენი პერსონის შესახებ. როგორც წესი, ბევრად ეფექტურია, თუკი მათ ხმამაღლა წარმოთქვამთ, რათა თქვენსავე სიტყვებს მოუსმინოთ. ადამიანებს ხომ იმის გვჯერა, რასაც თავს ხშირად ვუმეორებთ. მაგალითად, თუკი არ მოგწონთ, როგორც გამოიყურებით, ივარჯიშეთ ისეთი რამის წარმოთქმაში, რაც საშუალებას მოგცემთ, დააფასოთ, ან მოიწონოთ თქვენი გამოსახულება სარკეში.

2. ყოველდღიურად გააკეთეთ ერთი რამ, რაც გაშინებთ

„გამოიცანით რა ხდება, როდესაც თავს დაუცველად გრძნობთ? მთელი სამყარო გაძლევთ ამის მიზეზს? ნუ შეგაშინებთ გამოწვევა და ნუ გააუფასურებთ თქვენს შესაძლებლობებს. იმაზე უკეთესი ხართ, ვიდრე ფიქრობთ“ – საუკეთესო გზა შიშის გადასალახად, მასთან პირისპირ დარჩენაა. ყოველდღიურად შეეჯახეთ იმას, რაც გაშინებთ. ამით საკუთარი თავის რწმენასაც შეიძენთ და თავდაჯერებულობაც მოიმატებს. ასე რომ, გამოდით კომფორტის ზონიდან და შიშებთან პირისპირ დარჩით!

3. სათუო გახადეთ შინაგანი კრიტიკოსი

„საკუთარ თავს წლობით აკრიტიკებდით და ამან არაფერი მოგიტანათ. სცადეთ მისი მიღება და დაელოდეთ შედეგს“ – ყველაზე მძიმე შეფასებებს, როგორც წესი, შინაგანის კრიტიკოსის ხმით ვისმენთ. თუკი დაბალ თვითშეფასებას ებრძვით, შესაძლოა ის ზედმეტად გააქტიურდა და არაზუსტი გახდა. მოძებნეთ საშუალებები, რომ დააფასოთ, აღიაროთ და დააჯილდოვოთ საკუთარი თავი თუნდაც პატარა მიღწევებისთვის. როგორც მარკ ტვენმა თქვა, „ადამიანი საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე კომფორტულად ვერასოდეს იცხოვრებს“.

4. მომართეთ თავი გამარჯვებისკენ

„თვითშეფასების ამაღლებისთვის უნდა კონცენტრირდეთ წარმატებაზე და დაივიწყოთ ყველა მარცხი თუ ნეგატივი თქვენს ცხოვრებაში“ – ბევრს საკუთარი შესაძლებლობები იმიტომ აეჭვებს, რომ ზედმეტად რთულ მიზნებს ისახავს. დაიწყეთ მარტივი მიზნებით, რომელთაც ადვილად მიაღწევთ. მას მერე, რაც წარმატებებს დააგროვებთ და საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა შეგექმნებათ, შეგიძლიათ რთულ დავალებებზეც გადახვიდეთ. ასევე, დარწმუნდით, რომ თითოეულ წარმატებას – მცირესაც და დიდსაც, ინიშნავთ, რათა გახსოვდეთ, რომ წინ მიიწევთ. მხოლოდ To Do List-ზე ფოკუსირების ნაცვლად, უკვე განხორციელებულ გეგმებზე აიღეთ ორიენტირი. 

5. დაეხმარეთ სხვებს

სხვისთვის დახმარება ზოგჯერ საკუთარ თავს გვავიწყებს და მადლიერების გრძნობას აჩენს იმის გამო, რაც გვაქვს. კარგად იგრძნობთ თავს, თუკი სხვის ცხოვრებაში რაიმეს სასიკეთოდ შეცვლით. თქვენსავე სისუსტეებზე ფოკუსირების ნაცვლად, მიეცით რჩევა სხვას, დაეხმარეთ საქმეში, ან ასწავლეთ და შეამჩნევთ, ამ პროცესში როგორ ამაღლდება თქვენი თვითშეფასება.

6. იზრუნეთ საკუთარ თავზე

„თავის მოვლა ეგოისტური ქმედება არა არის – ეს იმ ერთადერთ ჯილდოზე ზრუნვაა, რომელიც სხვებისთვის შესათავაზებლად მოგვეცა“ – თვითრწმენა ფიზიკური, ემოციური და სოციალური სიმხნევის კომბინაციაა. რთულია, თქვენს თავზე კარგი წარმოდგენა გქონდეთ, თუკი საკუთარი გარეგნობა გძულთ, ანდა მუდმივ უენერგიობას უჩივით. გამოყავით დრო ვარჯიშისთვის, კვებისა და ძილის რეჟიმისთვის დასარეგულირებლად. გარდა ამისა, შეარჩიეთ ისეთი სამოსი, რომელიც თავს ისე გაგრძნობინებთ, როგორიც გსურთ, რომ იყოთ. ალბათ გსმენიათ გამოთქმა – „სამოსი ქმნის ადამიანს“. სურვილების დაკმაყოფილება თქვენსავე თვითშეფასების შექმნაში დაგეხმარებათ.

7. დააწესეთ პირადი საზღვრები

„არასოდეს ჩაახშოთ საკუთარი პიროვნება. ნუ გამოიყვანთ თავს მსხვერპლად. თქვენს ცხოვრებას სხვისი სიტყვებით ნუ განსაზღვრავთ“ – ისწავლეთ ურის თქმა. ასწავლეთ სხვებს, რომ თქვენს პირად საზღვრებს პატივი სცენ. თუ საჭიროა, შეისწავლეთ როგორ გახდეთ მეტად დამაჯერებელი და ისწავლეთ იმისი თქმა, რასაც ფიქრობთ. რაც მეტი კონტროლი და სათქმელი გაქვთ საკუთარ თავზე, მით მაღალია თვითშეფასება.

8. განივითარეთ თანასწორობის მენტალობა

და გახსოვდეთ „სხვად ქცევის სურვილი იმ ადამიანის ფლანგვაა, რომელიც ხართ“ – დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები სხვებს უფრო უკეთ ან ღირებულად მიიჩნევენ. შეცვალეთ აღქმა და საკუთარი თავი სხვათა თანასწორად აღიარეთ. ისინი თქვენზე უკეთესები ან ღირსეულები სულაც არ არიან. გადაერთეთ თანასწორობის მენტალობაზე და თქვენი თვითშეფასებაც ავტომატურად ამაღლდება.

ნათია ფარქოსაძე, ფსიქოკონსულტანტი

ზევით