არტ-ნუვო მე-19 საუკუნის ბოლოს არამხოლოდ მსოფლიო, არამედ ქართულ არქიტექტურაშიც ერთგვარ გარდატეხას ახდენს. ამ პერიოდში საქართველოში მრავალი შესანიშნავი არტ-ნუვო შენობა ჩნდება, ეროვნული ბანკის შენობა, ზუბალაშვილების სახალხო სახლი, მარჯანიშვილის თეატრი, თი-ბი-სი ბანკის შენობა, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი და არაერთი საცხოვრებელი სახლი. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის გაგრასა და სოხუმში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და ბორჯომში მრავლად გხვდება არტ-ნუვოს სტილის არქიტექტურა.
არტ-ნუვომ საქართველოში ტრანსფორმაცია განიცადა და არქიტექტურაში ადგილობრივი ფორმები შეირწყა. შედეგად მივიღეთ ორიგინალური სინთეზი: ქუჩის მხარეს ევროპული სტილის ფასადები, ხოლო ეზოს მხარეს ქართული ხის აივნები არტ-ნუვო დეკორაციებით.
თბილისში, ათონელის 31 ნომერში არტ ნუვოს საინტერესო ნაგებობაა, რომლის ისტორია თითქმის საუკუნე-ნახევრის წინ იწყება. ეს ყოფილი სასტუმრო „ლონდონია“, რომელიც 1875 წელს თბილისელი არქიტექტორის, ოტო სიმონსონის პროექტით აიგო. სასტუმროს მშენებლობა ძმებმა ზუბალაშვილებმა დააფინანსეს. „ლონდონმა“ მაღალი ევროპული სტანდარტი დაამკვიდრა. იმ პერიოდში საქართველოში ჩამოსული მოგზაურების დიდი ნაწილი სწორედ აქ ჩერდებოდა, მათ შორის ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი იყო, რომელიც სასტუმროს მეუღლესთან ერთად 1899 წელს სტუმრობდა. ნობელიანტი ავტორი წერდა: „ვესტიბიულში შვეიცარმა საუბარი გამიბა. მისგან თავი, რომ მეხსნა, რომელიღაც კარს ხელი ვკარი, სამკითხველოში აღმოვჩნდი, ვიპოვე ,,ტიფლისი” და კითხვას შევუდექი…” ამ სასტუმროს ილია ჭავჭავაძის სტუმრობაც ახსოვს.1888 წელს ინგლისელი ფილოლოგი უილიამ მორფილი დიდხანს სტუმრობდა თბილისს, როგორც ცნობილი ქართველი მწერლის, ილია ჭავჭავაძის სტუმარი.
„ლონდონის“ შენობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა მისი სადარბაზო და კიბის უჯრედია. სადარბაზო და კიბე, რომლებიც პირვანდელი სახით შემორჩა, და ულამაზესი დეკორატიული ფერწერა ვიზიტორებზე უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენს. კიბის უჯრედს უკავია ოვალური გეგმის სივრცე შენობის შუაში და ასეთივე ფორმის ერდოთი ნათდება.
სადარბაზოს მასშტაბური, ფართო ინტერიერი და ნახევრად ხვეული კიბე დინამიკურ სივრცეს ქმნის. კიბის უჯრედის გაფორმებაში ჩართულია ფერწერული პანოებიც. ამათგან სამი ზედ კედელზეა დახატული, ერთი - ყველაზე დიდი - მუყაოზე და ჩადგმულია მოჩარჩოებულ მართკუთხა ნიშაში პირველი სართულის კიბესთან. პეიზაჟებს შორის გამოირჩევა ვედუტა - ქალაქ პირნას ხედი.
„ლონდონის“ შენობა დღემდე აღაფრთოვანებს, როგორც ადგილობრივებს, ასევე უცხოელ ტურისტებს, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობისას, მათი „აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში“ ყოველთვის შედის.