#მოდა

SMAKI: "გოგონა მომავლიდან" ამერიკაში

გაზიარება:

თუ აქამდე ამ ბრენდის შესახებ არაფერი გსმენიათ, დარწმუნებული ვარ დღეს Smaki თითოეული თქვენგანის გულს დაიპყრობს. ბრენდის სულისჩამდგმელი და დიზაინერი - მაია სირაძე ის ადამიანია, რომელმაც წარმატებას საყვარელი საქმის კეთებით მიაღწია. სმაკი ყველასგან გამორჩეულია და მისნაირს ვერსად შეხვდებით. მისი ცეცხლოვანი, ენერგიით დამუხტული სამოსი უკვე საქართველოს საზღვრებსაც გასცდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოყო თავი. დღევანდელ სტატიაში, დიზაინერი ბრენდის იდენტობაზე, ამერიკულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე მოგიყვებათ. 

მაია სირაძე, სმაკი, smaki

კონცეფცია, რომელზეც უახლესი კოლექციაა აგებული...

უახლესი კოლექცია ქალის ინდივიდუალიზმის ერთგვარი ანარეკლია. ასახავს, თუ რამდენად მრავალფეროვნები ვართ, რამდენად დიდ სირთულეებს გავდივართ ყოველდღიურად ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. თითოეული კოსტიუმი ქალის ხასიათს, მის იდენტობას, ცხოვრებისეულ ინტერესებს წარმოგვიდგენს, რა ბრძოლები და ტკივილი აქვს გამოვლილი. კოლექციის ნაწილი ბედნიერი, გასხივოსნებული ქალის სურათს გვიხატავს, რომელიც ჰარმონიაშია საკუთარ თავთან. ასე ვიტყოდი, რომ კოლექციის მთავარი კონცეფცია სწორედ ქალების ინდივიდუალიზმი და უნიკალურობაა.

სმაკი, მაია სირაძე, smaki

რისი დამსახურებაა სმაკის წარმატება?

ალბათ უზარმაზარი შრომის და უმაგრესი ადამიანების დამსახურებაა. როდესაც დედამიწაზე ასეთი ადამიანები არსებობენ, რომლებიც გეხმარებიან, რომ შენი ნამუშევრები, კოლექცია სხვა ქვეყანაში წარადგინო, ამაზე მაგარი არაფერი არ არის.

როგორ მოხვდა სმაკი ამერიკაში?

სმაკი ამერიკაში GEO in Style-ის დამსახურებით მოხვდა. მისი დამფუძნებლები ნია ნელსონი და ნინო უოლტონი არიან. ისინი ეხმარებიან ქართველ დიზაინერებს, უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევენ, რომ წარვადგინოთ ჩვენი კოლექციები ამერიკულ ბაზარზე კონკრეტულად დენვერში, კოლორადოს შტატში და ნიუ-იორკში.

 

როგორი გამოხმაურება მოჰყვა ოკეანის მიღმა ჩატარებულ ჩვენებას?

ამერიკელებისგან უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. როდესაც პირველად ჩადიხარ, წარმოდგენა არ გაქვს, რა შეიძლება მოხდეს. შესაძლებლობებით სავსე ქალაქია ნიუ-იორკი და უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი არტისტი იყრის თავს. მეგონა, რომ შეუძლებელი იყო იქ ვინმეს გაკვირვება, თუმცა ასე არ იყო. სიტყვებით ვერ აღვწერ იმდენად საოცარი ემოციები იყო. ყველას აინტერესებდა რა მეცვა, რომელი ქვეყნიდან ვიყავი. აბსოლუტურად ყველა, გამვლელი თუ მოდის სფეროში მოღვაწე ადამიანი, დაინტერესებული იყო ჩემი შექმნილი სამოსით. ყველას გავაგებინე, რომ საქართველოდან ვარ და დიდი სიამაყით ვამბობდი ამას. ჩვენების შემდეგ “გოგონა მომავლიდან” შემარქვეს, სწორედ ამ სახელით დაგვირგვინდა სმაკის ამერიკული ჩვენება.

smaki, მაია სირაძე, სმაკი

რით გამოირჩევა სმაკი არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე?

ალბათ, იმით, რომ ძალიან დიდი ენერგიით, ცეცხლითა და ემოციებითაა გაჟღენთილი. შეუძლებელია, რომ სმაკის სამოსი მოირგო და მან შენს ხასიათზე არ იმოქმედოს. ჩვენი შექმნილი დიზაინები იმდენად ცოცხალია, რომ დანახვისთანავე, ამოიცნობ სმაკის სამოსს, რომელიც ენერგიით გავსებს.

smaki, სმაკი, მაია სირაძე

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მომავალში?

დაინტერესდნენ მაღაზიები და პიარ სააგენტოები. ვაგრძელებთ კომუნიკაციას მათთან, რომ მომავალი თანამშრომლობის გეგმები დავსახოთ. სმაკის ხელიდან გაშვება არ უნდოდათ. ერთ-ერთ მაღაზიასთან უკვე ვთანამშრომლობთ და იქ იყიდება ჩვენი ტანისამოსი. სმაკი აუცილებლად დაბრუნება ამერიკაში, თავის სამშობლოში, სადაც ყველაზე კარგად გრძნობდა თავს.

smaki, სმაკი, მაია სირაძე

პირველ რიგში, ამის თქმის საშუალებას ხალხის შეფასებები და გამოხმაურება მაძლევს. მათ განაპირობეს, რომ თავი ისე მეგრძნო, როგორც სახლში. იმდენად ძლიერი ემოცია იყო, რომ სიტყვიერად ვერ გადმოვცემ. მომავალშიც ვაპირებთ კოლექციების ამერიკაში ჩვენებას, ჩემი საბოლოო მიზანი კი ამერიკაში გადასვლა და იქ ცხოვრებაა. სმაკი გააგრძელებს მოღვაწეობას ოკეანის მიღმა.

ზევით