#მოდა

Schiaparelli-ს სიურრეალისტური SS2022 Haute Couture შოუ

გაზიარება:

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, მოდის სახლ Schiaparelli-ს გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სიურრეალისტური ჩვენება ის ნათელი პერსპექტივაა, რომელიც სამყაროს ამ გაურკვევლობის ჟამს სჭირდება. Schiaparelli-ს კრეატიული დირექტორი, დენიელ როზბერი ჩვენს გაოცებას არ წყვეტს, ექსტრავაგანტური სილუეტებით, გამოხატული ფერებითა და დაუვიწყარი ფორმებით დენიელმა მოახერხა და მაღალ მოდას ადგილი მსოფლიო პანდემიის ფონზეც უპოვა.

„ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვარ, ვფიქრობ, რომ ლოქდაუნის პერიოდში ადამიანებს ბრენდი ხელახლა შეუყვარდათ... ახალი კოლექცია ძალიან, ძალიან განსხვავებულია“ - განაცხადა დენიელმა ჩვენების დაწყებამდე

მართლაც, მას შემდეგ რაც 2019 წელს, დენიელ როზბერიმ Schiaparelli-ს სადებიუტო კოლექცია წარადგინა, მან მსოფლიოს ყურადღება მოდის სახლს კიდევ ერთხელ მიაპყრო. გასულ წელს Schiaparelli-მ წითელი ხალიჩის ყველაზე გლამურული გამოჩენებით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა SS2022 Haute Couture კოლექციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა და საწადელს მიაღწია კიდეც.

„დისციპლინის ეპოქა“ - ასე უწოდა კოლექციას დენიელ როზბერიმ, რომელიც მხოლოდ სამი ფერისგან: თეთრის, შავისა და მოდის სახლის ხელწერად ქცეული ოქროსფერისგან შედგება. სიმარტივესა და სირთულეს შორის დაპირისპირება, ელეგანტურად თავშეკავებული სილუეტები, მარტივი ფორმები თვალისაცემი კონსტრუქციებით ეთერული და ჯადოსნურია.

ზევით