#მოგზაურობა

სადღესასწაულო საბურველში გახვეული კაფეები თბილისში, საუკეთესო საშობაო განწყობით

გაზიარება:

ავტორი: My Cappuccino Mornings

 

წლის ყველაზე მხიარული, ბედნიერი და ფუსფუსა პერიოდი თავბრუდამხვევი სისწრაფით იკრებს ძალას და კულმინაციისკენ მიემართება. თბილისის ულამაზესად მორთული ქუჩები, საშობაო სოფლები, საახალწლო ბაზრობები, უამრავი ხალისიანი ღონისძიება და ცხელი შოკოლადის სურნელი ახალ წლამდე კიდევ უფრო გვიმაღლებს განწყობას. მიყვარს დეკემბრის თბილისი, ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზი და ჯადოსნურ საბურველში გახვეული.

გადავწყვიტე, ამ ჯადოსნური პერიოდის ფუსფუსს ავყოლოდი და თქვენთვის რამდენიმე კაფეზე მომეყოლა, რომლებიც საახალწლო მორთულობით კიდევ უფრო უხალისებს დღეებს ყოველდღიურ სტუმრებს. ამ ჩამონათვალში ცნობილ კაფეებთან ერთად, ქალაქს ახლად შემომატებულ ლოკაციებსაც იხილავთ, რომლებმაც winter wonderland-ის სტატუსი უკვე მოიპოვეს მოციმციმე სინათლეებით, საუცხოო მოსართავებითა და უგემრიელესი დარიჩინის სურნელით.

1. პირველი ჩემს სიაში @orangery_cafe_more მოხვდა. ულამაზესი კაფე-რესტორანი ვაკის პარკთან, რომელიც ყოველ დეკემბერს ნამდვილ winter wonderland-ად იქცევა ხოლმე და უამრავ სტუმარს იზიდავს. ახალი წლის პერიოდში, უბრალოდ შეუძლებელია არ შეგიყვარდეს ეს ადგილი. ტერასაზე გასულს, ორი საუცხოო ფუმფულა დათუნიაც შემოგეგებებათ, სპეციალურად მათთვის გაშლილი მაგიდით, რომელიც ვარდისფერი ნაძვის ხეებით არის გარშემორტყმული.

2. ეს კაფე ჩემი ბოლოდროინდელი აღმოჩენაა და კანდელაკის ქუჩაზე მდებარეობს. შეუძლებელია, @ninas_nostalgia-ს ერთხელ ესტუმრო და არ შეგიყვარდეს ეს ციცქნა კაფე, დახვეწილი საახალწლო მორთულობით, „ნოსტალგიურ - სახლური“ კექსებით, ხელნაკეთი შოკოლადითა და საუცხოო ჯანჯაფილის ორცხობილებით. აქ იმდენად სასიამოვნო და მშვიდი გარემოა შექმნილი სამუშაოდ ან სამეცადინოდ, თუ ახლოს ცხოვრობთ, გული სხვაგან აღარ გაგიწევთ.

3. საახალწლო განწყობის შემდეგ გაჩერებად @santino.tbilisi ავარჩიე, რომელიც უკვე ზედიზედ მესამე წელია, ჯადოსნურად ირთვება საახალწლოდ. სანტინოს მდებარეობაც უწყობს ხელს, რადგან ორბელიანის მოედანი ჩვენს ქალაქში საახალწლო მოვლენების ეპიცენტრია და ყოველთვის მთავარი ამბების მომსწრე. საშობაო ბაზრობებიდან აუცილებლად გადაინაცვლეთ სანტინოში გასათბობად და ყავის უამრავი სახეობიდან თქვენთვის სასურველის დასაგემოვნებლად. ეს სადღესასწაულო მოგზაურობის შესანიშნავი დასასრული იქნება.

4. ქალაქის მთავარი მორთულობის ეპიცენტრშია @parnas_cafe_at_tbilisimarriott-იც, რომელიც რუსთაველის გამზირზე, მარიოტის შენობის პირველ სართულზე მდებარეობს და საშობაო მაგიის ნამდვილი თავშესაფარია. სადღესასწაულო ხიბლი, რომელსაც  რუსთაველის გამზირზე გაბრდღვიალებული ვარსკვლავები აფრქვევს, ყველაზე მეტად ამ კაფედან იგრძნობა. გემოვნებიანი ინტერიერი, მოციმციმე სინათლის სიმფონია და უგემრიელესი სადღესასწაულო სურნელი არის ის, რასაც ამ კაფეში დეკემბრის დადგომისთანავე მიაგნებთ.

5. მოდით დავრჩეთ ისევ რუსთაველის გამზირზე და @melogranotbilisi-ს ვესტუმროთ, რესტორანს - სადაც კულინარიული ელეგანტურობა საშობაო მაგიას ერწყმის. მელოგრანო ბევრი ადამიანისთვის გასტრონომიული სიამოვნებაა, რომელიც სადღესასწაულო პერიოდში, სადღესასწაულო მორთულობის მეშვეობით ნამდვილ საშობაო ოაზისად გადაიქცევა. მელოგრანოს ბაღი ნამდვილი სიმშვიდის თავშესაფარია ქალაქის ხმაურიდან თავის დასაღწევად, და იდეალური გარემოა საყვარელ ადამიანებთან ერთად გემრიელი კერძებისა და საუცხოო ღვინის დასაგემოვნებლად.

6. @ertikava_coffeeroom ყავის კაფეების ქსელია, რომელსაც შეგიძლიათ ესტუმროთ თბილისში, ბათუმსა და მესტიაში. ამჯერად თბილისის საბურთალოს ფილიალს ვესტუმრე და თბილ, წითელ პალიტრაში მორთული ნამდვილი საახალწლო გარემო დამხვდა: ციმციმა სადღესასწაულო ნათურებით გაბრდღვიალებული, გემრიელი ყავის არომატებით გაჯერებული ინტერიერი, ბრჭყვიალა საშობაო დეკორაციები და გემრიელი ნამცხვრები. ნამდვილი ოაზისია მეგობრებთან შესახვედრად, ან სადღესასწაულო გარემოში სამუშაოდ.

ზევით