რა შეიძლება მოჰყვეს მზისგან დამწვრობას და როგორ უნდა დავიცვათ თავი - დერმატოლოგის რჩევები

მზე – სიცოცხლის წყაროა, თუმცა მისი სხივების გადაჭარბებით მიღება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას იწვევს. დღეს პროფესიონალი დერმატოლოგის რჩევებს შემოგთავაზებთ, თუ როგორ დავიცვათ თავი მზისგან და როგორ დავიყვანოთ მისგან მიღებული ზიანი მინიმუმამდე. 

ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რამდენად მავნებელია ჯანმრთელობისთვის მზის გადაჭარბებული აბაზანები და მიუხედავად ამისა მზეზე სპეციალური, მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე გადის. აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ მზისგან დასხივება იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და რაც ყველაზე საშიშია, კანის ავთვისებიან სიმსივნეს – მელანომას, რომლის გაჩენის რისკი ახალგაზრდებში ძალიან მაღალია. ასევე, ეს დაავადება ორჯერ ხშირია ქალებში, ვიდრე იგივე ასაკის მამაკაცებში.

„მზისგან დამწვრობა – გახლავთ კანის მწვავე რეაქცია ულტრაიისფერი გამოსხივების გადაჭარბებული ზემოქმედებისას. ეს, თავის მხრივ აზიანებს DNA-ს, რაც იწვევს კანის უჯრედების ანთებით პროცესს, შემდეგ კი კვდომას“, – განგვიმარტავს British Skin Foundation-ის დერმატოლოგი. „მზისგან დამწვრობის რისკი მეტია მაღალ ადგილებში, ან წყალთან სიახლოვეს. განსაკუთრებით მეტია შანსი დამწვრობის, ღია კანის მქონე ადამიანებში. აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში მიღებული დამწვრობა, მომავალში აორმაგებს მელანომის განვითარების რისკს“. 

მზისგან დამწვრობის პრევენციისთვის რამდენიმე ძალიან საჭირო რჩევა:

1. თუ გსურთ, რომ კანის ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა შეინარჩუნოთ, რეგულარულად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები.

2. აუცილებელი არ არის, მიიღოთ დამწვრობა, რომ ზიანი მიადგეს კანს. შესაძლოა დიდი რაოდენობით ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდეთ ისე, რომ ვერც კი ამჩნევდეთ ამას, ამიტომ, როცა რეგულარულად იყენებთ მზისგან დამცავ კრემს, არამხოლოდ იცავთ დამწვრობისგან და მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, არამედ კანს აღადგენთ უკვე მიღებული დაზიანებებისგან.

3. კრემი სიცხეში ორ საათში ერთხელ წაისვით.

4. საუკეთესო დაცვისთვის, გირჩევთ 30-50 SPF-ით დაცვას, და რა თქმა უნდა, მზის პირდაპირი სხივებისგან თავის არიდებას. 

დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრი მოგვიწოდებს გავუფრთხილდეთ საკუთარ კანსა და სიცოცხლეს, ამისთვის კი 1) შევიმოსოთ კარგად, დავიხუროთ ქუდი და აუცილებლად გავიკეთოთ სათვალე; 2) დილის 11-დან შუადღის 15:00 - მდე თავი შევაფაროთ ჩრდილს; 3) წავისვით მზისგან დამცავი კრემი, თანაც უხვად, და მინიმუმ 15 SPF-ით. 

თუკი მაინც გადავამეტეთ მზის სხივების მიღება და დავიწვით

- ამ შემთხვევაში დერმატოლოგი გვირჩევს, მივიღოთ ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც შეამსუბუქებს მზის დამწვრობისგან გამოწვეულ ტკივილს და ჩააცხრობს ანთებით პროცესს. ასევე კარგი იქნება, თუკი მივიღებთ  ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ისეთს, როგორიცაა Ibuprofen, თუმცა მისი მიღება დამწვრობიდან 48 საათის მანძილზეა რეკომენდებული და მხოლოდ მაშინ, თუკი წამალზე არ გაქვთ რაიმე სახის უკუჩვენება. 

- გაგრილდით, დაიდეთ ცივი კომპრესები კანზე 15 წუთის განმავლობაში, ან მიიღეთ ცივი შხაპი/აბაზანა. ეცადეთ წყალი ნელთბილზე ოდნავ ცივი იყოს და არ მიიღოთ შხაპი დიდი ჭავლით.

- თუკი კანზე დამწვრობისგან უკვე წყლულები გაქვთ, შხაპის მიღებას აბაზანა სჯობს. არ გაიმშრალოთ ტანი უხეში პირსახოცით. აბაზანის შემდეგ წაისვით ტანის კრემი ან ლოსიონი პარფიუმის გარეშე, რათა კანი დაამშვიდოთ. კრემი ხშირად წაისვით, რათა თავიდან აიცილოთ კანის აძრობა. ალოე ვერა ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი იქნება, რომელსაც არამხოლოდ გამაგრილებელი ეფექტი, არამედ ანთების საწინააღმდეგო თვისებაც აქვს. ასევე სცადეთ სტეროიდული კრემი, მაგალითად 0,5-1% შემცველობის ჰიდროკორტიზონით, რომელიც შეგიმცირებთ ტკივილსა და შეშუპებას. თუმცა ბავშვებისთვის ამ კრემის გამოყენებას უნდა მოერიდოთ.

- არავითარ შემთხვევაში არ გახეთქოთ დამწვრობისგან გაჩენილი ბუშტუკები – ამან შესაძლოა კანის ინფექცია და სხვა გართულებები  გამოიწვიოს. 

თუმცა, ეს ყველაფერი რომ აირიდოთ, კიდევ ერთხელ გადაიკითხე რჩევები. ჯანმრთელობას გისურვებთ! 

ზევით