#Rugby

ტრიუმფალური სეზონის შემდეგ „ქართული სარაგბო ჯილდო“ 2022 წელს აჯამებს

გაზიარება:

2022 რომ ისტორიაში ქართული რაგბისთვის წინსვლის წლად ჩაიწერება, სიახლე ნამდვილად არაა. მეტიც, ეს უკანასკნელი ღირსეულ შეჯამებას და შესაბამის დაფასებასაც იმსახურებდა. ბორჯღალოსნებმა წლის განმავლობაში ორი დაუვიწყარი მატჩი გვაჩუქეს და გულშემატკივარი ჯერ ივლისში, იტალიის ნაკრების დამარცხებით, შემდეგ კი ნოემბერში, სტუმრად, უელსის ნაკრებზე გამარჯვებით გაახარეს. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის და სხვა წარმატებების აღსანიშნავად, 12 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირმა სტუმრებს პირველი ქართული სარაგბო ჯილდოს ცერემონიალზე უმასპინძლა. 

rugby

ქართული რაგბი

ქართული სარაგბო ჯილდო 2022-ის დაჯილდოების ცერემონია „თეატრში“ გაიმართა. ღონისძიება საზეიმოდ ბაჩანა ჭანტურიას   სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა - „აფხაზეთმა“ გახსნა, რომლის დადგმაც სარაგბო ელემენტებით იყო გაჯერებული. 

ეკრანზე 2022 წლის შემაჯამებელი, ემოციური ვიდეოს გასვლის შემდეგ სტუმრებს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - იოსებ ტყემალაძემ მიმართა და განვლილ სეზონზე ისაუბრა.

"ისეთი ხმამაღალი განაცხადის გაკეთების შემდეგ, როგორიც ქართულმა რაგბმა 2022 წელს გააკეთა უკან ნაბიჯის გადადგმა ახლა წარმოუდგენელია" - იოსებ ტყემალაძე.

ქართულმა სარაგბო ჯილდომ გამარჯვებულები 26 ნომინაციაში გამოავლინა. მათი ნაწილი გულშემატკივართა ონლაინ გამოკითხვის შედეგად შეირჩა, ნაწილიც სტატისტიკისა და ექსპერტთა ჟიურის კენჭისყრის შედეგად გამოავლინეს.

წლის საუკეთესო დებიუტანტის ჯილდო სანდრო ქუნთელიამ მოიპოვა, წლის ლელოს ნომინაციაში თედო აბჟანდაძემ გაიმარჯვა, რაგბის კავშირის რჩეული მორაგბეები ვასილ ლობჟანიძე და ალექსანდრე თოდუა გახდნენ, წლის მწვრთნელის სტატუსი ლევან მაისაშვილს ერგო, 2022 წლის საუკეთესო მორაგის ჯილდო კი დავით ნინიაშვილი ხვდა წილად. მას ასევე წლის ლეგიონერის ჯილდოც გადაეცა. 

rugby

რაგბი

საღამოსთვის არაოფიციალური, 27-ე ნომინაცია კი საქართველოში პირველმა საერთაშორისო სარაგბო ჟურნალმა - Rugby World Georgia-მ მოამზადა. სპეციალური ჯილდო ჟურნალის გამომცემელმა - დავით სამსონიძემ ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს - იოსებ ტყემალაძეს გადასცა.

რაგბი

ნომინაციაში "წლის დარტყმა" გამარჯვებული ლუკა მატკავა გახდა. 

ნიკა ამაშუკელი

ქართული სარაგბო ჯილდო წელს პირველად ჩატარდა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ სარაგბო სამყაროს ზეიმი მომავალ წელსაც მოეწყობა და ამისთვის კიდევ უფრო დიდი და მეტი საბაბი გვექნება. ღონისძიების არსებობა, რომლის მიზანიც რაგბის სფეროში მოღვაწეთა დაფასება და წახალისებაა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გასულ წელს და რამდენად ბევრი გამარჯვება გველის წინ. 

თორნიკე გოგებაშვილი

ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა ქართული სარაგბო ჯილდოს მთავარი ნომინაციის გამარჯვებული. წლის მორაგბემ - დავით ნინიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რაგბის კავშირსა და ქომაგებს მადლობა ეკრანიდან გადაუხადა. 

დაჯილდოების ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სცენა დავით კენჭიაშვილის ბენდმა დაიკავა. საღამოს მიწურულს კი სტუმრების საზეიმო განწყობის შექმნაზე  „გუფი ლენდმა“ იზრუნა. 

„ქართული სარაგბო ჯილდო 2022"-ის ორგანიზატორი Marketing Hub გახლდათ. დაჯილდოებაზე გამოვლენილი გამარჯვებულების სრული სია კი ასე გამოიყურება:

„ქართული სარაგბო ჯილდო 2022"-ის გამარჯვებულები:

1. საუკეთესო მოშვიდქალე - ირმა გულიაშვილი

2. საუკეთესო მოშვიდკაცე - ირაკლი სიმსივე

3. შიდა ჩემპიონატის 2021-22 წწ საუკეთესო მელელოვე - ლევან ჭავჭავაძე

4. შიდა ჩემპიონატის  2021-22 წწ საუკეთესო მექულე - მამუკა ნინიძე (ს.კ.ბათუმის ბათუმი)

5. შიდა ჩემპიონატის 2021-22წწ საუკეთესო მწვრთნელი - ვიქტორ დიდებულიძე (ს.კ.ბოლნისის ყოჩები)

6. შიდა ჩემპიონატის 2021-22წწ საუკეთესო მორაგბე - ბექა ურჯუკაშვილი (ს.კ. ბათუმის ბათუმი)

7. ჯილდო რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირი 

8. სწრაფად განვითარებადი კლუბი - სარაგბო კლუბი  “ხვამლი”

9. ჯილდო სამსაჯო მიმართულების განვითარებაში შეტანილი გლობალური წვლილისთვის - საქართველოს რაგბის კავშირის სამსაჯო სამსახური

10. წლის სარაგბო კომენტატორი - ნიკა ჩალათაშვილი

11. ქართული და საერთაშორისო რაგბის გაშუქებასა და  პოპულარიზებიში შეტანილი წვლილისთვის - Rugby TV

12. სპეციალური ჯილდო ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ზაალ გიგინეიშვილი

13. ყველაზე ხმამაღალი გულშემატკივარი - ქართული რაგბის გულშემატკივრები ‘ბორჯღალოსნები’

14. ჯილდო რაგბში ქალთა გაძლიერებისთვის  - გაეროს ქალთა ორგანიზაცია

15. რაგბის მუდმივი პარტნიორი - ფონდი ქართუ

16. რაგბის კავშირის რჩეული მორაგბეები - ალექსანდრე თოდუა

17. რაგბის კავშირის რჩეული მორაგბე - ვასილ ლობჟანიძე

18. წლის  კაპიტანი - მერაბ (ბუკა) შარიქაძე

19. წლის დებიუტი - სანდრო ქუნთელია

20. წლის მექულე - თედო აბჟანდაძე

21. წლის მელელოვე - აკაკი ტაბუცაძე

22. წლის დარტყმა - ლუკა მატკავა

23. წლის ლეგიონერი - დავით ნინიაშვილი

24. წლის ლელო - თედო აბჟანდაძე

25. წლის მწვრთნელი - ლევან მაისაშვილი

26. წლის მორაგბე - დავით ნინიაშვილი

რაგბი

სოსო ტყემალაძე, რაგბი

რაგბი

რაგბი

ფოტო: © ირაკლი ტყემალაძე; © ანდრო ოსაჩევი;

ზევით