Fallingwater - ფრენკ ლოიდ რაითის არქიტექტურული შედევრი

ფრენკ ლოიდ რაითი, ბევრისთვის ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდებული აქტირექტორი, გასული საუკუნის ყველაზე გავლენიან შექმომედად არის მიჩნეული. პრერიის სტილის არქიტექტურის ფუძემდებელმა ამერიკელმა არქიტექტორმა შეიმუშავა ორგანული სტილი, რომელიც ეფუძნება ადამიანების ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიაში ცხოვრების ფილოსოფიას. 

არქიტექტორის დიზაინებმა გაარღვია ინტერიერისა და ექსტერიერი საზღვრები, მისი ინოვაციური სტრუქტურები ადგილობრივი მასალების ათვისებით გამოირჩეოდა, ფრენკ ლოიდ რაითს ეკუთვნის ბუნებრივი ქვის, ბეტონისა და ფოლადის ინტერიერში გამოყენების პრაქტიკა, რომელიც ევროპის თანამედროვე არქიტექტურაში საოცარი პოპულარობით სარგებლობს. 

თავისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში ფრენკ ლოიდ რაითმა ამერიკული არქიტექტურა წინა პლანზე წამოწია, 70 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში ფრენკმა 1000-ზე მეტი შენობა დააპროექტა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. რაითის მემკვიდრეობის 8 შენობა ამ დროისთვის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, დიდებული არქიტექტორის ხედვით შექმნილი სახლების ნაწილი კი საზოგადოებისთვის ღია მუზეუმად იქცა. 

ფრენკ ლოიდ რაითი აქტიურად იყო ჩართული თავისი შენობა-ნაგებობების ინტერიერის დიზაინის საკითხშიც, ის საკუთარი ხედვით ქმნიდა ავეჯს, აქტიურად მუშაობდა ვიტრაჟებზე და ყოველ დეტალს ერთი ჰარმონიული სურათის შესაქმნელად იყენებდა.

ამერიკელი არქიტექტორის საკულტო ნამუშევრებს შორისაა Solomon R. Guggenheim Museum ნიუ-იორკში და Fallingwater პენსილვანიაში, დღეს სწორედ ამ უკანასკნელის შესახებ ვისაუბრებთ.

დიდი დეპრესიის შედეგებით და ბაუჰაუსის გავლენით თანამედროვე არქიტექტორების ახალგაზრდა თაობის მზარდი გავლენით, რაითის კარიერა დროებით შეჩერდა. 1934 წელს, ედგარ ჯ. კაუფმანმა, პიტსბურგის უნივერმაღის მდიდარმა მფლობელმა, 67 წლის არქიტექტორს დაავალა დაეპროექტებინა საზაფხულო სახლი, რომელიც ჩანჩქერის Bear Run-ის გასწვრივ უნდა აშენებულიყო.

ფრენკმა პროექტი მიიღო და კაუფმანს და მის მეუღლეს წერილიც მისწერა: „მინდა, რომ ჩანჩქერთან ერთად იცხოვროთ და არა მხოლოდ გადაჰყურებდეთ მას“.

რაითმა დანაპირები პირნათლად შეასრულა და ბრწყინვალე კარიერის ნამდვილი შედევრი Fallingwater შექმნა, რომელიც სრულად იზიარებდა გენიოსი არქიტექტორის „ორგანული არქიტექტურის“ კონცეფციას. კაუფმანების საზაფხულო სახლი იდეალურად ერწყმოდა პიტსბურგის ლანდშაპტს, ტყესა და კლდეს და ყველაზე წარმოუდგენელი არქიტექტურული პროექტის განხორციელების ნათელ მაგალითს წარმოადგენდა.

1964 წლიდან მოყოლებული Fallingwater მუზეუმად იქცა, საუკუნის ბოლოსთვის ფრენკ ლოიდ რაითის შედევრი დანგრევის საფრთხის წინაშეც აღმოჩნდა, თუმცა მისი აღდგენა მოხერხდა. დღეს Fallingwater იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული და მას ყოველწლიურად ათიათასობით ვიზიტორი სტუმრობს.

ზევით