ოლგა სვეტლოგრადსკაია - ყველაფერი პერსონალური სტილის შესახებ

გაზიარება:

| მარიამ გერგედავა |

The Diary-მ IERI store-თან ერთად კონცეპტუალური ღონისძიება გამართა, რომლის მიზანიც მოწვეული სტუმრებისთვის ინდივიდუალური სტილის მნიშვნელობის განმარტებას ისახავდა. პირადი სტილის მნიშვნელობის, სწორად შერჩეული ფერთა პალიტრისა და ინდივიდუალური გარდერობის მნიშვნელობაზე სტუმრებს ცნობილმა უკრაინელმა სტილისტმა ოლგა სვეტლოგრადსკაიამ უამბო. 

გადავწყვიტეთ, ისეთი მნიშვნელოვანი თემა როგორიც პირადი სტილის პოვნაა, ამ პროცესში გასათვალისწინებელი ხრიკები და ნიუანსები ჩვენი მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა, ამიტომაც ოლგა სვეტლოგრადსკაიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელიც მთლიანად იმიჯ მეიქერის პროფესიას და მის დანიშნულებას შეეხება.

ოლია, როგორ ჩნდება პირადი სტილისტის საქმიანობა თქვენს ცხოვრებაში?

ადრეულ ასაკში გავაჩინე შვილი, სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი ფსიქოლოგიის მიმართულებით, თუმცა ყველაფერი ისე არ განვითარდა როგორც ჩაფიქრებული მქონდა. თმის სტილისტის პროფესია შევისწავლე, 10 წლის განმავლობაში ამ სფეროში ვიმუშავე, თუმცა ბოლო წელს გავაცნობიერე, რომ ახალი რაღაცის სწავლა მსურდა, ვფიქრობდი, რომ სტილისტის ამპლუაში საკუთარი თავი ბოლომდე გამოვავლინე. ჯერ კიდევ ახალი პროფესიის ძიების პროცესში ვიყავი, როდესაც პირადი სტილისტის ე.წ. იმიჯ მეიქერის პროფესიის შესახებ შევიტყვე, მახსოვს ბევრი აღარ მიფიქრია, მაშინვე ვიპოვე ადგილი სადაც საფუძვლიანად შევისწავლიდი ჯერ კიდევ ახალ პროფესიას და სწორედ ასე აღმოვჩნდი ამ სფეროში.

პროფესიაში მიღწეულ პირად წარმატებაზე რომ გვიამბოთ, რა გზა გაიარეთ თქვენს პროფესიასთან ერთად…

პირველი 3 წელი არ აღმოჩნდა მარტივი, ის აზრი, რომ ჩემი წინა სამსახურის კლიენტები გამომყვებოდნენ ახალ საქმეში, არ გამართლდა, საზოგადოებისთვის იმიჯ მეიქეირის პროფესიის აღქმა რთული აღმოჩნდა, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა Instagram და არც Youtube-ზე იყო ეს პროფესია ცნობილი. თავიდან ყველა შეთავაზებას ვთანხმდებოდი, ვმუშაობდი როგორც ბარტერით, აგრეთვე ზოგჯერ უსასყიდლოთაც, ვთანამშრომლობდი ტელევიზიებთან და ჟურნალებთან, შოუბიზნესშიც აღმოვჩნდი, სადაც უკვე ცნობილ ადამიანებს ვმოსავდი. 

ბევრს მიაჩინა, რომ პირადი სტილისტი ეს უბრალოდ ადამიანია, რომელიც სწორ ზედას თუ ქვედაკაბას შეგირჩევს, მას სწორ ფეხსაცმელსა და აქსესუარს შეუხამებს და შენ უკვე გეცოდინება როგორ ჩაიცვა. სინამდვილეში, გამოცდილების მიღებასთან ერთად გავაცნობიერე, რომ გარდერობის ცვლილება, ადამიანების ცხოვრების შეცვლასთან ასოცირდება. შევატყვე, რომ როდესაც ცხოვრებაში დიდი ცვლილებების პერიოდი დგება, ადამიანის ჩაცმის სტილიც მასთან ერთად გადასხვაფერდება ხოლმე. 

მაშინ ერთ რამესაც მივხვდი, ამის გაკეთება პირიქითაც არის შესაძლებელი, ადამიანის გარდერობის შეცვლით მისი ცხოვრების გარდაქმნის ძალაც შემწევდა.

გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ცოდნა ფსიქოლოგიის განხრით მივიღე, გადავწყვიტე უფრო ღრმად ჩამეხედა ამ მეცნიერებაში და ახალ პროფესიაში გამომეყენებინა. ტანსაცმელი ადამიანებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

რა მნიშვნელობა ენიჭება პირადი, ინდივიდუალური სტილის სწორად მიგნებას?

პერსონალური სტილი პირველ ყოვლისა საკუთარი სხეულის, საკუთარი მე-ს პოვნას ეხება, როდესაც ვიწყებთ იმაზე ფიქრს რა მომწონს ან რა არ მომწონს, რა ფერი უხდება ჩემს კანს, რაში ვგრძნობ თავს კომფორტულად, ადამიანი სამოსის დახმარებით უფრო და უფრო მეტად იწყებს საკუთარ თავთან გაცნობას. თუ ვერ გავიცნობთ ჩვენსავე სხეულებს და ვერ გავიგებთ ბოლომდე რა გვინდა, შეიძლება ცხოვრება ისე განვლიოთ, თითქოს უცხო სხეულში ვიმყოფებით და მისი გაცნობა ერთხელაც ვერ მოვახერხეთ.

რა უნდა ვიცოდეთ საკუთარი თავის შესახებ, რათა სწორად შევარჩიოთ ჩვენზე მორგებული ინდივიდუალური სტილი?

ამ ყველაფრის გასაგებად საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა უნდა დავუსვათ, პირველი იქნება პასუხი შეკითხვაზე რა მიხდება, რომელიც უნდა ვეძებოთ, გავიგოთ რა გვიხდება, როგორი ვარცხნილობა გამოკვეთს ჩვენს ნაკვთებს, რომელი ფერები შეეფერება ჩემს კანს, ამის შემდეგ მოდის კითხვა რა მომწონს: რა მომწონს სამოსში, როგორი ფორმები და სილუეტები, ფაქტურა, სიგრძე, პრინტები და აქსესუარები, რომელი ცნობილი ადამიანის სტილი მომწონს ან სულაც არ მომწონს და რატომ.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც თუ როგორ ვატარებთ ჩვენს ერთ ჩვეულებრივ დღეს, თუმცა არა ილუზიებზე დაყრდნობით და იმაზე ფიქრით რა იქნებოდა, არამედ ობიექტურად. როდესაც ჩვენი ცხოვრების ტემპს თანმიმდევრულად მივყვებით, გავიგებთ იმასაც რა სახის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები გვჭირდება.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მიზნები და ოცნებები, როდესაც გვაქვს მიზანი, რომლისკენაც მივდივართ, მას ჩვენს გარდერობშიც ავსახავთ, ჩვენი პიროვნულობა საუკეთესოდ აირეკლება ჩვენს სამოსზე.

ცნობილი ადამიანების მაგალითზე რომ გვიამბოთ, რა მნიშვნელობა ენიჭება პირად სტილისტს მათ ცხოვრებაში და ყველაზე რადიკალურ გარდასახვებს თუ გაიხსენებთ…

ძალიან ბევრი მახსენდება, რეალურად, თითოეული ცნობილი ადამიანი, რომელსაც დღეს სტილის სიმბოლოდ მივიჩნევთ, სტილისტთა გუნდის პროდუქტია, ცნობილები ზუსტი მითითებების გარეშე სახლიდან არ გადიან. შეიძლება გადავეყაროთ სადმე პაპარაცულ ფოტოს, რომელზეც ყავის მაღაზიიდან გამოსული სელებრითია ასახული და მისი ქუჩის სტილით მოვიხიბლოთ, თუმცა ამ ლუქის მიღმა დიდი შრომა და ფიქრი დგას, მის მიღმა ადამიანები დგანან.

მეგან ფოქსი, ძალიან ეფექტური და მიმზიდველი მსახიობი, რომელიც სამყარომ ფილმ ტრანსფორმერებიდან გაიცნო, მართალია ის ძალიან ლამაზი ქალია, მაგრამ ის მოდურ სტილთან არასდროს ასოცირდებოდა, წლების განმავლობაში მეგანი ეკრანებიდან გაქრა და დრო ოჯახს და შვილებს მიუძღვნა, მაგრამ გახსოვთ როგორი იყო მისი დაბრუნება? დიახ, დიდი ხნის შემდეგ მან სწორედ სტილისტების დახმარებით მოახერხა და იქცა ჰოლივუდის სექს სიმბოლოდ, წითელი ხალიჩების მოვლენად და ტრენდების დამფუძნებლადაც კი.

რჩევა, რომელსაც ჩვენს მკითხველს გაუზიარებდით არის...

თუ კბილი აგტკივდებათ აუცილებლად წახვალთ სტომატოლოგთან, თუ ფიზიკური პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, ექიმს მიაკითხავთ დანიშნულების გამოსაწერად, თმის შესაჭრელად სილამაზის სალონში ჩაეწერებით, მაშინ რატომ მიაჩნია დღემდე ბევრს, რომ თავად შეუძლია შეიმოსოს? ის ფაქტი, რომ ჩვენ თავად შეგვიძლია შევარჩიოთ სწორად სამოსი, ხშირად ილუზიაა და ხშირად ტანსაცმელი ადამიანის სამყაროს სულაც არ იმეორებს. გირჩევდით ამ კითხვაზე დაფიქრდეთ და მისცეთ საკუთარ თავს სტილისტთან მუშაობის საშუალება.

ფოტო: Studio 54

ზევით