#მოგზაურობა

მსოფლიოს ზღაპრული სანაპიროები

გაზიარება:

ევროპის დახვეწილი, თუ აზიისა და აფრიკის თვალუწვდენელი პლაჟები, TheDiary-ს რედაქცია მსოფლიოს ყველაზე ზღაპრულ სანაპიროებს წარმოგიდგენთ.

PLAYA PARAISO

Playa Paraiso (სამოთხის სანაპირო) მცირე კუნძულია კარიბის ზღვაში, კუბას სამხრეთ სანაპიროზე. ქათქათა ქვიშა და სანაპიროს კრისტალურად სუფთა წყალი ხელუხლებელს ჰგავს, თითქოს ადამიანს ჯერ აქ ფეხი არ დაედგას. არადა ჯერ კიდევ 1494 წელს აქ თავად კრისტოფერ კოლუმბმა შეიარა, განა საზაფხულო არდადეგებზე, არამედ ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, როდესაც ის ახალი სამყაროს აღმოჩენით იყო დაკავებული.

Playa Paraiso, CUBA

სამოთხის სანაპირო ნამდვილად იდეალური მათთვის, ვისაც ტურისტების ალიაქოთი მობეზრებული აქვს, ეძებს მშვიდ მხარეს, უყვარს წიგნის კითხვა და ბუნებით ტკბობა. ეს ადგილი ასევე ველური ბუნებისა და დაივინგის მოყვარულებს მოეწონებათ. აქვე იგუანებს და გიგანტურ ზღვის კუებს აღმოაჩენთ. ასე რომ, თუკი ჯერ კიდევ ზაფხულის არდადებების დაგეგმვის პროცესში ხართ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, გააღეთ სამოთხის კარები.

DUNE DU PILAT

ბორდოდან 1 საათის სავალზე, შუაგულ ევროპაში, ფიჭვებში ჩამალულ უდაბნოს იპოვით.  „დიუნ დი პილა“ საგანძურით დაფარულ ადგილს ემსგავსება შუაგულ მზეში, როდესაც მზის სხივები ზემოდან დააცხრებიან საფრანგეთის ამ პატარა სამოთხეს. ითვლება რომ საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია და „დუნე დუ პილა“ ამის ნამდვილი დასტურია.

Dune du Pilat, France

ჩვენ გირჩევთ ღამის გასათევად ბორდო აირჩიოთ, ზღაპრული დიუნისა და უგემრიელესი ხამანწკების დასაგემოვნებლად კი აუცილებლად ამ ჯადოსნურ ადგილს ეწვიოთ.

MARATHONISI

„კუს ტბა“ - ასე უწოდებენ საბერძნეთის კუნძულ მარათონისს, რომელიც იონიის ზღვაზე მდებარეობს და ზაკინთოს ნაციონალურ საზღვაო პარკს მიეკუთვნება. თბილისის კუს ტბისგან განსხვავებით, აქ ნამდვილად ნახავთ ნამდვილ კუებს, თან კუნძულსაც კუს ფორმა აქვს თავად. ამ სანაპიროზე მოხვედრის ბედნიერება თუკი გეწვიათ, ღრმად ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი, რომელსაც ფიჭვნარის ტყე უზრუნველყოფს და დატკბით ბუნებრივი სანახაობით.

Marathonisi, greece

გასართობად, ღამის გასათევად და რუჯის მისაღებად კი არანაკლებად ლამაზ ზაკინთოსს კუნძულის სანაპიროს მიმართეთ. ცნობისთვის, თქვენ უფლება არ გაქვთ მარათონის ნამდვილ მეპატრონეებს, გადაშენების პირას მყოფ ზღვის კუებს ხელი არ შეუშალოთ გამრავლებასა და არსებობაში.

ANSE SOURCE D'ARGENT

ფირუზისფერი წყალი, ოქროსფერი ქვიშა, ქოქოსის პალმები და შთამბეჭდავი ლოდები - ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სანაპირო „ანსე სურს დ'არჯანია“. სეიშელის ერთ-ერთ უდიდეს საგანძურს ერთი მხრიდან კრისტალურად სუფთა ლაგუნა ესაზღვრება, მეორე მხრიდან კი ტროპიკული ტყე. როგორც კი მზე ჩასვლას დაიწყებს, ტროპიკულ ტყეს შეეფარეთ თავი, რათა ხეებისა და მზის სხივების ჩრდილების თამაშით შექმნილი მაგიური სანახაობის მხილველი გახდით.

ANSE SOURCE D'ARGENT

ბაუნტის, ბაკარდის, კამპარის რეკლამა სწორედ ამ სანაპიროზე გადაღებული და თვით ტომ ჰენკსიც კი ფილმში Cast Away.

ზევით